დიახ, დღეს 28 თებერვალია, თებერვლის და ზამთრის ბოლო დღე. ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, სადაც იანვარში ეკონომიკის ვარდნამ საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ ყველაზე დრამატული მაჩვენებელი – 11, 5% შეადგინა. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც კორონავირუსის შედეგად კატასტროფულად დიდი რაოდენობის 3 510 ადამიანის სიცოცხლე დავკარგეთ. ეს ფასი გადავიხადეთ იმისთვის, რომ ახალი პარლამენტი და პოლიტიკური განახლება მიგვეღო და უკიდურესი კონფრონტაცია ისტორიისთვის ჩაგვებარებინა. ამაოდ. ხალხის უმრავლესობა შიმშილობს, ერთპარტიულ პარლამენტს, შიდა პოლიტიკურ კრიზისს, ოპოზიციის ლიდერის ციხეში გამომწყვდევა და მასობრივი საგარეო პოლიტიკური “დაბომბვა” ემატება. მთელი სახელმწიფო რესურსი ვაშინგტონისა და ბრიუსელის წინაშე თავის მართლებისთვის ცდება და ამ ფონზე ცხადია არავინ ცდილობს უმაღლესი დონის პოლიტიკური და დიპლომატიური არხების გამოყენებას იმისთვის, რომ ან ამერიკელებს, ან ევროპელებს საკუთარი მარაგებიდან, ჩვენთვის ასე საჭირო, თუნდაც სამედიცინო პერსონალისთვის აუცილებელი ვაქცინის მცირე რაოდენობა ვაწილადებინოთ.
დღეს თებერვლის ბოლო დღეა, საქართველოში არცერთი ვაქცინა არ გვაქვს, კომენდანტის საათი ყველასთვის მოქმედებს ოცნების ელიტის გარდა და ჩვენი მთავრობის მორიგი ტყუილის ბოლო დღე ჩავხურეთ. გახარიას დაპირებები ესტაფეტად ღარიბაშვილმა გადაიბარა, მან ელვის სისწრაფით “კონსტიტუციური წესრიგი აღადგინა”, “სამართლებლივი სახელმწიფოს” სიკაშკაშემ ისე დაუბრმავა თვალები ჩვენს ძველ და გამოცდილ მეგობრებს, რომ აქაური მცირედ, უფრო სწორედ – რთულად მორწმუნეებისთვისაც კი ნათელია სურათი – მთელი ქვეყანა როგორ დავშორდით დასავლეთს და არსობრივად მივუახლოვდით რუსულ სივრცეს. ოცნების წესრიგი: ანუ თავისიანებისთვის ნებადართული კანონის დარღვევა, სხვებისთვის კანონის სრული სიმკაცრე და გამაჩანაგებელი ჯარიმები. ამ წესრიგის ნაწილია პოლიტიკურ ოპონენტებზე, ან უბრალოდ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებზე ძალადობის წახალისება, ჟურნალისტის ქუჩაში ცემა და შეურაცხყოფა. ამ წესრიგის სუსხის მიუხედავად ვნახეთ ქუჩაში გამოსული ხალხი და კარვები, რომელთა მოცულობაც უკმაყოფილების სიგნალის გასაგზავნად სრულიად საკმარისი, მაგრამ ამ თავსმოხვეულ ავტორიტარულ და ანტისოციალურ წესრიგთან შეუგუებლობის ტემპერატურის გასაზომად აშკარად არასაკმარისი.
არადა უკმაყოფილება ყველა სფეროსა და ფენაში დიდია: ეს თუნდაც დღეს, სხვადასხვა ქალაქში საწვავის ფასების მატებით, წყობიდან გამოსული მძღოლების მასობრივ მსვლელობებში, მაგისტრალების გადაკეტვასა და ხმაურში გამოიხატა, ხოლო ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო მრავალათასიან მიტინგში აისახა. ამ მიტინგზე ერთმანეთის გვერდიგვერდ ისეთი ჯგუფები და ადამიანები იდგნენ, რომელთაც ერთი შეხედვით საერთო არაფერი აქვთ. მთავარი ისაა, რომ საპროტესტოდ ქუთაისი გამოვიდა: ქუთათურებმა თვალნათლივ წარმოიდგინეს, როგორ ინგრევა კაშხალი, როგორ იძვრება უზარმაზარი წყლის მასა და რამდენიმე მეტრიანი ტალღა გადაუვლის მათ სახლებს და რეაქციაც სახეზეა – არცერთი პოლიტიკური შინაარსის მიტინგი ბოლო წლებში ამ ქალაქში, ამ მასშტაბის არ ყოფილა. აი რას შვება რიგითი ადამიანების სატკივარის არამარტო სწორად დანახვა და გათავისება, არამედ მათთვის გასაგებ ენაზე მიტანა და კავშირის ჩვენება. აქ შეგნებულად სიტყვა კომუნიკაციასაც კი არ ვახსენებ, იმიტომ რომ ბევრისთვის ეს სიტყვაც უცხო და გაუგებარია. არადა ქუთაისელებისთვის მიწოდებული კაშხლის ნგრევის პერსპექტივის სურათისა არ იყოს, არანაკლები საფრთხის წინაშე ვართ, არათუ წინაშე, შეიძლება ვთქვათ, რომ უკვე ღრმა კრიზისში ვიმყოფებით. გავიმეორებ 3 ციფრს, რომელიც ამ კატასტროფას ასახავს: 3510 მხოლოდ ვირუსისგან გარდაცვლილი და ეს რამდენიმე თვეში ამ პატარა ქვეყანაში, 11,5% იანი ეკონომიკური ვარდნა, ანუ გაღატაკება მხოლოდ იანვრის მონაცემით და 0 !! დიახ ნული ერთეული ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. მხოლოდ ეს ციფრები, დამატებული ბოლო დღეების დაჭერები და ძალადობა მეტყველებს იმ ხალხის უკიდურეს არაკვალიფიციურობასა და სახელმწიფოებრივ ინფანტილიზმზე, რომელთაც დღეს ჩვენი ქვეყნის ბედი აბარიათ და რომლის შედეგიც ქუთაისელების მიერ წარმოდგენილი და დაჯერებული ნიაღვარის მსგავსად ეკონომიკური და სოციალური ცუნამით ემუქრება ყველას მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური სიმპატიებისა. აი ამ ცუნამის დანახვა და გააზრებაა დღეს მთავარი, მათ შორის იმათთვის, ვინც რამდენიმე თვის წინ ოცნების ალტერნატივას არჩევნებში მხარი დაუჭირა, და იმათთვისაც, ვინც საერთოდ არ გულშემატკივრობს დღევანდელ ოპოზიციას. ცუნამი ყველას გვეხება და შეგვეხება და მას პოლიტიკური გემოვნება არ აქვს!
გიორგი თარგამაძე.