ქართლელის კაცისთვის გურიაში ნადირობა შეუძლებელია, რადგანაც იგი მიჩვეულია თავიანთს ფრინველისა და ნადირის ახლოს მიპარებას

გურიაში ბუნების სიჩქარემ ბუნებავე აამძლავრა; ამ ქარ-მძლავრმა ბუნებამფრინველ-ნადირი დააფეთა და მით სიჩქარე აუსწრაფა მათ; ამან ადამიანის წყნარი ხასიათი შეაფწინა და შეაძრწუნა, ე.ი. შესცვალა. რასაკვირველია, შეძრწუნებულმა ისწრაფა და ხელში თოფი მყისვე შესწკიპ-უნიშნა მოსაკლავათა და ამით თვით ფრინველი უფრო დაფრთხა, და დაფრთხალის ფრინველის დანახვა მონადირესგანა უფრო სასწრაფოდ სამოქმედო შეიქნა, რომ დანახვისთანავე ესროლოს და მოკლას ის, რასაც ეძებდა.
ქართლელის კაცისთვის გურიაში ნადირობა შეუძლებელია, რადგანაც იგი მიჩვეულია თავიანთს ფრინველისა და ნადირის ახლოს მიპარებას. ქართლში ჩახმახის კვრაზე თოფი რომ არ ვარდება, ფრინველი მაინც არ ირჯება, არ ისწრაფის გასაქცევად; მონადირე ხელ-მეორედ უმიზნებს და ისვრის; თუ მოარტყა – ან მოჰკლამს, ან დაჰკოდამს და თუ ვერ მოარტყა, ჰე, მაშინ ირჯება დინჯი ფრინველი, რომ მოშორდეს და იმ თოფის ხმით, ხიფათს ასცილდეს. გურიაში კი არ მიიპარებს და მიუპარებელს ფრთხალს ფრინველს ქართლელი ხომ სწრაფათ ვერც ნიშანში ამოიღებს. ახალციხიდგან სამხედრო მონადირეთა რაზმი ხშირად გადმოდის გურიაში სანადიროთა და ღორს ნადირობენ ხოლმე. ისე უჭირთ აქ ღორის მოკვლა, რომ 24 კაცი ახალციხეში თუ 10 ღორს მოჰკლავს, აქ ორის მოკვლაც უძნელდებათ ხოლმე. ეს იმათ ძალიან აკვირვებს, რომ არ გვიპარებს ახლო აქაური ღორიო, რა საძნელო ყოფილა მისი მოკვლაო. ლეღვაელი და ქობულეთელი თათრები კი ზოგჯერ 20 ღორსაც მოჰკლავენ ხოლმე გურულებთან ერთათ. ამ გარემოებითაც აიხსნება ის, რომ ყოველ მხარეს თავისდა გვარი ბუნების მიხედულობით ხალხი და ნადირ-ფრინველია და ურთიერთის ამბავი და ხასიათი ისევ შინაურ ერთ-მხრელებს ეცოდინებათ და არა უცხოთა.
ჟურნალი ,,მოგზაური”, 1901.
სურათი შეიძლება შეიცავდეს: 1 ადამიანი, დგომა, წვერი და ღია ცის ქვეშ
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share