დღეს, 6 აპრილს საქართველოს მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ქვეყნის განვითარებისა და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმას შეიმუშავებს.
7 წლის წინ, 2014 წელს, ისევ ირაკლი ღარიბაშვილის მმართველობის ქვეშ, საქართველოს მთავრობამ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია “საქართველო 2020” დაამტკიცა და მასში წარმოადგინა სამომავლო პროგნოზები, თუმცა ამ პროგნოზების დიდი ნაწილი არ შესრულდა.
2014 წლის ანგარიშში გამოყოფილია ორი მნიშვნელოვანი ასპექტი ქვეყნის განვითარებისთვის, ესენია: ეკონომიკის რეალური (წარმოების) სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული სწრაფი და ეფექტიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და ევროკავშირში ინტეგრაცია, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია შემდეგ საკითხებზე:
1. უმუშევრობის შემცირება
2014 წლის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს უმუშევრობა უნდა შემცირებულიყო და 12 პროცენტზე ქვემოთ ჩამოსულიყო, მაშინ, როდესაც 2020 წელს უმუშევრობამ 18.5 პროცენტს მიაღწია, აქედან მეოთხე კვარტალში – 20.4 პროცენტი. ამ ნიშნულზე დიდი გავლენა მოახდინა პანდემიამ, თუმცა გასულ წლებშიც, პრეპანდემიურ პერიოდში უმუშევრობის დონე მაინც მაღალია, 2019 წელს 17.6 პროცენტი, 2018 – 19.2 პროცენტი, 2017 – 21.6 პროცენტი.
2. მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება
ანგარიში სამომავლოდ მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასაც ვარაუდობდა. მეორე მხრივ, გუშინ, 6 აპრილს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ახალი კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 63 პროცენტი ამბობს, რომ მათი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ამ მხრივ მდგომარეობა არ შეცვლილა 2015 წლისგან, განსხვავებით იმისა, რომ 2020 წლის თებერვალში 1 პროცენტზე ნაკლები ამბობს, რომ მათი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო 2015 წელს – 7 პროცენტი.
3. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნება
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მონეტარული პოლიტიკის მთავარი მიზანი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნება იქნებოდა, რაც ნიშნავს 3%-მდე ჩამოსვლას. მეორე მხრივ, წლიური ინფლაციის დონემ 2021 წლის მარტში 7.2 პროცენტი შეადგინა, რაც 2011 წლის მარტის (13.9%) შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
4. სახელმწიფო საგარეო ვალის 40%-ზე ქვემოთ ჩამოყვანა
ანგარიშის მიხედვით, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში საქართველოს მთავრობის მიზანი იქნებოდა სახელმწიფო ვალის სტაბილური დონის შენარჩუნება მშპ-ს 40%-ის ქვემოთ. ეს კი საშუალოვადიან პერიოდში ფისკალური დეფიციტის კლების ტენდენციით მიიღწეოდა. მეორე მხრივ, 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 9.7 მლრდ აშშ დოლარი, რაც 31.9 მლრდ ლარია და შეადგენს მშპ-ს 61.3%-ს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველომ გადააჭარბა ეკონომიკური თავისუფლების შესახებ მოქმედი ორგანული კანონით გათვალისწინებულ ლიმიტს – ამ კანონის მიხედვით მშპ-სთან მიმართებით ვალი 60%-ზე მეტი არ უნდა იყოს.
5. ლარის კურსის გამყარება
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა მეზობელი ქვეყნების ეკონომიკაზე უფრო სწრაფად უნდა გაზრდილიყო, რასაც განაპირობებდა გრძელვადიან პერიოდში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება. ამისათვის, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში რეალური გაცვლითი კურსი მწარმოებლურობის ზრდის ტემპზე ნაკლები ტემპით უნდა გამყარებულიყო. მეორე მხრივ, ბოლო მონაცემებით, 1 აშშ დოლარის კურსი 3.417 ლარით განისაზღვრა, ეს ეროვნული ბანკის 2021 წლის რიგით მეხუთე სავალუტო ინტერვენციის ფონზე, რის შედეგადაც ჯამში 187 500 000 აშშ დოლარი გაყიდა.
6. ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის უზრუნველყოფა
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული იქნებოდა მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მისი ხარისხის გაუმჯობესება, ამისათვის სამედიცინო სერვისსა და მედიკამენტებზე ფინანსური ტვირთის შემცირება იგეგმებოდა. მეორე მხრივ, წინა წელთან შედარებით, 2021 წელს ჯანმრთელობის დაცვა 13.6%-ით გაძვირდა. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (21.3%-ით) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12%-ით) ქვეჯგუფებზე
7. მიმდინარე ანგარიშების დეფიციტის შემცირება
ამასთან ერთად ვკითხულობთ, რომ მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი 2020 წლისთვის 6%-ზე ნაკლები უნდა ყოფილიყო. მეორე მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წინა წელთან შედარებით გაორმაგდა და 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 12.3%-ს შეადგენს. პანდემიის შედეგად დაწესებულმა შეზღუდვებმა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, შემცირდა შემოსული უცხოური სავალუტო ნაკადები რაც ცხადია ნეგატიურად აისახა საგადასახდელო ბალანსზე.
8. სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და მოსამართლეთა შემდგომი პროფესიული განვითარება.
2014 წელს სამომავლოდ იგეგმებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და მოსამართლეთა შემდგომი პროფესიული განვითარება. მეორე მხრივ, 2021 წლის 30 მარტს გამოქვეყნებულ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია თვითნებური დაკავებებისა და პოლიტპმატიმრების მზარდ რიცხვზეც და მითითებულია იმ გავლენიან, არაპროგრესულ მოსამართლეების ჯგუფზე, რომელსაც “კლანად” მოიხსენიებენ”. ასევე, მოყვანილია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს 23 ოქტომბერს გამოქვეყნებული ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სასამართლოს მსგავსი მოსამართლეების ჯგუფი მართავს.
9. ინვესტიციების ზრდა
2014 წლის ანგარიშის მიხედვით, მოელოდნენ ბიზნესის გაფართოებასა და დივერსიფიკაციას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, უცხოური ინვესტიციების ნაკადების გაზრდას, ამასთან ერთად, ინვესტიციების წილი 2020 წლისთვის მშპ-ს 35%-ი უნდა გამხდარიყო. მეორე მხრივ, 2020-ში საქართველოში უცხოური ინვესტიციები რეკორდულად შემცირდა. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტიანი კლებაა 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. BMG-ისმიხედვით,ასეთი მცირე მოცულობის ინვესტიციები საქართველოს 2008-2009 წლებშიც კი არ ჰქონია, როდესაც ქვეყანაში ომის შემდგომი პერიოდი იყო. ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს FDI 15-წლიან მინიმუმამდე შემცირდა.
“ტაბულა”