ბათუმის ლელო
გურიაში ლელოს ოდითგანვე თამაშობდნენ, თამაში აღდგომის დღეს ან კვირაცხოვლობას ანუ აღდგომის შემდგომ კვირა დრეს იმართებოდა, ლელოს გურიის სხვადასხვა სოფელში სხვადასხვა სახელს ეძახოდნენ – „ლელო ბურთი“, „ღლეტია ბურთი“, „გატანია ბურთი“. ასევე ლელოში შერკინებისას სხვადასხვა სოფლები ერთიანდებოდნენ, მაგალითად მდინარე აჭის ჭალაში გატანია ბურთს თამაშობდნენ ერთის მხრივ ლიხაურლები, ხოლო მეორეს მხრივ გაერთიანებული ექადიელები და მაკვანეთლები. ექადიელებსა და მაკვანეთლებს ბურთი ექადიის წმინდა გიორგი ეკლესიამდე უნდა მიეტანათ, ხოლო ლიხაურლებს ლიხაურის ეკლესიამდე. დღეისათვის ლელოს ტრადიცია მხლოდ სოფელ შუხუთშია შემორჩენილი, რისთვისაც ამ სოფლის მოსახლეობას დიდი მადლობაც ეთქმის.
გარდა სოფლებს შორის ლელოს თამაშისა, განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო გურულებსა და მეგრელებს შორის ლელოს თამაში. ცნობილია 1881 წლის ფოთის დიდი ლელო ბურთი სადაც ერთმანეთს გურულები და მეგრელები შეერკინენ. გარდა ფოთისა კვირაცხოვლობას გურულებსა და მეგრელებს შორის ტრადიციული ლელო იმართებოდა ბათუმშიც.
1890 წელს გაზეთი ივერია წერდა – „აქაური ქართველობა შეიკრიბა კახაბრის მინდორზედ და დაიწყეს ბურთაობა. მაყურებლადაც ბევრნი იყვნენ მოსულნი“ თუმცა ხალხის სიმრავლემ პოლიციის უფროსის ყურადღება მიიპყრო – „როცა პირველად გამოვარდა ბურთი, მოვიდა ბოქაული ყაზახებით და სთხოვა ხალხს, მომეცით ბურთი, უფრო შუა ადგილას ავაგდებო. ბურთი მისცეს. მან ბურთი ყაზახებს გადასცა და პოლიციაში წააღებინა: ბურთის თამაში არ შეიძლება, აკრძალულიაო. ხალხმა სხვა ბურთი იყიდა და ახლა ის ააგდო. მოვიდა მას უკან პოლიციის უფროსი და დაუშალა ხალხს ბურთაობა. მან მოიყვანა ცეცხლისმქრობელნი ცეცხლის ქრობის მოწყობილობით და უბრძანა, გაწუწეთ ხალხი და დაიშლებაო. ხალხს ხუმრობა ეგონა გაწუწვა თავისი და ჟივილ-ხივილით მისცვივდნენ ცეცხლის მქრობელთ, რომ წაერთმიათ მაშინები და ახლა ისინი გაეწუწათ. ამ ბღლანძუნობაში სულ ერთიანად წახდა მაშინები და თვით პოლიციის უფროსსაც ატკინეს თვალი.” ბოლოს საქმეში სამხედრო გუბერნატრის თანაშემწე თავადი ერსითავი ჩაერია, რომელმაც სთხოვა მიეცათ ხალხისათვის თამაშის უფლება, რის შემდეგაც ლელოს თამაში გაგრძელდა.
1898 წელს ლელოს თამაში ბათუმიდან დასავლეთით ვერსტნახევარზე „ბატარეასთან“ დიდ მინდორზე გამართულა, გაზეთ „ცნობის ფურცელში“ 1899 წელს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით – „კვირაცხოვლობას ჩეულებრივი ბურთაობა იყო ბათუმში, მეგრელებსა და გურულებს შუა. ბურთაობა დიდს და განიერ მინდორზე იყო ქალაქ ბათომიდან სამნახევარი ვერსის მანძილზე დასავლეთის მხარით კახაბერში, ქალაქის გარეთ, სადაც დიდძალი საზოგადოება შეიკრიბა, ზოგნი მოთამაშენი და ზოგნი კიდევ მაყურებელნი ბურთაობისა; დიდსა და გაშლილ მინდორზე გადაჭრელებული იყო დიძალი ხალხი, სამი საათიდან მოკიდებულ საღამოს შვიდ საათ-ნახევრამდე.“
1899 წელს ლელოს თამაშში გურულების და მეგრელების გარდა ბათუმის მთელი მოსახლეობა იყო ჩართული მიუხედავად ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა, რამაც ლელოს თამაშს ფართო საზოგადოებრივი დანიშნულება მისცა და გამოარჩია ბათუმის ლელო სხვებისაგან – „დიდ უზარმაზარ ბურთს დაატარებდნენ სამი საათიდან ხუთის ნახევრამდე და ხუთის ნახევარზე ჩააბარეს ერთ პატიოსან პირს, რომელმაც ეს ბურთი წაიღო თავის ხელით და დააგორა დანიშნულ ლელოს შუაგულზე და თან მიაკიჟინა: „არიქა ყმაწვილებო ვაშა ვაშაო, ლელო დასავლეთით მეგრელებისა და ხონელებისააო და აღმოსავლეთით გურულების, თათრების და სომხებისაო!“
ბათუმის ლელო ყოველთვის ამ სახალხო თამაშისათვის ტრადიციულად დაძაბულ და უკომპრომისო ბრძოლაში მიმდინარეობდა – „შეიქნა ყიჟინა, ვაშას ძახილი და წაიღეს პირველად ბურთი მეგრელებმა თავიანთ ლელოსაკენ და თითქმის ღელეზე მიიტანეს, მაგრამ ჩარხი უკუღმა დატრიალდა. გურულებმა იბრუნეს ბურთი თავიანთ ლელოსკენ და მიაყიჟინეს – არიქა, ყმაწვილებო ვაშა და გამარჯვება ჩვენსკენააო! მაგრამ დახე იღბალს, ბურთი ისევ მეგრელებმა გადმოიტანეს თავის მხარისკენ, მაგრამ ამ დროს ბურთი გადავრდა პატარა მდინარეში, სადაც არშნის სიმაღლეზე წყალი იდგა, თქვენც არ მომიკვდეთ, წყალმა არცერთი მხარე არ შეაშნა. მაშნათვე ჩაცვივდნენ გურულები და მეგრელები და გაიმართა ბრძოლა წყალზე. მთელი ერთი საათი ბურთი წყალში იყო, ბოლოს ისევ მეგრელებმა იგდეს და გასწიეს ლელოსკენ და მართლაც გაიმარჯვეს“. 1899 წელს გამარჯვება მეგრელების მხარეს დარჩა, რომლებმაც თავიანთ ლელოსთან მიტანილი ბურთი დასჭრეს პატარპატარა ნაწილებად და გაინაწილეს გამარჯვების სამახსოვროდ.
ბათუმის ლელოს დამთავრების შემდეგ ტრადიციულად მობურთალებისა და მაყურებლებლების უზარმაზარი კოლონა საზეიმო მსვლელობით – სიმღერით, ცეკვათამაშით და ვაშას ყიჟინით ბრუნდებოდა ბათუმში.
მომზადებულია კახა ჩავლეშვილის მიერ – 1890-1898-1899 წელს გაზეთ „ივერიასა“ და „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით.