აუდიტორია: მკითხველი ჭანჭათიდან – რა ხდება სოფელში

ჩემი განცდები
დავიბადე და გავიზარდე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ს. ჭანჭათში. სკოლის დამთავრების შემდეგ 1958 წ საცხოვრებლად გადავედი ქ.თბილისში, სადაც ჩამოვყალიბდი, როგორც პიროვნება, როგორც სპეციალისტი. სპეციალობით ვარ ეკონომისტი, ექსპერტი. მრავალი წელი ვემსახურებოდი ქვეყნის ეკონომიკურ დარგს და არც თუ ურიგოდ. მქონდა შემოთავაზება ქ.მოსკოვში მემუშავა. მაგრამ, ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის სიყვარულმა დამძლია და დავრჩი საქართველოში.
ამჟამად, პენსიონერი ვარ და დავბრუნდი მშობლიურ სოფელში. ვშრომობ საკუთარ კარ-მიდამოში. კალამი ხელში ამაღებინა გრძნობამ, რომელსაც სამშობლოს და ხალხის სიყვარული ჰქვია. და მინდა ჩემს სოფელს, ჩემს ქვეყანას დავეხმარო იმ სირთულეების, იმ პრობლემების გადალახვაში, რომლის ნაკლებობასაც ქვეყანა ნამდვილად არ განიცდის.
კარგად მახსოვს ე.წ. კომუნისტური მმართველობის პერიოდი, თავისი პლიუსებით და მინუსებით.
გავიხსენებ, ჩვენი საყვარელი მწერლის ნოდარ დუმბაძის „მარადისობის კანონი“-დან ეპიზოდს მწერლის და მწყემსის დიალოგიდან, სადაც მწყემსი ეუბნება მწერალს, რომ „თქვენ კომუნისტებმა ეკლესიები, რომ დაანგრიეთ, სადაც ხალხი ქუდმოხდილი შედიოდა“-უკეთესი უნდა აგეშენებინათო.
სამწუხაროდ, უკეთესი ვერაფერი ავაშენეთ, ხალხს თავზესაყრელად აქვს პრობლემები, უმუშევრობა, სიღარიბე, ცხოვრების დაბალი დონე. მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი სიღატაკეში ცხოვრობს, შიმშილობს. გარდა დეკლარირებული „დემოკრატიისა წინსვლა არ არის, პირიქით დაბლა ვეშვებით. მასიურმა უმუშევრობამ ხალხი უცხოეთში გადახვეწა.
ახლა მინდა ჩემი სოფლის პრობლემებზე ვისაუბრო:
უვარგისია რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი გზა, სოფელი მთა-გორიანია და შიდა გზები მოითხოვენ მეტ ყურადღებას. ალაგ-ალაგ დაგებულია ბეტონის საფარი, მაგრამ უხარისხოა, პერიოდულად ხდება შიდა გზების მოშანდაგება, მაგრამ წვიმის გამო, ხშირად ირეცხება და ყველაფერი თავიდანაა გასაკეთებელი. არ ხდება საყოფაცხოვრებო ნაგავის სოფლიდან გატანა, რის გამოც არსებობს ეპიდემიის საშიშროება.
მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდება სასმელი წყალი, პროექტი არსებობს, მაგრამ შედეგი ნულია.
აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად მივმართეთ მერიას (ბატონ ა.სარიშვილს), მაგრამ დარჩა „ჩვენი ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.
ე. შევარდნაძის პერიოდში ( ვისი ინიციატივით, ჩვენთვის უცნობია) ჩაის მრეწველობის აღორძინებისთვის საქართველოში შემოიყვანეს გერმანული ფირმა „ბაუერი“, მაგრამ მოხდა საპირისპირო, ჩაის მრეწველობა განადგურდა და ჩვენი სოფლის ახალგაზრდობა ჩაის საკრეფად თურქეთში დადის.
აღნიშნული საკითხი შესასწავლია“.
ჯერჯერობით აქ შევჩერდები.
მავანნი იმედია გაითვალისწინებენ ჩვენს პრეტენზიებს.
პატივისცემით ომარ გოგუაძე (ქომაგი).
ლაზნჩხუთის მუნიციპალიტეტი. სოფელი ჭანჭათი;

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share