ვასილ ჩიგოგიძესა და ნინო წილოსანს ჩოხატაურში დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ

“რამდენჯერ დაგვპირდა მთავრობა, იმდენჯერ გადაგვაგდო. გადაგდება ხომ მათი ხელწერაა” – აქცია სურებში

პარლამენტარების ვასილ ჩიგოგიძისა და ნინო წილოსანის კრიტიკით დაიწყო დღეს აქცია ჩოხატაური მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში ადგილობრივებმა

დღეს 14 საათზე სუფსის ხეობის მაღალმთიანი სოფლების ასზე მეტი მაცხოვრებელი შეიიკრიბა პროტესტის ნიშნად დაბა ჩოხატაური სოფელ სურების გზის სოფელ დიდივანი სურების საზღვარზე გზის გაკეთების მოთხოვნით

აქციის მონაწილეებმა ერთი საათით ცენტრალური გზაც გადაკეტეს, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე პოლიციაც იმყოფებოდა, სამართალდამცავებს ადგილობრივებისათვის ხელი არ შეუშლიათ.

განსაკუთრებით კრიტიკულები სუფსის ხეობის ხუთი მაღალმთიანი სოფლის წარმომადგენლები  პარლამენტარების ვასილ ჩიგოგიძისა და ნინო წილოსანის მიმართ იყვნენ და აცხადებდნენ რომ ორთავე მათგანმა ხეობის მოსახლეობას დანაპირები არ შეუსრულა.

მოსახლეობამ ხელისუფლებაც ტყუილებში და ცრუ დაპირებებში დაადანაშაულა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხეობის მოსახლეობა ყველა არჩევნებზე მოატყუა, ამიტომ თუ არჩევნებამდე საავტომობილო გზის გაკეთება არ დაიწყება, მმართველი პარტია ხეობიდან ერთ ხმასაც ვერ წაიღებს:

“წილოსანი მოვიდა ხმა მომეცით და გზა რა პრობლემააო, ჩიგოგიძე მოვიდა და ხმა მომეცით გზა რა პრობლემააო, მანამდე კუჭავა გვატყუებდა-ამოვიდა ყელში” – აცხადებენ სურებელები.

აქციის მონაწილეთა კომენტარებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მარინა ბარამიძე – ხო ხედავთ როგორი გზა არის. ამ შემთხვევაში მოთხოვნაა გზა და ისევ გზა, მეტი არაფერი.  სასწრაფო, რომ დაჭირდეთ, იქამდე ვერ ავა, ჩამოსასვლელთანაც  ძალიან ჭირს. კაი მანქანაც  რომ გყავდეს დანგრეულია 2 საათში. ელემენტარულად გზა გვინდა ჩვენ. მთავრობას ხომ უნდა იმ  „კრესლოებზე“ ჯდომა, თანხების აღება. დაგვიგეთ გზა და მერე მოგცემთ ხმას. თორე ისე არავინ არ ამოვიდეს აქ  და არც იფიქროს ის, რომ ჩვენ ხმას ვინმეს მივცემთ. მერე კიდე იძახიან ხალხი არ ცხოვრობსო და  იცლება აქაურობაო?  ეს ხალხი  არ არის? ჩვენ ხალხი არ ვართ? შარშან 5-6 მოსახლე დაბრუნდა. არავის არ უკითხია  როგორ ვართ,  თუ გჭირდებათ რამე. არაფერი არ  აინტერესებთ თავიანთი საქმის გარდა და კიდე, წელს ჩოხატაურში გადმოირიცხა ძალიან დიდი თანხა,მაგრამ  სურების გზა არავის არ გახსენებია. იქ  აგებენ, აქ აგებენ  და რაღაცას  აკეთებენ მაგრამ, აი, ეს გზა  და აი  ეს ხალხი,  რომლებიც წლებია ამაზე ბრძოლობენ კაციშვილს არ გახსენებია. გვყავს ჩვენ აქ ორი ისეთი პაციენტი, რომლებიც თოვლის  დროს  ცხენით, რომ არ ჩამოგეყვანა  აი ამ ვითომ ცენტრალურ  გზამდე, დღეს ცოცხალი არ იქნებოდა. მეორეც  ასეა,  სანამ თოვლი არ გავუკვალეთ და ცხენით უნდა ჩამოგვეყვანა  ე.წ. „სანის ღელემდე“, რომ სასწრაფომდე მოგვეყვანა. სიცოცხლეს ეხება ეს საკითხები.

ერთ  ხელში თასი და მეორე ხელში ხმალი, ისე დავხვდებით ჩვენ. თუ სიკეთით  მოვლენ ჩვენი თავი ენაცვალოთ, თუ არადა აქედან ხმას ვერავინ ვერ წაიღებს, სანამ ეს გზა არ გაკეთდება.

ივანე ლაგვილავა – პრემიერ  მინისტრს  მინდა  ვუთხრა ირაკლი ღარიბაშვილს  და პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს,  რომ ჩვენ ამ სოფელში ვარსებობთ  ხალხი.  21-ე საუკუნეში, გზა გვინდა, კვალი  გვინდა და გაზი გვინდა. რა გახდა  ბოლოს და ბოლოს სურების 3 მილიონიანი პროექტის გაკეთება, როცა მილიონიან მანქანებზე  „ზიენ“ თვითონ პარლამენტარები და ათი ათასები აქვენ ხელფასი. მე 350 ლარი მაქ  ხელფასი, 8 შვილი მყავს და ვარსებობ. შეხედეთ ამ ხალხს,  არ უნდათ არსებობა?  გზა და კვალი  არ გვინდა?  ამ არჩევნებზე  ნუ მოგვაკითხავენ, სურები არჩევნებზე არსებობსო, ისედაც  მოვიდნენ და გაგვესაუბრონ. იმედი არ იქონიონ  სანამ გზა არ გაკეთდება  ნურანაირი  ხმის მიცემა და ნურანაირი დაპირებები ნუ გვექნება.  ჩვენ 35 წელიწადია, შევარდნაძის დროიდან დაწყებული, ყველა არჩევნების  წინ, გზას. ასფალთს,  წყალს, მაგას გვპირდებიენ. გვეყო უკვე, ამევიდა  ყელში, ამდენი დაპირებები და ტყულები.

ლონგული ტრაპაიძე – წინა საარჩევნო დღეებია და ეს მოთხოვნა კიდევ ერთხელ გვინდა გაჟღერდეს, რომ მივიდეს მთავრობის ყურამდე და გაგვიკეთონ ის დაპირებები, რასაც გვპირდება მთავრობა წლების განმავლობაში. იმიტომ, რომ ამდენი დაპირება, ამდენი შეხვედრები.  საინიციატივო  ჯგუფია  და ღარიბაშვილთანაც იყო შეხვედრები, დეპუტატებთან , მერებთან და ვისაც კონკრეტულად ევალებოდა ეს საკითხი. დღეს   მინდა პირველ რიგში  ვასიკო ჩიგოგიძეს მივმართო, ჩვენ მაგის იმედი გვქონდა, მან კონკრეტულად მეტი უნდა იმუშაოს, უნდა დააყენოს საკითხი მთავრობაში და როგორმე  ეს პრობლემა  -სურების გზა, გადაწყდეს. შეიძლება მთლიანად არ დასრულდეს, მაგრამ ნაწილობრივ, ჯერ  ერთ  წელიწადში  და გადავიდეს მეორეში. მთავარია  დაიწყოს  და გაგრძელდეს   და დაიძრას ეს.

თხოვნაა მთავრობასთან და განსაკუთრებით ვასიკოს მინდა ვთხოვო, რომ მოგვეხმაროს ამ საქმეში.

  • ივანე ბარამიძე -მე ამ სოფელში დავიბადე, გავიზარდე და ჩემი ცხოვრება სულ ვიძახოდი-გზა გვინდა! გზა გვინდა! მაშინ სოფლებს  ყავდა ბრიგადები, რომელიც მუშაობდენ თოხით, ბარით. დღეს ქვეყანაში  21-ე საუკუნეა მგონი, ხომ არ ვცდები  და ამ დღეში მივიდა ჩვენი ხალხი. 576 კომლი ცხოვრობდა  სოფელ ზემო სურებში.  სოფელი ბდღვინავდა. ხუთი კოლმეურნეობა იყო. სამასამდე  შრომისუნარიანი კატეგორიის კაცი იყო. დღეს წავიდა საქმე ისე, რომ 70-80  კომლია ზემო სურებში. მოსვლა არ შეგვიძლია და წასვლა. შვილი მენატრება, შვილიშვილი მენატრება. როცხა  ჩამოვა ვერ მოდის, ვერ მიდის.  საქართველოდან   სამუშაოდ საზღვარგარეთ  ქართველი ხალხი გასულია, რომელიც  სხვას  ემსახურება და ჩვენი სოფლები დაიცალა.

ვითხოვთ, გზა გაგვიკეთონ და მოგვცენ მაღალმთიანი სოფლის სტატუსი, ჩვენ სურებს გვქონდა ეს სტატუსი  და შემდეგ ვიღაცამ ჩამოიარა და მთელი სოფელი დასდევდა ვისაც შეეძლო, მე არ შემეძლო, დაყობოდა, ყველაფერს აკეთებდნენ  და ბოლოს ყველაფერზე უარი გვითხრა.

  • ივლიანე ბარამიძე – მე ბატონ ვასიკოს ვიცნობ. ჩემთან პირადად არაა, მაგრამ დაპირდა ხალხს, რომ გავაკეთებ გზასო. მე მინდა ვთხოვო, რომ მათ შეუძლიათ  ერთი სიტყვა თქვას  მთავრობაში და დააყენოს საკითხი, რომ  მოაწესრიგოს.

მე მინდა ჩემს სიკვდილამდე  გაკეთდეს, აგენს ღმერთმა მოასწროს, მარა ეგება ჩემს სიკვდილამდე  გაკეთდეს, ეგება მეთქი…

 

-თამარ კიკვაძე – დასთან ვარ  ჩამოსული, დაახლოებით  10 წელია არ ვყოფილვარ ზემო სურებში. ჩემი სისხლი და ხორცი ყველა ნათესაობა აქ არის, უბრალოდ გზის და სხვა რესურსების არ არსებობის გამო, ვერ ვახერხებ  ჩამოსვლას და  ამ ლამაზი ადგილების ჩვენებას  ვერ ვახერხებ ჩემი მეგობრებისთვის, რომლებსაც ძალიან უნდათ  აქ ჩამოსვლა. ძალიან  დიდ  მადლობას გადავუხდით ყველას, თუ გაკეთდება ძალიან მალე ეს გზები და ძალიან კარგი იქნება თუ  „კურორტად“ გადაიქცევა.

ჩვენ ისევ შევიკრიბებით და იმედია შედეგს გამოიღებს  ეს შეკრება. ჩვენ ადამიანებს მეტი არ შეგვიძლია  ხმა რომ მივაწვდინოთ  და ჩვენი ხელით  ხომ ვერ დავაგებთ  გზას?! ბევრი  რესურსი დაგვჭირდება და  ვისაც შეუძლია გამოვიდეს და დაგვიგონ გზა.

ჯონი ტრაპაიძე – ჩემი აქციაზე მოსვლის მიზეზი არის ის, რომ უგზოობა გვაწუხებს ძალიან. რამდენჯერ დაგვპირდა მთავრობა, იმდენჯერ გადაგვაგდო. გადაგდება  ხომ მათი ხელწერაა.

არჩევნებამდე დარჩა 20 დღე. თუ დაიწყებენ გზის დაგებას, სარეაბილიტაციო სამუშაოებს,  მაშინ ჩვენ რაღაცას ვიფიქრებთ, თორემ აქეთ ნუ გამოიხედავს მთავრობა საერთოდ და მათი კანდიდატურა. ეხლა  შეხვედრა  შაბათს დანიშნეს, რაიონის მერობის კანდიდატთან, შარაშიძე მოდის და რა პირით მოდიან  საერთოდ „ოცნების“  ხალხი. თუ დაიწყებენ მშენებლობას, გადავხედავთ ჩვენს შეხედულებებს.

აკაკი ეზიეშვილი – მე ვარ მაცხოვრებელი ზემო სურებში და ვაპროტესტებთ ძირითადად  გზას. საინიციატივო ჯგუფის წევრი ვარ. ყოველ ოთხი წელი  გვპირდებიან დღეს ხვალ, დღეს  ხვალ და აღარ  დაადგა საშველი. ყოვლად გამოუვალია მდგომარეობაა, მარტო ვითხოვთ  გზას. არ ვითხოვთ  არც  წყალს, არც გაზს. ვითხოვთ ერთადერთ  გზას, არ ვითხოვთ ავტობანს.

გვპირდებიან კი,  წინასაარჩევნოდ მოვლენ და გვეტყვიან  კი გავაკეთებთ და მერე დამთავრდა.

ჩვენ ვაპირებთ ფართო მასშტაბიან აქციას, აქ კი არა, საჯავახოში ჩავალთ და იქ გადავკეტავთ. როცა ამბობენ ზემოსურებში მაცხოვრებლები არ არიან. თუ არ არის მაცხოვრებლები, ვანახებ მე მაგათ. რომ გადაიკეტება   ბათუმის „ტრასა“, ლანჩხუთი და ჩოხატაური,  აი მერე გააპარტყუნებენ ყურს.  არ ამოჭრათ კადრები და  არ ამოიღოთ, ყველაფერი გააშუქეთ  და ერთადერთი მოთხოვნა არჩევნების წინ  კი არა  არჩევნებამდე არის  40 დღეა  და ამ გზის გაკეთებას ჭირდება ორი კვირა, მეტი არ ჭირდება.  კეთილი ინებონ,  დააგონ, გზა  და მერე მოვიდნენ არჩევნებზე, მერე მიიღებენ  ხმას აქედან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share