„ზუსტად ვიცი რას იზამდა მიხეილ სააკაშვილი”… ეკა ხერხეულიძე: როცა მესმის „მთავრობამ რა ქნას, მსოფლიო ებრძვის პანდემიას”, მართლა მგონია, რომ უიმედოა ამ ქვეყნის მომავალი. მხოლოდ მთავრობის უმოქმედობაა დამნაშავე იმ მძიმე ვითარებაში, რაც ახლა სახეზეა. იმდენი დრო დაიკარგა ტესტების შემოტანის აუცილებლობაში დასარწმუნებლად, იმდენი დრო გაფლანგეს ვაქცინაციის დაწყებამდე და აცრის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იარაღის პროპაგანდაზე, რომ ეს მხოლოდ სიკვდილის ფასად დაუჯდა ჩვენს პატარა ქვეყანას.
რას იზამდა ეფექტიანი მთავრობა?
მე არ ვიცი რას იზამდა წარმოსახვითი აქტორი, მაგრამ ზუსტად ვიცი რას იზამდა მიხეილ სააკაშვილი –
1- საქართველოს პირველს ექნებოდა ვაქცინა მთელს რეგიონში
2- ვაქცინის მწარმოებელ ყველა კომპანიასთან პირადად აწარმოებდა მოლაპარაკებას
3- პირველივე მთავრობის სხდომაზე, პირდაპირ ეთერში აიცრებოდა და ყველა მინისტრისთვის სავალდებულო იქნებოდა იგივე გაეკეთებინა უწყვეტ კადრში (რომელიმე მინისტრისგან უარის შემთხვევაში, იმავე ლაივში დატოვებდა ის მინისტრის პოსტს)
4- ყველა ქალაქსა და თვითმმართველ ორგანოში დაევალებოდათ პირველ პირებს აცრილიყვნენ თავად და ყოველი დღის ბოლოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის ეცნობებინათ აცრილთა სტატისტიკა
5- თავად დაივლიდა და გააკონტროლებდა აცრის პუნქტებს
6- საერთაშორისო პარტნიორების ყველა კარს გააღებდა და დღეს ქვეყანას არ ექნებოდა არც საწოლის, არც აპარატურის და არც სამედიცინო ჟანგბადის დეფიციტი.
7-ქვეყანაში ვერ შემოვიდოდა უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც არ ექნებოდა კოვიდპასპორტი და მხოლოდ სწრაფი ტესტის იმედად არ დატოვებდა ქვეყნის საზღვრებს
8- თუ გადაუდებელ ღონისძიებად ჩათვლიდა მკაცრ რეგულაციებს, მშიერს და შემოსავლის გარეშე არ დატოვებდა სახლებში გამოკეტილ ადამიანებს 9- ბიზნესს არ მოგუდავდა და ბანკებთან პირობების განახლებაზე თავად მიიღებდა მოლაპარაკებებში მონაწილეობას იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ რომელიმე თანამდებობის პირი თავის ხუშტურზე ვერ გამართავდა ღრეობებს, როგორც ეს ღარიბაშვილმა ქნა და მერე მთვრალმა მოგვაძახა „ქეიფი აკრძალულია?”.. იმაზეც ზედმეტი მგონია საუბარი, როდესაც ღარიბაშვილი გამოვიდა და თქვა -„პფაიზერის კომპანიის ხელმძღვანელი ჩემი მეგობარია, პირადად ვესაუბრე და ვაქცინის შემოტანის საკითხი პირადად მოვაგვარე”, ამ პრემიერობამდე სიკვდილ ჩასაფრებულ თავდაცვის მინისტრს პანჩურით დააგორებდა კანცელარიის კიბეებიდან და ეტყოდა – ეს კავშირები თუ გქონდა ხალხის სიკვდილს ელოდი, სანამ პირველი პირი გახდებოდიო? ვეცადე მარტივი ენით ამეხსნა რა განსხვავებაა იმ „სისხლიან” მთავრობასა და ამ „მირონმდინარე” მთავრობას შორის, რომლის კისერზეც სიკვდილობა 50-დან 80-მდე მერყეობს და ამის მიუხედავად, ეს მთავრობა გამოსავალს კი არ ეძებს, ისევ წინა ხელისუფლებაზე საუბრობს. თან ამას აკეთებს ყოველდღე! კაცს დღეში 80 შეწყვეტილი სიცოცხლე აქვს სახეზე და საკუთარი მწირი ლექსიკონით (სულ 10 სიტყვის მარაგი აქვს) ყოველდღიურად ახალ სიცოცხლეს სძენს წინა ხელისუფლების კრიტიკას..
პოსტის ავტორი, ეკა ხერხეულიძე