გიორგი სოკოლოვი ოზურგეთელია. ის, მეგობრებთან ერთად, რამდენიმე დღეა, აჭარის მთავრობის სახლთან გაშლილ კარავში მორიგეობს და 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებს.
თუმცა, ის, ყურადღების ცენტრში გუშინ, მას შემდეგ მოექცა, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ მიერ ორგანიზებულ „ქართული ონცების“ იმიტირებულ დაკრძალვის ცერემონიალში, დამტირებლის სტატუსით მიიღო მონაწილეობა.
შავმაისურიანი ახალგაზრდა ბიჭის მოთქვამ და გოდებამ, სადაც გარკვევით ისმის შეწუხებული „ტიტუუ“ და კუბოზე ხელის ბრახუნიც ჩანს, სოციალური ქსელი დაიპყრო. აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელის მომხარებლების უმრავლესობამ ეს აქტივობა გააკრიტიკა და მას გაერთიანებული ოპოზიციაც გაემიჯნა,თუმცა, ვიდეოს აქტუალობა ამ დრომდე არ დაუკარგავს.
როგორც სოკოლოვის „მოთქმის ვიდეოს“ თანდართულ კომენტარებშია აღნიშნული, არ არის გამორიცხული, ის ამ „ეპიზოდური როლის“ უნიკალურად შესრულებისთვის ოსკარზეც წარადგინონ, მიუხედავად იმისა, რომ გურულების დიდ ნაწილში ამ ფაქტს გაღიზიანებაც მოჰყვა:
_ „ახალგაზრდა ბიჭი, ამხელა გზაზე მხოლოდ სატირლად თუ მიდიხარ, დაჯექი ბიძია სახლში და შენი თუ არ იცის, სხვისას მაინც გეიგონებ და ისწავლი. ან შენ რას იჭრი თავს და ან ჩვენ რას გვჭრი,“ _ წერია კომენტარებში.