160 000 ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდება – მსოფლიო ბანკის შემაშფოთებელი პროგნოზები

უმსხვილესი დონორი ორგანიზაციის შეფასებით, წელს საქართველოს ეკონომიკა შემცირდება და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდება ასობით ათასი მოქალაქე. ნახევარ მილიონი ადამიანი დაკარგავს შემოსავალს.

საქართველოს მთავრობა ფიქრობს, რომ 2021 წელს ქვეყანა 5%-იან ეკონომიკურ ზრდას მიაღწევს. მსოფლიო ბანკის მოლოდინით,  ეკონომიკური ზრდა 4%-ს, ვროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მოლოდინით კი – 3,5%-ს ვერ ასცდება.

მსოფლიო ბანკი 2020 წელსაც აჯამებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული მძიმე შეზღუდვების გამო, 160 000-მდე ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდება, 400 000 ადამიანი კი – მნიშვნელოვნად დაკარგავს შემოსავალს

2021 წლის ბიუჯეტში საქართველოს მთავრობას ეკონომიკის 5%-იანი ზრდა აქვს დაანონსებული. ფინანსთა მინისტრის მოადგილე იმდენად ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ არ გამორიცხავს ქვეყანამ კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს:

ყოველთვიურად უფრო ნაკლებია შემცირების მაჩვენებელი, ვიდრე ეს იყო წინა თვეებში. წლევანდელი შემცირება – 4,9% – აბსოლუტურად რეალისტურია. რაც შეეხება მომდევნო წელს, დღეს რა პროგნოზებიც არსებობს, 5% აბსოლუტურად რეალისტურია. ეს დამოკიდებულია იმ მაჩვენებლებზე, რომლებიც გვაქვს ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან. ექსპორტის მაჩვენებელზე ველოდებით მინიმუმ 5-6%-იან ზრდას, იმპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ იქნება გაზრდილი, ინვესტიციები როგორც სახელმწიფო ნაწილში, ისე კერძო ნაწილშიიქნება გაზრდილი და ეს ყველაფერი, მაკროეკონომიკური მოდელით თუ დავთვლით, გამოიყვანს 5%-იან ზრდას – ამბობს გიორგი კაკაურიძე.

ოპოზიციის წევრებისთვის კი საქართველოს მთავრობის ოპტიმიზმი გაუგებარია და ისინი 5%-იან ზრდასაც არ ელოდებიან:

საქართველოს მთავრობა რატომღაც ვარაუდობს 5%-იან ზრდას, რომელიც არანაირ ეკონომიკურ საფუძველზე არ არის დამყარებული. რა თქმა უნდა, ახლა უნდათ შეალამაზონ, ბიუჯეტს ჩაუტარონ კოსმეტიკური რემონტი და წარმოაჩინონ არჩევნების წინ, რომ, თითქოს, ყველაფერი კარგად არის ქვეყანაში, – ამბობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი, კობა ნაყოფია.

შეგახსენებთ, რომ IPSOS-ის კვლევის მიხედვით, რომელიც “მთავარი არხის” დაკვეთით ჩატარდა, გამოკითხულთა 75%-ის აზრით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share