“მოძრაობის – მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად” ლიდერმა, დეპუტატმა თამარ ჩარკვიანმა დიპლომატიურ კორპუსს წერილობით მიმართა:
„ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან, გამეფებული უკანონობიდან და უსამართლობიდან, ფაქტობრივად ყველა მიმართულებით არსებული კატასტროფული ვითარებიდან გამომდინარე შეიქმნა საერთო-სახალხო მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დასაბრუნებლად.
მოძრაობის მიზანია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოში დაბრუნების საკითხში ხელშეწყობა და სათანადო პლაცდარმის მომზადება, რათა შეჩერდეს ქვეყანაში სრული რეგრესი და მასშტაბური უკუსვლა, აღმოიფხვრას მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში შექმნილი და განვითარებული სახელმწიფო ინსტიტუციების მიზანმიმართული ნგრევა, განხორციელდეს მართლმსაჯულების სისტემის ძირეული რეფორმა, დაიწყოს რეალური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და მოხდეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარების საგრძნობი გაუმჯობესება.
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხში ხელშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს ამ უკანასკნელის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რის გამოც მას ამჟამად გააჩნია მსჯავრდებულის სტატუსი.
აღნიშნულ განაჩენის მიმართ საზოგადოების უდიდეს ნაწილში არსებობს სკეპტიციზმი და საფუძვლიანი უნდობლობა, ვინაიდან ქართული მართლმსაჯულების სისტემა არის ძალიან დისკრედიტირებული, რაც აფერხებს ჯამში ქვეყნის პროგრესსა და განვითარებას.
საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული კლანის შესახებ მოგეხსენებათ საუბარი იყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში.
სასამართლო სისტემის და ზოგადად მართლმსაჯულების სფეროში განსახორციელებელ აუცილებელ რეფორმებზე არსებული შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ცნობილი დოკუმენტი ევროკავშირის პრეზიდენტის შარლ მიშელის უშუალო ჩართულობით, დაირღვა ხელისუფლების მიერ და სრულიად გაუგებარი მიზეზებით ითქვა უარი შეთანხმების მიხედვით განსახორციელებელ რეფორმებზე.
მართლმსაჯულების სისტემა არის ძალიან დისკრედიტირებული, რაც აფერხებს ქვეყნის პროგრესსა და განვითარებას. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტების ანალიზი იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, რაც პირდაპირ წარმოადგენს ევროპული კონვენციით დადგენილი ნორმის დარღვევას. (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი-სამართლიანი სასამართლოს უფლება).
სასამართლო სისტემაში მთლიანად დარღვეულია შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის დაცვის საკითხი, ვინაიდან სასამართლო არ არის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი. ასევე ხშირია კონვენციით გათვალისწინებული სხვა მუხლების სისტემატიური დარღვევა.
კონკრეტულად, საქართველოს მესამე პრეზიტენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი საზოგადოების უდიდეს ნაწილში აღქმულია როგორც ტრაგიკომიკური გადაწყვეტილება, რომელიც ტოვებს მრავალ კითხვის ნიშანს და მის მიმართ ნდობა დარწმუნებული ვართ სამართლიანად გახლავთ ნულოვან ნიშნულთან ახლოს, ისევე, როგორც სხვა მრავალ გახმაურებულ საქმეზე გამოტანილი უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან და პოზიტიურ მოვლენად მიგვაჩნია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება, რათა ქვეყანა კვლავ დაადგეს პროგრესის და განვითარების გზას, დაუბრუნდეს იმ სასურველ მოცემულობას და პოზიტიურ რეალობას, როგორიც იყო მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. შესაბამისად დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მის მიმართ აშკარა და დაუფარავი პოლიტიკური დევნა”– ნათქვამია წერილში.