ირაკლი ღლონტი,რომელიც ოზურგეთში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი იყო, სოციალურ ქსელში წერს:
,,არჩევნების” შედეგების გაცნობის შემდეგ გადავწყვიტე სახლში (ოზურგეთი) დარჩენა, ეს ფაქტიც ხელიდან არ გაუშვა ერთ-ერთმა კონკურენტმა და გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს ირაკლი ღლონტი მეორე ტურში მხარს უჭერს ე.წ. დამოუკიდებელ კანდიდატს და ამ მიზნით არ ვტოვებ მუნიციპალიტეტს. მსურს ხაზგასმით და მკაფიოდ დავაფიქსირო პოზიცია, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე, მე 9 წლის მანძილზე დაპირისპირებული ვარ რეჟიმთან და ამ ანტიდემოკრატიული სისტემის მთავარი ,,პრარაბის” არცერთ შეგირდს არ დავუჭერ მხარს, უფრო მეტიც, გადავწყვიტე ბრძოლის კიდევ უფრო პრინციპულ დონეზე გაგრძელება და მიზნად მაქვს დასახული ოზურგეთელ ხალხთან ერთად ეფექტური პოლიტიკური ასპარეზობა. მე ჩემს ოზურგეთელ ხალხს სიტყვა მივეცი, რომ ვიზრუნებდი რეჟიმისგან გათავისუფლებაზე, შესაბამისად ვერ გავტეხ სიტყვას და ვერ გავხდები რეჟიმის ნესტიანი რომელიმე კედლის მცველი !
მიმაჩნია, რომ არც ბატონო შარაშენიძე და არც ბატონი თალაკვაძე არ იმსახურებს მხარდაჭერას, ორივე წარმოადგენს ოლიგარქის ინტერესის გამტარ სუბიექტს და საფრთხის შემცველად და უპასუხისმგებლო პოზიციად ვაფასებ მათ გვერდით დგომას.
2017 წელს, როცა ,,ოცნებამ” ოზურგეთს წაართვა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ანუ წაგვართვეს ურბანული, ეკონომიკური და სოციალური განვითარების პერსპექტივა, არცერთს არ გამოუხატავს პროტესტი. მაშინ, როცა ჩვენი დახმარებით ე.წ. დამოუკიდებელმა კანდიდატმა მეორე ტურში დაამარცხა ,,ოცნება”, მან მოგვატყუა და 8-9 საათში საკუთარ ეზოში ააფრიალა ,,ქართული ოცნების” დროშა, მან სრული მხარდაჭერა გამოუხატა ბ. ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილის და ვასილ ჩიგოგიძის არჩევნებში, სამწუხაროდ არც კარტოფილის და ბრინჯის დარიგებაზე თქვა უარი. მე მას საჯარო სივრცეში, სატელევიზიო ფორმატში პირისპირ ვუთხარი, რომ არ არის დამოუკიდებელი კანდიდატი, რაზედაც მისგან დუმილი მივიღე. მე მას დავარქვი თვითაღიარებული, თვალთმაქცი დამოუკიდებელი კანდიდატი.
ბევრი დასაბუთებული პრეტენზია მაქვს, თუმცა ახლა საკმარისად მიმაჩნია დავაფიქსირო აზრი, რომ არც თალაკვაძეს და არც შარაშენიძეს არ ვუჭერ მხარს, უფრო მეტიც, ორივე შეუფერებლად მიმაჩნია ოზურგეთის მერობისთვის და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ორივე მალე ჩამოშორდეს ინსტიტუციებს.
აქვე გულწრფელად გეტყვით, რომ მომავალში ძალიან გამიჭირდება იმ ადამიანებთან თანამშრომლობა, ვინც ახლა ამ ცირკში მიიღებს მონაწილეობას და გახდება რომელიმე მხარის მხარდამჭერი, ეს ენერგია უმჯობესია გამოვიყენოთ უფრო კეთილშობელური მიზნებისთვის, ოზურგეთისთვის, საქართველოსთვის !
ახლა ჩემი ფიქრი, ენერგია და დრო ეკუთვნის ოჯახს და მთავარ პოლიტიკურ პარტნიორს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელმაც შეასრულა სიტყვა და ამ წუთებში პოლიტიკური მოტივით განმწესებულია საპყრობილეში !” – წერს ღლონტი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: