თარგამაძე ”მთავარის” დაჯარიმებაზე: ეს ნაბიჯია დამოუკიდებელი მაუწყებლობის არსებობის შესაზღუდავად

ფორმულას გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თარგამაძე მარეგულირებელი კომისიის მიერ მთავარი არხის დაჯარიმებას ეხმაურება და კომისიის ხსენებულ გადაწყვეტილებას აბსურდს უწოდებს.

როგორც თარგამაძემ პოლიტმეტრში განაცხადა, კომისიის ეს ნაბიჯი დამოუკიდებელი მაუწყებლობის არსებობის შესაზღუდავად არის გადადგმული.

“ჩვენ როგორც ტელეკომპანია, მთელი კოლექტივი მათ შორის ძალიან შეშფოთებულები ვართ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღო მარეგულირებელმა კომისიამ. ეს არის პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივად, ასევე შინაარსობრივად და პოლიტიკურად აბსოლუტურ აბსურდს წარმოადგენს და არის უკვე კონკრეტული, გადადგმული ნაბიჯი დამოუკიდებელი მაუწყებლობის არსებობის შესაზღუდავად”, – ამბობს გიორგი თარგამაძე.

მარეგულირებელმა კომისიამ მთავარი არხი 111 000 ლარით დააჯარიმა. კომისიამ გადაწყვიტა, რომ მთავარმა არხმა არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამა ეთერში კანონმდებლობის დარღვევით განათავსა.

ტელეკომპანიის იურისტის თამთა მურადაშვილის განცხადებით, კომისიამ ყველაზე დიდი ჯარიმა გამოიყენა, რაც კი ოდესმე მაუწყებლებისთვის დაუწესებიათ.

საუბარია ვიდეორგოლზე, რომელშიც ქართული ოცნების წევრების გამოსახულებით იქმნება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პორტრეტი. ვიდეორგოლი მოძრაობა სირცხვილიამ განათავსა მთავარი არხის ეთერში. სირცხვილიაში ამბობენ, რომ მათი ვიდეორგოლით ისინი ქვეყნის შეცვლილ საგარეო კურსს და ქვეყნის პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share