ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ, ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქმიანობას “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში გააგრძელებს. ტიკარაძემ ბრიფინგზე მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა და სამედიცინო საზოგადოებას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
2021 წლის 31 აგვისტოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მინისტრობის პერიოდში 2020 წელს მისმა შემოსავალმა 60 300 ლარი შეადგინა. ამასთან, დეკლარაციის თანახმად, ტიკარაძე ფლობს თბილისში მდებარე 760 კვ.მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლის 35%-იან წილს, მასვე საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 2 653 ლარი ჰქონდა.
რაც შეეხება მის მეუღლეს, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ფლობს მიწის ნაკვეთს ცხვარიჭამიაში. ასევე მის საკუთრებაშია: მსუბუქი ავტომობილი mercedes G 300 D და ორი მოტოციკლეტი. მასვე საბანკო ანგარიშზე დეკლარაციის შევსების მომენტში 563 ლარი და 83 დოლარი ჰქონდა. ტიკარაძის მეუღლე არის ასევე: შპს „სადას“ დირექტორი და „ჰაუსფაქტორის“ 33,4%-იანი წილის მეწილე. ამავე კომპანიაში მისმა შემოსავალმა 2020 წელს მენეჯერის პოზიციაზე – 3 000 ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, ტიკარაძე მინისტრის თანამდებობას 2019 წლის 18 ივნისიდან იკავებდა.
bpn.ge