ოზურგეთის ცენტრში დაახლოებით ათი დღეა საახალწლო ნაძვის ხე დადგეს, თუმცა, ამ დრომდე არც სათამაშოებითა და არც სხვა სამშვენისებით ხე ჯერ არ მოურთავთ.
ეს წლების განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა დღეების განმავლობაში ქალაქში ნაძვის ხის კონსტრუქცია ააწყვეს, მხოლოდ ტოტები მიამაგრეს და ისე მიატოვეს.
როგორც ჩანს, ახალარჩეულ მერს საახალწლო მორთულობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები აქვს, რომელიც ჯერ მხოლოდ იმაში გამოიკვეთა, რომ ნაძვის ხე რამდენიმე სანტიმეტრით დაამოკლეს და დღეების განმავლობაში ასე “შიშვლად” დატოვეს.
არ ვიცით რითი მორთვას უპირებენ ან როდის გაალამაზებენ ოზურგეთში დადგმულ საახალწლო ნაძვის ხეს, რადგან ჩვენს მიერ პრესსამსახურისთვის ჯერ კიდევ გუშინ გაგზავნილ სულ სამიოდე კითხვაზე-რატომ არის ნაძვის ხე სათამაშოების გარეშე? რაიმე ახალი განათებების დამონტაჟება თუ იგეგმება სხვადასხვა ქუჩაზე? ახალი წლის ღამეს კონცერტი, ან რაიმე სხვა ღონისძიება თუ არის დაგეგმილი?
პასუხად ეს მივიღეთ:
“ოზურგეთში მიმდინარეობს საახალწლო სამზადისი და ჯერ არ დასრულებულა. როგორც კი დასრულდება, ყველა მედიასაშუალებას ერთნაირად გაცნობებთ საახალწლო სამზადისისა და ღონისძიებების შესახებ”- ასე გვიპასუხა პრესცენტრის წარმომადგენელმა, ნინო ბახტაძემ.
მართალია, ამ მოკლე ტექსტური შეტყობინებით, რომელიც ერთი დღის დაგვიანებით მივიღეთ, კონკრეტული ვერაფერი გავიგეთ, თუმცა, რაც დღეს საკუთარი თვალით დავინახეთ ისაა, რომ ბოლო დღეებთან შედარებით, განსაკუთრებულ უამინდობასა და თოვლში, სწორედ დღეს, კონკრეტული სამსახურის რამდენიმე წარმომადგენელმა ნაძვის ხეზე სანათების დამაგრება დაიწყო.
რაც შეეხება მის სრულყოფილად მორთვას, ამასთან დაკავშირებით ალბათ ინფორმაცია იმის მიხედვით გვექნება, ხვალ, ზეგ, ან მაზეგ, მიმდებარე ტერიტორიაზე ავლისა და ჩავლის დროს, დამატებით რამდენი სათამაშო, ან სხვა სამშვენისი მოხვდება თვალს.
ან სულაც ახალი წლის დადგომამდე, თავად მერია შეგვეხმიანება მედიასაშულებებს და “ერთნაიარად გვამცნობს”, რომ ხის მორთვა დასრულდა.