მაკა ჭყონია-“ხელფასის 20% -ით მატება არის დაგეგმილი…ზუსტად დრო არ ვიცი”

‘როგორც ოზურგეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, მაკა ჭყონია “გურიის მოამბეს” ეუბნება, ბაღის თანამშრომლებისთვის ხელფასების 20%-ით გაზრდა დაგეგმილია, თუმცა არ იცის ზუსტად, როდის. თუმცა, მისი განმარტებით ეს აუცილებლად მიმდინარე წელს მოხდება.
როგორც ხდება ხოლმე, წინასაარჩევნოდ ხელისუფლება ხმების სანაცვლოდ, ყველა სფეროს წარმომადგენლებს გაუმჯობესებულ სამუშაო პირობებსა და გაზრდილ ხელფასებს ჰპირდება.
სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გაიცა “ოცნების” მხრიდან საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა მიზერული ხელფასების მატებაზე დაპირება, რისი შესრულება ჯერ გეგმაშიც არ არის, რადგან 2022 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ეს კონკრეტული მიმართულება ნახსენები არ არის, მაშინ როცა თანამდებობის პირთა ხელფასები თითქმის 50%-ითაა გაზრდილი.
გასულ კვირას აღნიშნულ საკითხზე პასუხის მიღებას პარლამენტარი ლევან ხაბეიშვილი ოზურგეთის მერიაში შეეცადა, თუმცა, კონკრეტულად რას აპირებს ადგილობრივი ხელისუფლება სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულთა სახელფასო სარგოს მატებაზე, იქ კონკრეტულად არაფერი უთქვამთ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ლევან ხაბეიშვილი, ოზურგეთში გასულ კვირას იმყოფებოდა, რომელიც ცდილობდა მერისთვის და მისი მოადგილისთვის შეეხსენებინა ის დაპირება, რომელიც მათ გასულ წელს გასცეს და ბაღების 843 თანამშრომელს ხელფასების ზრდას დაპირდნენ, თუმცა ეს დაპირება არ შესრულდა. ეს იმ ფონზე, როცა თავად გურიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხელფასები 50 % გაიზარდა:
“კითხვა გვაქვს მარტივი , 843 ბაღის თანამშრომელს რომ დაპირდნენ ანაზღაურების მომატებას იანვრიდან, რატომ არ უმატებენ. ესო განგრძობითიაო, ჩვენო დავპირდით და როდისმე მოვუმატებთო ვიცე-მერი გვეუბნება და არ დაგვავიწყდეს, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, 200 ლარად მუშაობენ ბაღის თანამშრომლები, 180, 220, 300 ლარია მაქსიმუმ მათი ანაზღაურება. მათ არ უმატებენ და ამასობაში მაგალითად, საკრებულოს თავჯდომარის 3000 ლარიანი ანაზღარურება ხდება 4500 ლარი, 2600 ლარიანი მოადგილის ანაზღაურება ხდება 3400 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარეს 50% ეზრდება და ბაღის თანამშრომლებს 20 ლარს არ უმატებენ” –აცხადებდა ხაბეიშვილი.
აღნიშნულ ფაქტზე პასუხის მიღებას “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი წევრები ოზურგეთის ვიცე-მერისგან შეეცადნენ, თუმცა გიორგი ღურჯუმელიძეს კონკრეტული პასუხის გაცემა გაუჭირდა:
”ბიუჯეტში რომ არ გაქვთ შეტანილი ბაღის თანამშრომლებისთვის ხელფასების მატება, მაშინ ჩინოვნიკებს მოაკელით, შეძლებთ ამას? შეძლებთ, რომ თქვენს ხელფასებზე უარი თქვათ და ბაღის თანამშრომლებს მოუმატოთ? ” – ამ კითხვით მიმართეს დეპუტატებმა ვიცე-მერს, რაზეც რა თქმა უნდა, კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share