ყველას აქვს მოლოდინი, რომ რაღაც რადიკალური და ხისტი უნდა გავაკეთოთ, ამას არავინ აპირებს, ასე არავინ იქცევა, ვინც პასუხისმგებლობაზე ფიქრობს – ოპოზიციის მხრიდან პრეტენზიებს და არგუმენტებს ვერ მივიღებთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განუცხადა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში მხარდაჭერის გამოსაცხადებლად ჩასვლას, მდინარაძე ამბობს, რომ „ამ ეტაპზე არა“.
მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიცია უკრაინაში ჩასული რომ იყო, ამას წინ ის უძღოდა, რომ გაბრაზებულები ლაპარაკობდნენ, ხელისუფლებამ როგორ დაგეგმა უკრაინაში ვიზიტი ისე, რომ ოპოზიცია არ შეიყვანა.
„ამის გამო ვიზიტი ჩაიშალა. ჩვენ ეს გავითვალისწინეთ და შემდეგ ოპოზიცია ისე გავარდა უკრაინაში, უკან არ მოუხედავს და არაფერი უკითხავს არცერთს. ეს მორალური მხარეა ამ ყველაფრის. როდესაც რეზოლუციაზე ვმსჯელობდით, გამოთქვეს პრეტენზია, რომ მათი თანამონაწილეობა არ იყო გათვალისწინებული, „ნაცებმა“ გააკეთეს ეს. უკრაინაში ისე წავიდნენ, რომ უკან არ მოუხედავთ. მათი მხრიდან პრეტენზიებს და არგუმენტებს ვერ მივიღებთ. არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა ქვეყნის საგარეო უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რომ ინტენსიური დაკვირვების რეჟიმში თავის მოქალაქეებზე იზრუნონ და საჭიროების შემთხვევაში ისინი სხვადასხვა რისკის შესახებ გააფრთხილონ. ჩვენი საგარეო უწყებაც ამას აკეთებს, ცხელი ხაზი მუშაობს. ყველა ნაბიჯს ვდგამთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ კოორდინაციაში და აქედან გამომდინარე ვმოქმედებთ. ყველას აქვს იმის მოლოდინი, რომ რაღაც რადიკალური და ხისტი უნდა გავაკეთოთ – ამას არავინ აპირებს, ასე არავინ იქცევა, ვინც პასუხისმგებლობაზე ფიქრობს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.