დეკანოზი თამაზ ლომიძე დღეს მამა შალვას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ცოდვების შთამომავლობით გადაცემაზე საუბრობს და მსგავს ცრურწმენებს ადამიანებში რწმენის შერყევის მიზანმიმართულ კამპანიად მიიჩნევს: „მაინც რატომ არის ეს ცრურწმენა ასე მავნებელი? წარმოიდგინეთ, ადამიანი ცდილობს სიმართლით იცხოვროს, ღვთის მცნებების მძებნელი და ერთგული იყოს, აკეთოს სიკეთე და სძულდეს ბოროტება, და ამ დროს სადღაც, გულის სიღრმეში სჯეროდეს, რომ ურწმუნო პაპამისის მიერ დანგრეული ტაძრის გამო, მას ან მის შვილებს დასჯის ღმერთი. რა საშინელი მონობის ბორკილია, ხომ წარმოგიდგენიათ? კაცი წელში ვერ გამართულა, პაპამისის ცოდვების გამო სასჯელის შიშით ცხოვრობს და კანკალებს. ეს ცრურწმენა მართლაც არის ბორკილი, რომელიც სრულად არ დაამსხვრიე და არ მოისროლე, ვერასოდეს იცოცხლებ სრულყოფილად და განხორციელდები როგორც ქრისტიანი. ქრისტეს წინაშე ვდგავარ მხოლოდ მე, ერთადერთი და ჩემი ცხოვრება, მისი ცოდვა-მადლით“. დეკანოზი თამაზ ლომიძე