ტკივილით ვამბობ და არა ცინიზმით, რომ „ქართული ოცნება“ ნელ-ნელა დაემსგავსა პოლიტიკური ქურდების კასტას – ახლა ჩვენ საქმე გვაქვს პოლიტიკურ-ქურდულ სამყაროსთან, სადაც ჰყავთ თავისი პოლიტიკური დონ კორლეონე და მისი თანაშემწეები, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, პოლიტიკური დონ კორლეონე გამადიდებელი შუშით უყურებს ყველას და ერევა იქ, სადაც გადაწყვეტს, რომ საჭიროა ჩარევა.
„კოალიციური „ოცნების“ დასაწყისი სრულიად სხვა იყო და მისი განვითარების გეზი შეიცვალა სრულიად სხვა მიმართულებით. მაგალითად, ჩვენ ვიყავით იმ დროს გამოხტომებისთვის, რომელსაც დღეში ორჯერ ვხედავთ უცხოეთის მიმართ, დასავლეთის მიმართ თუ ოპონენტების მიმართ, ყოველ ასეთ შემთხვევაზე იყო ძალიან სერიოზული განხილვა, ჩხუბი და კამათი და პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პირველი ეტაპი სწორედ ასეთ რაღაცებს შეეწირა, როდესაც მან ოპონენტებზე თქვა, რომ მადლობა თქვით, რომ ქუჩაში არ გიკეთებენ მოქალაქეები იმას, რაც თქვენ კადრებში ანახეთო. ეს ფრაზა იყო, რამაც გამოიწვია მისი თანამდებობის დატოვება, ეს იყო ბოლო წვეთი, როგორც გინდათ ისე დავახასიათოთ ივანიშვილი, გაბრაზდა თუ არ მოეწონა ეს ფრაზა, მაგრამ დღეს ამ ტიპის ფრაზები თუ დღეში ერთხელ არ თქვა რამდენიმე ლიდერმა, უკვე ეჭვები აქვთ ერთმანეთზე.
იყო დრო როდესაც ივანიშვილი თავისი პარტიის ხალხს მართავდა, როგორც მარიონეტების თეატრში თითებით, რომ მართავს არტისტი თოჯინებს. ეს იყო მუდმივი, ყოველდღიური და ყოველწუთიერი მართვა. დღევანდელი ვითარება განსხვავდება ამისგან – დღეს, პოლიტიკური დონ კორლეონე გამადიდებელი შუშით უყურებს ყველას და ერევა იქ, სადაც გადაწყვეტს, რომ ჩარევა საჭიროა. ანუ უწინდელი მუდმივი და ყოველდღიური მართვა შეიცვალა ახლა, ყოველდღიური და მუდმივი დაკვირვებით და საჭირო მომენტში სერიოზული ჩარევით. მე რომ მკითხოთ მეორე ვერსია გაცილებით უარესია, რადგან მისი შემსრულებელთა გუნდი იმდენად არაკვალიფიციურია და იმდენად ხიბლშია ძალაუფლებით ტკბობაში, რომ ყოველდღიური მართვის რეჟიმზე, რომ ყოფილიყვნენ შეიძლება ნაკლები შეცდომები ჩაედინათ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
გარდა ამისა, უსუფაშვილმა ისაუბრა “ქართული ოცნების” პოლიტიკაზე დასავლეთის მიმართ, ჟურნალისტის კითხვაზე, „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან დასავლეთის მიმართ დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილისგან მოდის თუ პარტიაში გადაწყვიტეს ასე – უსუფაშვილმა განაცხადა, რომ “მათ პოლიტიკური დონ კორლეონესგან ესმით ასეთი დამოკიდებულებები და შემდეგ ასრულებენ”.
მავნე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებები დასავლეთის მიმართ შეიცვალა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერი, რაც დემოკრატიულ დასავლეთთან არის დაკავშირებული მისი მტერია.
„მიიჩნევენ, რომ მათი დასავლეთის მიმართ ასეთი დამოკიდებულება შეესაბამება მათი ბოსის განწყობებს და ამიტომ, დარწმუნებულები არიან, რომ შენიშვნას ამაზე არ მიიღებენ და შესაძლოა შექებაც კი დაიმსახურონ. ივანიშვილის დამოკიდებულებები დასავლეთის მიმართ შეიცვალა. როცა ივანიშვილი პრემიერობიდან მიდიოდა ერთი ბოთლი ძალიან კარგი ღვინო გახსნა, ვისხედით ოთხი – ახლად არჩეული პრეზიდენტი მარგველაშვილი, ახლად დანიშნული პრემიერი ღარიბაშვილი, მე პარლამენტის თავმჯდომარე და მიმავალი ბიძინა ივანიშვილი. მან მამა-შვილურად დაგვარიგა, მისი მთავარი სათქმელი იყო, რომ არავითარ შემთხვევაში ამერიკელებმა და ევროპელებმა არ გამოგიჭიროთ ორმაგ თამაშშიო, ანუ არ დაკარგოთ მათი ნდობა, თორემ ეს იქნება დასასრული. მას ჰქონდა სურვილი, რომ დემოკრატიული სახელმწიფო შეექმნა, მაგრამ რა მოხდა? პირველად ივანიშვილის ცნობიერებაში ბზარი გაჩნდა, როცა დასავლეთმა პირდაპირი და ღია კრიტიკა განახორციელა მისი მოქმედებებისადმი, ანუ მან უკვე დაანება თავი ოცნებებს, რომ საქართველო გამხდარიყო სამაგალითო და ეს პროექტი, რომ ჩაუფლავდა ამის შემდეგ დარჩა ერთადერთი პროექტი – ძალაუფლების შენარჩუნება და ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერი, რაც დემოკრატიულ დასავლეთთან არის დაკავშირებული არის მისი მტერი. ამიტომ მან გააკეთა ძალიან სერიოზული შემოტრიალება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
www.interpressnews.ge