“მთავრობა, რომელიც თავის ხალხს სიღატაკემდე მიიყვანს, უნდა მომწონდეს? – მათ ეს ქვეყანა არ უყვართ”

“წარმოუდგენელია, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გულგრილად აკვირდებოდე, ამ ქვეყანაზე თუ ოდნავ მაინც შეგტკივა გული” – ასე  აფასებს საქართველოში განვითარებულ  მოვლენებს პოეტი,ექიმი ნანა ცინცაძე.

“გულისტკივილით ვაკვირდები, როგორ არ ინდობენ ერთმანეთს ჩვენი თანამოძმენი და ეს ძალიან მაწუხებს. იმდენად მაწუხებს, რომ სოციალურ ქსელებში საერთოდ აღარ შევდივარ – არ მინდა ნერვები მოვიშალო და ერთი ჯგუფის მიერ მეორის ლანძღვა-დამცირებას დავაკვირდე. თუ ადამიანს რაღაც საკითხზე თავისი აზრი აქვს, ეს მისი უფლებაა, საჯაროდ გამოტანილი ლანძღვა კი ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ხომ არ შეიძლება ყველაფრის გამო ლანძღვა-გინება და ომი ავტეხოთ? ხშირად ვფიქრობ: თუ როგორმე “ოქროს შუალედს” არ გამოვნახავთ, ამ ქვეყანაში ღირსეული საზოგადოების ჩამოყალიბება წარმოუდგენელია.

32 წელია საქართველო უკიდურესი კატაკლიზმების წინაშე იმყოფება, შეიძლება ითქვას, ამოსუნთქვის საშუალება არ გვქონია. ალბათ, ამის ბრალია, რომ საქართველო ასე დაცლილი ადრე არ ყოფილა. ვინც აქედან ემიგრაციაში წავიდა, 90 პროცენტს ოჯახის რჩენა არ შეეძლო. ეს ხალხი იძულებული გახდა, თავი უცხო ქვეყნისთვის შეეფარებინა. რას გაჰყავს ხალხი ქვეყნის გარეთ? – პირველ რიგში, სიდუხჭირეს და შიმშილს. ეს პრობლემა კიდევ უფრო მძიმე მას შემდეგ გახდა, რაც პანდემია დაიწყო. ყველაფერი, რაც საარსებოდ აუცილებელია, ორჯერ მაინც გაძვირდა. ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებას უძლებენ და მათთვის თუნდაც, კომუნალური გადასახადების გაზრდა უფრო დიდ გაჭირვებას და სიღატაკეს ნიშნავს. აპოლიტიკური ვარ, მაგრამ ეს ქვეყანა მიყვარს და მასზე გული შემტკივა. სამწუხაროდ, ადრე ეს სულ სხვა ქვეყანა იყო, სადაც რადიკალურად განსხვავებული ადამიანები ცხოვრობდნენ. როგორ ფიქრობთ, მთავრობა, რომელიც თავის ხალხს ამ მდგომარეობამდე მიიყვანს, უნდა მომწონდეს? – იქნებ ამაზე ვინმემ მიპასუხოს.

ჩინოვნიკებს სხვადასხვა ბიზნესი და სოლიდური შემოსავალი აქვთ. იმას, ვინც ამდენი ფული კაცმა არ იცის, რა გზით იშოვა, შეუძლია “ბრინკა” დაუძახოს უნიჭიერეს ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება პატიოსან შრომაში გაატარა. უფრო მეტიც, ტარიელ მკლავაძესავით ზემოდან დაჰყურებდეს და ისე ექცეოდეს, რომ მის შემხედვარეს, ამ ქვეყანაში ცხოვრებაც აღარ გინდა.

დღეს ჩვენ, ყველანი, “ჯაყოს” ხიზნები ვართ – ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ყველა და ყველაფერი იყიდება – ამას ვხედავთ, მაგრამ სიმართლის თქმის გვეშინია. არსებობა და სიცოცხლეც კი გაგვიძვირეს; ისეთი განცდა მაქვს, რომ ჰაერიც გაძვირდა და რატომ გვიკვირს, რომ ჩვენი ერი ვეღარ მრავლდება, რომ ქართულ ოჯახებში ერთი შვილის მეტი აღარ იზრდება? ეს ჩვენივე ხელით მოწყობილი ერის გენოციდია, სხვა სიტყვას ვეღარ ვპოულობ. სამწუხაროდ, ის, ვისაც შეუძლია ამ ქვეყანაში რაღაც შეცვალოს, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს და სხვა არაფერზე. მათ ეს ქვეყანა არ უყვართ!” – აცხადებს ნანა ცინცაძე.

წყარო : კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share