უკვე მეშვიდე დღეა, შველას ითხოვენ უკრაინაში მყოფი ქართველები, რომლებიც დაბომბილ ქალაქებში თავის გადასარჩენად, ღამეებს მეტრო სადგურებსა და სარდაფებში ათენებენ. ხარკოვში, კიევსა და მის შემოგარენში მყოფი ოჯახები, რომლებსაც სასწრაფო ევაკუაცია სჭირდებათ, საელჩოსთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობენ.
მათ მხოლოდ ერთადერთი რეკომენდაცია მიიღეს – თავი შეაფარონ მეტროსადგურებს ან სარდაფებს. მთავარ მოთხოვნაზე, მოხდება თუ არა მათი გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან, საელჩოს პასუხი არ აქვს.
“ძალიან მეშინია… გუშინ აქ საშინელება იყო… თქვენი მთავრობა რას შვრებაო, უკრაინელებს კი არა, თქვენ რატომ არ გეხმარებიანო, ყველა შოკშია უკრაინელი ხალხი. მოღალატის გარდა რა დავუძახო ჩემი ქვეყნის მთავრობას”, – ამბობს ხარკოვში მცხოვრები ქართველი, ვიკი ციკოლია.
“ჩვენი მთავრობა მე არ ვიცით რაზე ფიქრობს. მკვდარია ალბათ. სად ჩაიმარხა თავი… მე წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა დატოვო ხალხი ასე”, – ამბობს რუსუდან ღურცკაია.
“ბოლო შეხმიანების შედეგ იყო გაფრთხილება, დარჩით ბუნკერებში.. ან რამე გჭირდებათ, ან გინდათ, არავითარი დახმარების ხელი არ გამოუწვდიათ”, – ამბობს, უკრაინაში მცხოვრები ქართველი, რეზი ხომერიკი.
ცნობისთვის, ოკუპანტებმა რამდენიმე საათის წინ ხარკოვის ცენტრში მდებარე რეგიონული პოლიციის შენობაზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს. დაიბომბა პოლიციის გვერდით არსებული უნივერსიტეტის შენობაც. თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 112 კი დაშავდა.
განგაშის სიგნალის და აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა კიევში, ვინიცაში, მარიუპოლსა და ჟიტიმორში. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მარიუპოლში სკოლა დაბომბეს, აფეთქება მოხდა ოდესაშიც.