რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი შოთა უტიაშვილი საუბრობს თუ რა საფრთხეები ემუქრება საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად:
“ჩვენ თანავუგრძნობთ უკრაინას, მაგრამ იმაზეც უნდა ვისაუბროთ, თუ რა საფრთხეები ემუქრება საქართველოს. რა იყო რუსეთის გეგმები?
როგორც მათი სამხედრო სტრატეგიიდან ჩანს, გეგმა იყო ის, რომ მცირე ძალებით, დაახლოებით 200 ათასი კაცით შესულიყვნენ უკრაინაში, სადაც მათ იმედი ჰქონდათ, რომ არ შეხვდებოდათ დიდი წინააღმდეგობა, ორ-საამ დღეში დაემთავრებინათ ქვეყნის ოკუპაცია. დასავლეთი კი შეეგუებოდა ამ ვითარებას ან შემოიფარგლებოდა სანქციებით, რომელიც ბევრს ვერაფერს შეცვლიდა და ეს იქნებოდა რუსეთის ისტორიული გამარჯვება.
რა მოჰყვებოდა ამ გამარჯვებას საქართველოსთვის? მოყვებოდა ის, რომ საქართველოსაც, აზერბაიჯანსაც, ყაზახეთსაც და სხვა ქვეყნებსაც წაუყენებდა ულტიმატუმს და მოითხოვდა იგივეს, რასაც ითხოვს უკრაინისგან.ოღონდ ეს არ იქნებოდაა მხოლოდ ნეიტრალიტეტის მოთხოვნა ან ნაატოსთან ურთიერთობის გაწყვეტის მოთხოვნა. ეს შეიძლება ყოფილიყო რუსი გენერალ-გუბერნატორის დასმა, ან საქართველო შეეყვანა საბჭოთა კავშირის რომელიმე რეინკარნირებულ ალიანსში.
თუ რუსეთის სტრატეგია უკრაინაში გაამართლებდა, მაშინ საქართველოს, ისევე როგორც სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, არ ექნებოდათ შესაძლებლობა წინააღმდეგობა გაეწიათ ამ ულტიმატუმისათვის.
ჯერ ცხადია, არაფერი დამთავრებული არ არის, მაგრამ უკრაინელების გონივრულმა წინააღმდეგობამ, რუსეთის გეგმები დაანგრია.
უკრაინელი ხალხის და მათი პრეზიდენტის თავდადებამ იმოქმედა დასავლეთზე, საზოგადოებრივ აზრზე მის პოლიტიკურ ელიტაზე და დღეს მთელი მსოფლიო გაერთინდ უკრაინის დასაცავად.
უკრაინელი ჯარისკაცი, რომელიც ახლა იცავს უკრაინას, იცავს თბილისსაც.
ამ გმირული წინააღმდეგობით რუსეთს აკლდება რესურსი, აკლდება ჯარის რაოდენობა, აკლდება პოლიტიკური კაპიტალი იმისთვის, რომ იგივე გაიმეოროს სხვა ქვეყნებში.
ჩვენ უნდა გავიგოთ, უკრაინელი ჯარისკაცი, რომელიც დღეს ომობს, ომობს იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვიწიოს ომი აან კიდევ უარესი სირცხვილი, უომრად დანებება.
ამიტომაც, თუ ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში რუსეთის ჯარი არ შემოვიდეს, თუ ჩვენ გვინდა, რომ დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ, ყველაფრით, რითაც შეგვიძლია, გვერდში უნდა დავუდგეთ უკრაინას. ეს არის საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების ერთადერთი შანსი.
როგორც ჩანს, ამიტომაც გამწარდნენ უკრაინის ბოლო დღეების წარმატებაზე ქართველი რუსეთუმეები და ზელენსკის მოიხსენიებენ უშვერერი სიტყვებით. ისინი ხვდებიან, რომ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობის გამო, საქართველოს ოკუპაცია არ შედგება.” – აცხადებს შოთა უტიაშვილი.