TDI: სახელმწიფომ ვერ დაიცვა რელიგიის თავისუფლება, პანდემიის ფონზე იმატა სიძულვილის ენამ

ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI საქართველოში რელიგიის თავისუფლების, ქსენოფობიისა და მიგრანტთა უფლებების საკითხებს აფასებს.

TDI-ს ინფორმაციით, 2020 წელი ადამიანის უფლებებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის კუთხით გამორჩეულად პრობლემური იყო – კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემია და მისი შედეგები განსაკუთრებულად მწვავედ მოწყვლად ჯგუფებზე აისახა და შექმნილმა ვითარებამ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული არაერთი სისტემური პრობლემა უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა. განცხადების მიხედვით, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვა, უგულებელყო რელიგიურ გაერთიანებებს შორის თანასწორობა და რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოუკიდებლობა. TDI-ს შეფასებით, პანდემიის ფონზე იმატა სიძულვილის ენამ, რაც განსაკუთრებით მწვავედ ეთნიკური აზერბაიჯანელი და მუსლიმი მოსახლეობის მიმართ გამოჩნდა. კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ დაამძიმა საქართველოში მცხოვრები მიგრანტების სოციალური და უფლებრივი მდგომარეობა.

TDI-ს შეფასებას უცვლელად გთავაზობთ:

“რელიგიისა და რწმენის თავისუფლება 

COVID-19 პანდემიის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების  პირობებში ხელისუფლების დიფერენცირებული დამოკიდებულება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და დანარჩენი რელიგიური ორგანიზაციების მიმართ, არაერთ გადაწყვეტილებასა და განცხადებაში გამოჩნდა.

2020 წლის 21 მარტს საქართველოში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ორ თვეს გაგრძელდა. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სახელმწიფოს არ შეუმუშავებია სპეციალური რეგულაციები და/ან რეკომენდაციები რელიგიური ორგანიზაციებისთვის. არადომინანტური რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ხელისუფლების მიდგომა იყო დისკრიმინაციული, რაც ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან სახელმწიფოს მიერ გამართულ მოლაპარაკებებში და მინიჭებულ პრივილეგიებში.

საგანგებო მდგომარეობის დროს რელიგიური გაერთიანებების მიმართ გამოვლენილი შერჩევითი მიდგომა გაგრძელდა შემდგომ ეტაპზეც. შემოდგომაზე დაწესებული ახალი შეზღუდვების მიხედვით, გადაადგილების და საჯარო სივრცეში ყოფნის აკრძალვის გამონაკლისად ჩაითვალა მხოლოდ 6 იანვრის ღამე (როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შობას), რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან არადომინანტური რელიგიური ორგანიზაციების მიმართ უთანასწორო მოპყრობის სისტემატურობას.

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების და მის შემდგომ პერიოდშიც განმარტება არ გაუკეთებია პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მოქმედ სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მანდატი სწორედ რელიგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავებაა. წელს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რელიგიის სააგენტოს საქმიანობის მიზანი არა რელიგიის თავისუფლების დაცვა და თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა, არამედ რელიგიური გაერთიანებების ამა თუ იმ ნიშნით დაყოფა და არადომინანტური რელიგიური ჯგუფების ავტონომიურობაში ჩარევაა.

სახელმწიფოს შერჩევით პოლიტიკას თან ერთვოდა მაღალი თანამდებობის პირების დისკრიმინაციული განცხადებები. 2020 წლის 14 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეკლესიები არ დაიხურება: “ჩვენ ყოველთვის ასე გვიწევდა ბალანსის პოვნა და დარწმუნებული ვარ ვიპოვნით [საქართველოს მართლმადიდებელ] ეკლესიასთან ერთად…ჩვენ ხომ მართლმადიდებლური სახელმწიფო ვართ”. სახელმწიფოს კონფესიური ხასიათის აღიარებით, მთავრობის ხელმძღვანელმა უხეშად უგულებელყო საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნა, ურთიერთდამოუკიდებლობის საფუძველზე ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვა, აღიარა ერთი აღმსარებლობის უპირატესობა, მათ შორის რელიგიური ინსტანციის უპირატესობა სახელმწიფო ინსტიტუტებზე.

პრემიერის განცხადების გარდა, უაღრესად პრობლემურია ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის პოზიციაც. 27 ნოემბერს, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვაზე გამონაკლისის დაწესება მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მაია ცქიტიშვილმა იმით ახსნა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია. ეს განცხადებაც ცხადად მიუთითებს, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებებს მხოლოდ უმრავლესობის პერსპექტივიდან იღებს და ადამიანებს პირველ და მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ყოფს.

მიმდინარე წელს დაირღვა აბიტურიენტების უფლებებიც, რომლებიც  რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდნენ. აბიტურიენტებს, საკუთარი რწმენის გამო, არ შეეძლოთ შაბათ დღეს დანიშნულ ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მათ უარი უთხრა გამოცდის გადატანაზე. TDI-მ სასამართლოს მიმართა, რომელმაც დაავალა გამოცდების ცენტრს, აბიტურიენტებისთვის გამოცდა სხვა დღეს გადაეტანა.

2020 წელს გაგრძელდა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმის სასამართლო განხილვა. როგორც ცნობილია, 2019 წლის 30 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მერიის უარი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე დისკრიმინაციულად და უკანონოდ მიიჩნია. თუმცა დავამ სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა. 2020 წელს სააპელაციო სასამართლოში ორი პროცესი ჩატარდა. ამ დრომდე საქმის დასრულება ჭიანურდება. მუსლიმების რწმენისა და რელიგიის თავისუფლების დარღვევას კი განგრძობითი ხასიათი აქვს – ისინი 2017 წლიდან მოყოლებული ვერ ახერხებენ ახალი მეჩეთის მშენებლობას და კვლავ ღია სივრცეში იკრიბებიან სალოცავად.

მიმდინარე წლის მაისში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო ცხრა რელიგიური გაერთიანების კონსტიტუციური სარჩელი. სარჩელით რელიგიური ორგანიზაციები ითხოვენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლითაც ქონების გადასახადისგან მხოლოდ ერთი რელიგიური გაერთიანება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის გათავისუფლებული, რაც ეწინააღმდეგება თანასწორობის უფლებას. სასამართლოში საქმის განხილვა გრძელდება.

გრძელდება რელიგიური გაერთიანებების მეორე კონსტიტუციური სარჩელის განხილვაც. მოსარჩელეები ითხოვენ სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას აძლევს სახელმწიფო ქონების შეძენის ან განცვლის უფლებას.

2020 წლის 22 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდა, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოს ტყეები გადაეცეს საკუთრების უფლებით. საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტები კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის დროს განიხილა. შედეგად, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა რელიგიურ ორგანიზაციებს შორის უთანასწორობა და კიდევ ერთხელ წარმოჩნდა სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთდამოუკიდებლობის პრობლემა

სიძულვილის ენა და ქსენოფობია 

COVID-19 პანდემიის კრიზისულ ვითარებაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ ქსენოფობიური დამოკიდებულება კიდევ უფრო მომძლავრდა, რაც გამოიხატა სიძულვილის ენის არაერთი ტალღით. სოციალურ ქსელში ქსენოფობიური შინაარსის კომენტარების გარდა, საჯარო პირების და პოლიტიკოსების მხრიდან ისევ აქტუალურია დისკრიმინაციის წამახალსებელი და სიძულვილის შემცველი განცხადებები.

გაზაფხულზე საქართველოს მთავრობამ მარნეული და ბოლნისი საკარანტინო ზონად გამოაცახადა. რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემდეგ საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი სოციალურ მედიაში, გავრცელდა სიძულვილის ენის შემცველი და დისკრიმინაციის წამახალისებელი განცხადებები  ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა გააკეთა სიძულვილის ენის შემცველი კომენტარი და აღნიშნა,  რომ მარნეულის სოფლის მაცხოვრებლები უნდა “ჩაკეტონ და ამოხოცონ”, რასაც თან ერთვოდა გინება.

აღსანიშნავია, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადება, რომლისთვისაც მოგვიანებით ბოდიში მოიხადა. გამყრელიძის თქმით, მისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი მოლა და მუფთი „ცუდ როლს თამაშობენ“ საკარანტინო ზონაში.

პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ აქტიურად იყენებდა წინასაარჩევნოდ ქსენოფობიურ და თურქოფობიურ რიტორიკას და აღვივებდა რელიგიურ-ეთნიკური ნიშნით შუღლს. ქსენოფობიური იყო პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო ვიდეორეკლამები. ამავე პერიოდში გავრცელდა ირმა ინაშვილის განცხადება, რომ აჭარაში თურქეთის მხრიდან ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსია კიდევ უფრო გაძლიერდა, ამიტომ, უნდა დავიცვათ აჭარა და საქართველო. წინასაარჩევნო პერიოდში პატრიოტთა ალიანსის დაკვეთით აჭარაში, საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს, განთავსდა ბანერი წარწერით: “დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!”. ბანერზე გამოსახულია საქართველოს რუკა, სადაც აჭარა ოკუპირებულ ტერიტორიად არის წარმოდგენილი.

საყურადღებოა, 2020 წლის 24 მაისს საკვირაო ქადაგებაში მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, გიორგის ჯანმდელიანის განცხადება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ნარიმან ნარმანოვის ძეგლის რეაბილიტაციას მოჰყვა. ქადაგებაში ნათქვამია – “ქართველებს საერთოდ ღირსება თუ შეგვრჩენია, მაშინ ჩვენი მტრების ძეგლი არ უნდა იდგეს შუა ქალაქში. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის დიდი შეურაცხყოფა. ეს არის ჩვენს წინაპართა სულში ჩაფურთხება“.

ეპისკოპოსის განცხადებებს მალევე მოჰყვა ე.წ. ქართული მარშისა და სხვა რადიკალური ჯგუფების მხარდაჭერა და აგრესიული კამპანია სოციალურ ქსელებში.

30 მაისს ამ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიება დაიწყო, თუმცა, გამოძიების მიზანი საზოგადოებისთვის გასაგები და ნათელი არ ყოფილა. უწყება აქტიურად იბარებდა გამოკითხვაზე მუსლიმ სასულიერო ლიდერს, შეიხ მირტაგი ასადოვს და ქვემო ქართლის ეთნიკურად აზერბაიჯანელ აქტივისტებს. იმის გამო, რომ ბუნდოვანია გამოძიების მიზანი, გაჩნდა გონივრული ვარაუდი, რომ აღნიშნული სახელმწიფოს მხრიდან ეთინიკურ და რელიგიურ უმცირესობებზე ზეწოლას ემსახურება.

მიგრანტების უფლებები 

Covid 19-ით გამოწვეულმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისმა გავლენა იქონია საქართველოში მცხოვრებ მიგრანტებზეც, რომლებსაც განსხვავებული სამართლებრივი რეგულირებისა და პოლიტიკის, სტიგმისა და დისკრიმინაციის, ენობრივი და კულტურული განსხვავებების, ეკონომიკურ-სოციალური მდგომარების, ინფორმაციის ნაკლებობის და არაერთი სხვა გარემოების გამო, ნაკლებად მიუწვდებათ ხელი სახელმწიფო სერვისებზე.

საქართველოში კოვიდ 19-ის პანდემიის დროს ჯანრთელობის დაცვასთან და დაწესებულ რეგულაციებთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე ენაზე ვრცელდებოდა, თუმცა, ქვეყანაში სხვადასხვა სტატუსით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები მაინც აწყდებოდნენ ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებულ სირთულეებს.

პანდემიის გავრცელებისა და საგანგებო რეჟიმის მოქმედების პირობებში, სახელმწიფო უწყებებს მოუხდათ სერვისების ინტერნეტსივრცეში გადატანა ან შეჩერება, რამაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, არაერთი დაბრკოლება გააჩინა. ყველაზე მეტ პრობლემას ისინი იუსტიიცის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი სერვისების განვითარების სააგენტოს მხრიდან წააწყდნენ. უწყებას შეჩერებული ჰქონდა სერვისები, რთული იყო დაკავშირება როგორც სატელეფონო, ისე “ონლაინ ჩატის” მეშვეობით, რის გამოც ბევრმა პირმა ვერ შეძლო ბინადრობის ნებართვის ასაღებად ან გასაგრძლებლად საჭირო დოკუმენტაციის ჩაბარება. მსგავსი პრობლემა შეექმნათ თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებულ პირებსაც. საგანგებო მდგომარეობისას სააგენტოს შეფერხებული მუშაობის გამო, თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებული პირები შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის გარეშე დარჩნენ.

პანდემიის დროს დაწესდა შეზღუდვები საზღვრებზე და საერთაშორისო მიმოსვლაზე, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია მიგრანტების შესაძლებლობაზე, დაბრუნდნენ მოქალაქეობის ქვეყნებში. საზღვრების გახსნასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა და ინფორმაციის ნაკლებობამ არაერთი გაურკვევლობა წარმოშვა უცხოელებისთვის. საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის გამო ქვეყნის დატოვების ვალდებულების გადავადება მთავრობის მიერ რამდენჯერმე მოხდა, ბუნდოვანი პირობებით. კვლავაც გაურკვეველია, როგორ უნდა მოიქცნენ უცხოელები 31 დეკემბრის შემდგომ.

პანდემია კრიტიკულად აისახა საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების დიდი ნაწილის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მიგრანტების დიდი ნაწილი დასაქმებულია დროებით სამუშაოზე ან მუშაობს ხელშეკრულების გარეშე. ეს პირები განსაკუთრებით მოწყვლადები აღმოჩდნენ კრიზისულ სიტუაციაში. საქართველოს მთავრობის სოციალურ პროგრამებში ისინი არ ყოფილან გათვალისწინებული, გარდა მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისა. უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების შემთხვევაში, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა არა მხოლოდ მათ მიერ დროებითი სამსახურის დაკარგვამ, არამედ მათი მოქალაქეობის ქვეყნებში, მათ ოჯახებში კოვიდ 19-ის პანდემიით გამოწვეულმა მძიმე სოციალურმა ფონმა.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share