ბრიტანული გაზეთის „თაიმს“-ის საკვირაო გამოშვებაში – The Sunday Times-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როგორ გამოვა პუტინი იმ კოშმარიდან, რომელიც თვითონვე შექმნა?“ (ავტორი – მარკ გალეოთი, ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის საპატიო პროფესორი).
„ვლადიმერ პუტინი, რომელიც თითქოსდა მოხერხებულ პოლიტიკოსად არის ცნობილი, ახლა უკვე საკუთარ თავს კუთხეში თვითონვე იმწყვდევს. მისი თავდაპირველი გათვლები, როგორც ჩანს, იმაში გამოიხატება, რომ კიევი ორ-სამ დღეში დაეცემოდა და სამხედრო ოპერაცია მთლიანობაში ორ კვირაში დასრულდებოდა.
იმის გათვალისწინებით, რომ ვლადიმერ პუტინს არ სჯერა, რომ უკრაინა ნამდვილი სახელმწიფოა, ალბათ, გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ მან ივარაუდა – უკრაინა პირველივე ბიძგის შედეგად დაინგრეოდა. რუსეთის პრეზიდენტმა თავი მოუყარა დიდ დამრტყმელ ძალებს, ამასთან უპირატესობა მიანიჭა საავიაციო-სარაკეტო დაბომბვებს, რათა ნიადაგი მოემზადებინა სახმელეთო ძალების შეტევისათვის. მაგრამ პუტინს გეგმა ჩაეფუშა – უკრაინელები თავდამსხმელს მედგრად დახვდნენ“, – ნათქვამია სტატიის დასაწყისში.
როგორც ავტორი წერს, სანამ ვლადიმერ პუტინი თავის პოსტზე იმყოფება, უკრაინასთან ომი გაგრძელდება, მაგრამ თუნდაც რუსულმა სამხედრო მანქანამ ბრძოლის ველზე გაიმარჯვოს, უკრაინის ვრცელი ტერიტორიის გაკონტროლება რუსეთისათვის ძალიან რთული საქმე იქნება.
ერთ-ერთი ვერსია, ავტორის აზრით, შეიძლება იყოს უკრაინის გაყოფა მდინარე დნეპრის პერიმეტრზე ან აზოვისპირა ტერიტორიების შენარჩუნება ყირიმისა და დონბასის ერთმანეთთან დაკავშირების მიზნით. ამ ვარიანტს უკრაინა, ალბათ, არ მოიწონებს და წინააღმდეგი იქნება, თუმცა არის ცნობები, რომ ზოგიერთ დასავლელ ლიდერს შეუძლია კრემლის ასეთ ნაბიჯს დაეთანხმოს – სისხლისღვრის შეჩერების მიზნით.
მარკ გალეოთის აზრით, რუსეთი დროთა განმავლობაში სულ უფრო დაემსგავსება ლეონიდ ბრეჟნევის დროინდელ საბჭოთა კავშირს, როცა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკმაყოფილო იქნება და ვინც მოახერხებს, ისინი რუსეთს დატოვებენ.
კვირის პალიტრა
Sunday Times-მა სტატიას ასეთი ილუსტრაცია-კოლაჟი დაურთო – „პუტინიდან ბრეჟნევამდე“.