“ომის დროს, გეშინოდეს მტრის, მტერი სახელმწიფოს მოქალაქეების უკონტროლო შემოდინების” – რას წერს ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სოცილურ ქსელში ხშირად ეხმაურება და წერს:

“ჩვენს ქვეყანაში, ზოგს რომ “ეშინია ქსენოფობებად არ ვიქცეთ”, ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ, ამჟამად ბევრად რეალური საფრთხე ისაა, ხაჭაპურით ჭარბი მასპინძლობისგან ნაწლავები არ გადაეხლართოთ რუს სამუდამო სტუმრებს. ასე რომ, წუხილს იმაზე დავიწყებდი, სასწრაფო დახმარების მანქანები როგორ დავამატოთ ოყნებით, საქვეყნოდ რომ არ მოგვჭრას თავი ზახაროვამ, ქართული მედიკოსები გასტრო-ენტეროლოგიაში ვერ ქაჩავენო.

ერთიც, ფობიის შესახებ. ფობია ჰქვია ირაციონალურ, პათოლოგიური ხასიათის შიშს, როცა გეშინია იმის, რისი საფრთხეც არ არსებობს. მაგალითად, გეშინია გველების და ათვალიერებ გარემოს, არ გადაეყარო, ოღონდ დიდი შანსია, ქალაქში ცხოვრობდე და გველი მხოლოდ ტელევიზორში გყავდეს ნანახი. გეშინია ლგბტ ადამიანის, რომ ორიენტაცია არ გადმოგედოს, გეშინია უცხო ეროვნების ადამიანის, მაგალითად, იმის გამო, რომ 10-ე საუკუნეში მის ქვეყანასთან ომი ჰქონდა შენ ქვეყანას, ან გძულს იმის გამო, რომ შენზე ნაკლები ქვეყნიდან და კულტურის მქონე გგონია და ა.შ.

ომის დროს, გეშინოდეს მტრის, მტერი სახელმწიფოს მოქალაქეების უკონტროლო შემოდინების, ეს ფობია არაა, არც ქსენო და არც რამე სხვა. ასე რომ, ნუ დაკომპლექსდებით, ნორმალურია და გვმართებს სიფხიზლე, მკაცრი ფილტრით ვაკონტროლოთ, ვინ შემოდის, რომ უკრაინელი ბავშვების სისხლზე გამდიდრების მოსურნეებმა, სანამ ომის ბედი გადაწყდება, წინასწარ არ ჩაგვისახლონ ჩვენი მომავალი “ხაზეინები”. ღმერთმა ნუ ქნას და თუ უკრაინა დაეცა, ისედაც არ დააყოვნებს ეს “ნათელი მომავალი”.

“წესიერ რუსებს”, რომლებიც ათასობით არიან აქ, რომ ვთხოვოთ, მივიდნენ ენგურთან, შიდა ქართლის მავთულხლართებთან და რუსულ ჯარს სთხოვონ ტანკების გაყვანა, ერთი აქცია მაინც მოაწყონ, ქსენოფობები ხომ არ ვიქნებით?”, – წერს ფანჯიკიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share