გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: სუვერNet სუვერენიტეტის ნაცვლად

გუშინწინ ოქროს ურდოში დაბარებულმა კოლმეურნეობის თავმჯდომარემ – “ბატკამ”, რომელმაც ბელორუს ხალხს მამობის ნაცვლად პუტინის ბოროტი მამინაცვლობა შეაჩეჩა, ერთი საინტერესო ფრაზა წარმოთქვა: “მე საბჭოთა ადამიანი ვარ. თქვენც (პუტინს მიმართავს), საბჭოთა პერიოდიდან კარგად იცით, ჩვენ მაშინ ყოველთვის ვიყავით სანქციების ქვეშ და ნორმალურად ვცხოვრობდით და ვვითარდებოდით.”

ისედაც უხასიათოდ მყოფ გეოპოლიტიკურ ტერორისტს სახეზეც შეეტყო, რომ ანალოგია დიდად არ ესიამოვნა. იმიტომ კი არა, რომ სტალინის დანატოვარი იმპერიის აღდგენა არ სურს, პირიქით, “რუსკი მირ”-ის იდეა წარსულის ნოსტალგიით ნაკვებ მასას, რუსულად მაინც განსაკუთრებულად კარგად ჟღერს – “ბიდლოს”, ამორტიზებული კომუნისტური იდეოლოგიის ჩამნაცვლებელ სუროგატად შეაჩეჩა. თორემ რა სლავების ძმობა, რა მართლმადიდებლური რწმენითი ერთობა – ურწმუნო და უეროვნებო კაგებეშნიკისგან… მის მიერ გაგზავნილი ბომბებით უკრაინაში ჯერჯერობით ყველაზე მეტად ვინც დაზარალდა, არათუ რუსულად მოლაპარაკე – სწორედ ეთნიკურად რუსი უკრაინელი მოქალაქეები არიან, რომლებსაც პატრიარქ კირილის კურთხევით აპოკალიპტურმა მხეცმა ხარკოვსა თუ ხერსონში ჯოჯოხეთი მოუწყო.

ლუკაშენკოს მიერ დასახული პერსპექტივა პუტინს ბევრი მიზეზის გამო არ ესიამოვნა. ვინ თუ არა მან კარგად იცის, რომ ეს პერსპექტივა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული სტალინის ეპოქაში კი არ ეპატიჟება, არამედ ცივი ომის ბოლო ფაზაში, სადაც თითქმის მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგაა. თავისი ოცნებების ხორცშესხმად მას საჭმელზე ტალონები და მაღაზიებთან რიგები არ წარმოედგინა. რუსეთი დღეს, გეგმური და საკუთარ რესურსებსა და წარმოებაზე დაფუძნებული ეკონომიკის ნაცვლად, ცივილიზებული დასავლეთის პარაზიტად ქცეულ სამომხმარებლო დანამატს წარმოადგენს. ბიუჯეტის 40%-ზე მეტს მიწიდან ამოღებული რესურსით ავსებს და იმის მყიდველიც თუ ნელ-ნელა შეუმცირდება, მოხდება ის, რაც სწორედაც რომ საბჭოთა კავშირს დაემართა.

ყველაზე უკეთ პუტინმა იცის, რომ ისტორია მას არა ახალ იალტის კონფერენციასა და ევროპის გადანაწილებას, არამედ საუკეთესო შემთხვევაში, აგერ 30 წლის წინ მომხდარ ამბავს უმზადებს – ამბავს იმაზე თუ როგორ ჩამოინგრა საბჭოთა კავშირი. ეს კი მისი კოშმარული სიზმარია. მისი მთავარი მოტივატორი ხომ წყენა, ბოღმა და ბრაზია იმაზე, თუ როგორ დაიჩაგრა და დასუსტდა 90-ინებში რუსეთი.

არადა სათუოდ აღარაა საქმე. მისი გეგმა და პროგნოზი, რომელიც აქამდე უხარვეზოდ მუშაობდა – ამოყირავდა: 2 დღეში გეგმავდა კიევის აღებას და ამავე პერიოდში მისი პროპაგანდის მიერ “კლოუნის მთავრობად” მონათლული ხელისუფლების ჩამოშლას, დანებებას ან გაქცევას. კლოუნმა გაძლო, ხალხიც უძლებს, აგერ უკვე მეცხრამეტე დღეა. ელოდა, რომ აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში მაინც ყვავილებით შეხვდებოდნენ და ისეთ წინააღმდეგობას წააწყდა, საკუთარი გენერლებისთვის ყვავილების სამგლოვიარო გვირგვინების გაგზავნას ვერ აუდის. პუტინი დარწმუნებული იყო, რომ დასავლეთი სერიოზულ სანქციებზე არ წავიდოდა. ახალ მსოფლიო წესრიგამდე, უფრო სწორად კარგად დავიწყებულ, ძველ, გავლენების სფეროებად ქვეყნების დანაწილებამდე ერთი ნაბიჯიღა აკლდა. მაგრამ პირველ რიგში უკრაინელმა ხალხმა და შემდეგ მთელმა მსოფლიომ სილა, უფრო სწორად მუშტი უთავაზა, რომელიც მწარე პანღურად შეიძლება გადაიქცეს… ასეთს კი ძლიერ მბრძანებელს მიჩვეული რუსული ბიდლო, როგორც წესი არ პატიობს,
პუტინს და სტალინის მემკვიდრეობის ეკონომიკურ პარაზიტირებაზე გაზულუქებულ ელიტას “სუვერენული დემოკრატია” უნდოდათ, სადაც თავის ინტერესებს, მათ მიერ მოგონილი უსამართლო კანონებით და რეპრესიული მანქანით დაიცავდნენ და არა სუვერNET- ი, იგივე RUNET-ი, ფეისბუქის, ინსტაგრამის, ვიზა და მასტერკარდის, მაკდონალდსის და გუჩის გარეშე დარჩენილი რუსული სამყარო – ანუ მართლაც, ნამდვილი ,,რუსკი მირი.“ სადაც მარტო დარჩნენ საკუთარ თავთან და იმ უამრავ პრობლემასთან, რომელიც რუსეთის სრულ იზოლაციას თან მოჰყვება.

ამიტომ არ სიამოვნებს ვვპ-ს ლუკაშენკოს მიერ საბჭოთა კავშირის პარალელები, იცის, რომ ვვპ – ანუ მთლიანი შიდა პროდუქტი იმ ქვეყნის, რომელსაც ნახევარ მსოფლიოზე ჰეგემონიის პრეტენზიები აქვს, მთავარი ვიზავის ერთი შტატის ეკონომიკის მოცულობასაც კი არ უტოლდება. ჩინელების იმედად ყოფნაც ძალიან არასაიმედოდ მოჩანს, მეორადი სანქციების მსხვერპლად ქცევის პერსპექტივა არავის სიამოვნებს და თურქეთიც მყარად მიყვება თავის სტრატეგიულ ინტერესს, მოსკოვთან კონტაქტს ინარჩუნებს, თუმცა უკრაინელებს ბაირახტარების ახალ-ახალ პარტიებს უგზავნის.

მსოფლიოს ფლობაზე მეოცნებე ვლადიმირის იმედგაცრუებას ჯერჯერობით ასადის, მადუროს და ღარიბაშვილის პოზიციები თუ ანელებს… თუმცა აქაც პრობლემებია: ასადი იმას დარდობს, სირიიდან რუსული სამხედრო დანაყოფები თუ გავა – რეჟიმი თავზე არ ჩამოემხოს; მადუროს სული მისდის, ისე სურს ამერიკელების შეთავაზებას დათანხმდეს სანქციების შემსუბუქებაზე – ნავთობის მიწოდების სანაცვლოდ; აი, ღარიბაშვილი კი რაღაცას თამაშობს, ისეთს რაც არც უკრაინელებს და არც ანტიპუტინურ კოალიციას არ მოსწონს, ქართველი ხალხის უმრავლესობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მასთან შესათავაზებელი პუტინს ხომ აღარაფერი დარჩა – ეროვნული ენერგიის გამომფიტავი შიშის და სუვერენიტეტის საბოლოოდ დათმობის გარდა, ისიც მხოლოდ სუვერNET-ის სანაცვლოდ.

ფორმულა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share