“გოიმების დოღია, რა! სახტად დავრჩი! პუტინმა მთელი მსოფლიო მოგვატყუა, ტო!”

“პუტინს ამიერიდან ვეღარაფერი შეაჩერებს, რადგან ისეთი რამ ჩაიდინა, რომ უკან დასახევი გზა აღარავის დაუტოვა… მერე რა, რომ დიდი პოლიტიკაა? – ისეთი რამ არ უნდა ქნა, გამოსავალი აღარ არსებობდეს და ბოდიშის მოსახდელიც აღარ გქონდეს! საშინელებაა, რაც ხდება და საერთოდ, გოიმების დოღია, რა!”, – ამის შესახებ მსახიობმა ზურა ყიფშიძემ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ისაუბრა.

” იუგოსლავიაზე ამიხსნას ვინმემ! მსოფლიო ჟანდარმის როლი რომ ითამაშა ამერიკამ, ქვეყანა დაანგრია და დღეს კაციშვილი აღარ ახსენებს მაგაზე არაფერს… აბა, იქაურ ხალხს ჰკითხეთ, რა გადაიტანეს! ვინც ქვეყნების, ხალხის განადგურების უფლებას აძლევს თავის თავს, ჩემთვის ყველა ერთია! ავღანეთში ამერიკა შევიდა ათი წლით, მერე რუსეთი რვა წლით, ზოგმა, ვისაც მოუნდა, სირია დაბომბა, ზოგმა ლიბია და ასე შემდეგ… საბოლოოდ, ყველაფერი იქ მიდის, რომ დედამიწისთვის ძალიან ბევრია 7 მილიარდი ადამიანი და გამოხშირვა უნდათ!

ჩვენს ქვეყანას რაც შეუძლია თანაგრძნობას გამოხატავს და მეტი რა უნდა ქნას, ომს ხომ ვერ დაიწყებს?! მე არავისკენ არ ვარ, სიმართლისკენ მინდა ვიყო, მაგრამ საფრანგეთი ვერ ერევა ბოლომდე მაგ ამბავში და საქართველომ რა უნდა გააკეთოს?! აბა, მაშინ, ავიყაროთ მთელი ერი და წავიდეთ უკრაინაში საომრად! ჰუმანიტარულ დახმარებას ვაგზავნით, ვისაც რა შეგვიძლია! რა სანქციები უნდა დავუწესოთ ჩვენ რუსეთს, სად გვაქვს ჩვენ სასანქციოდ საქმე?! რაც შეგვიძლია ვაკეთებთ და მეტის თავი ჩვენ არ გვაქვს!

პუტინი ყოველ საღამოს იძახდა, რა გამიწყალეთ გული, არ ვაპირებ არაფერსო და არ დაიწყო, ტო?! – აი, სახტად დავრჩი! არ ვიცი, რა ჯოჯოხეთი ტრიალებს. ომის დაწყებიდან მესამე დღეს ბავშვთა ონკოლოგიური საავადმყოფო დაბომბა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი დიდია… მარტო ამით არის უკვე ნათქვამი ყველაფერი და რა აზრი უნდა ჰქონდეს, მან რაც უნდა თავი იმართლოს?!

ტელევიზორი შემზიზღდა, ხანდაზმული კაცი ვარ და რომ ვუყურებ, სულ მეცრემლება… თუმცა დღეს ყველა ეგრეა, იმდენად დიდი საშინელება ტრიალებს ჩვენ თვალწინ!” – აცხადებს ყიფშიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share