თბილისში კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადებისთვის სამედიცინო დაწესებულების ექთანი და კიდევ ერთი პირი დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მათ მოქალაქეს 150 ლარის სანაცვლოდ COVID-19 აცრის ყალბი ბარათი დაუმზადეს და ის ოფიციალურ ბაზაში ვაქცინირებულად დაარეგისტრირეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექთანმა, რომელიც თავისი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, ახდენდა მოქალაქეთა კოვიდ-ვაქცინაციას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად, მოქალაქეს გამოართვა 150 ლარი, რის სანაცვლოდაც, აცრის შესაბამისი პროცედურის განხორციელების გარეშე, დაამზადა COVID-19 აცრის ყალბი ბარათი, თითქოსდა მოქალაქე აიცრა Pfizer-ის ვაქცინით.
ამავდროულად, ბრალდებულებმა, ყალბი ბარათის საფუძველზე, მოქალაქე დაარეგისტრირეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ბაზაში, როგორც ვაქცინირებული პირი” – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.