კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კონტრაბანდასთან დაკავშირებით ტყუილია. როგორც წულუკიანი ამბობს, საქართველოს საზღვრები კონტროლდება.
“მინდა, ქალბატონ ვერეშჩუკს ვუთხრა. ძვირფასო კოლეგავ, მინდა, გჯეროდეთ და გარწმუნებთ, საქართველოს საზღვრები კონტროლდება. ამის შესახებ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ეს საზღვრები კონტროლდება სწორედ იმისთვის, რომ ნებისმიერი სანქცირებული, იქნება ეს სამხედრო, ორმაგი დანიშნულების მასალა, თუ საქონელი, არ ასცდეს მკაცრ საბაჟო მონიტორინგს ჩვენს საზღვრებზე. ეს არის რეალობა, დანარჩენი ყველაფერი არის ბინძური ტყუილი. ჩვენი ბრალი ვერ იქნება, თუ უკრაინა სამწუხაროდ ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად. ამიტომაც, მე ვისურვებდი, რომ უკრაინის მთავრობა არ აჰყვეს კრიმინალებს, მათ ნაამბობს, რაც არ უნდა ძნელი იყოს ომის პირობებში სიმართლისა და ტყუილის გარჩევა ხანდახან”, – ამბობს წულუკიანი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ცნობით, რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს.
დაზვერვის სამსახურის განცხადებაში წერია:
“იმისთვის, რომ სანქციებს გვერდი აუარონ, რუსეთის აგენტები კონტრაბანდის გზებს აყალიბებენ, რომლებიც, საქართველოს ტერიტორიაზე გადის.
ამასთან, საქართველოს სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებმა პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიიღეს დირექტივა, არ შეაფერხონ კონტრაბანდისტების საქმიანობა”.
უკრაინა, ასევე აცხადებს, რომ დღეისთვის ცნობილია რუსეთის ფედერაციის კონტრაბანდული საქონლით მომარაგების კიდევ ერთი არხი – აღმოსავლეთ აზია. სწორედ მისი დახმარებით მიეწოდება ოკუპანტ ქვეყანას ტექნიკა, ელექტრონიკა და ოპტიკური მოწყობილობები.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ფინანსთა და განაცხადა, რომ ეს არის “ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება”.