რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინაში რუსეთის მიზნების მიღწევა “ეჭვგარეშეა”. ამას გარდა, მან რუსეთის მიზნებს “კეთილშობილური” და “გასაგები” უწოდა.
“ცხადია, რომ სხვა არჩევანი არ გვქონია და ის, რომ მიზნები მიღწეული იქნება – ეჭვგარეშეა, ეს მართალია… მიზნები აბსოლუტურად გასაგები და კეთილშობილურია. მთავარი მიზანია, დავეხმაროთ დონბასელ ხალხს, რომელიც ჩვენ ვაღიარეთ.
იძულებული ვიყავით ეს გაგვეკეთებინა, რადგან კიევის ხელისუფლებამ, დასავლეთის ზეწოლით, უარი თქვა მინსკის შეთანხმების შესრულებაზე, რომელიც მიზნად ისახავდა დონბასის პრობლემის მშვიდობიან გადაჭრას”. – თქვა პუტინმა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.