მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეუძლია გადაწყვიტოს 100 000 მშვიდობიანი მოქალაქის ბედი, რომლებიც ჯერ კიდევ მარიუპოლში არიან ჩარჩენილები – უთხრა ქალაქის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ Reuters-ს და აღნიშნა, რომ რუსები დაღუპულთა რეალური რიცხვის დამალვის მიზნით, ცხედრებს კრძალავენ.
“მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ სიცოცხლე, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, არის მხოლოდ ერთი ადამიანის – ვლადიმერ პუტინის ხელში. და ყველა სიკვდილი ამის შემდეგ, ასევე მის ხელში იქნება”, – აღნიშნა ბოიჩენკომ ინტერვიუში.
რაც შეეხება მარიუპოლის “გათავისუფლებაზე” პუტინის განცხადებას, ქალაქის მერი ამბობს, კრემლის ლიდერის გეგმა არა გათავისუფლება, არამედ მისი განადგურება იყო. ბოიჩენკოს თქმით, ქალაქის 90% დაზიანდა ან განადგურდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
“დღეს ყველა დონეზე ჩვენ მხოლოდ ერთ რამეზე ვსაუბრობთ – რომ ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა, გვჭირდება მარიუპოლის 100 000 მაცხოვრებლის სრული ევაკუაცია, რომლებიც რუსული ძალების ტყვეები არიან და ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ყველა ადამიანი, ვინც აზოვსტალში იმყოფება”, – თქვა ვადიმ ბოიჩენკომ.
მისივე თქმით, ხუთშაბათს გავრცელებული სატელიტური ფოტოები იმის დადასტურებაა, რომ რუსები “ცინიკურად მალავენ თავიანთ სამხედრო დანაშაულებს ამ მასობრივ საფლავებში”.
რაც შეეხება აზოვსტალში გამაგრებულ უკრაინელ სამხედროებს, მარიუპოლის მერი აღნიშნავს, რომ ისინი დანებებას და იარაღის დაყრას არ აპირებენ.