ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ და ასევე, პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე ისაუბრა, რომლის თანახმად მიხეილ სააკაშვილს ყველანაირი მკურნალობა უტარდება.
მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია.
„როგორ უნდა ისეირნოს მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც ფეხები დასიებული აქვს, სტკივა და გადაადგილება უჭირს. პენიტენციურმა სამსახურმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომ ყველაფერი კარგად არის, მაშინ მე ვსვამ კითხვას – თუ ყველაფერი ასე არის, მაშინ გვაჩვენონ დინამიკა, მისი დაწყებული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დღევანდელ დღემდე. გვაჩვენონ ობიექტურად, კვლევების მიხედვით – რა გაკეთდა და როგორ გაკეთდა. ყველანაირ გამოკვლევებში ვნახავ ნამდვილად უარყოფით დინამიკას.
სააკაშვილის მდგომარეობას ვაფასებ, როგორც ექიმი და არა მამა. წინა პროცესიდან ვიზუალური დაკვირვებით დავინახე, რომ იყო ჯანმრთელობის უარყოფითი დინამიკა. საქმე არის ძალიან ცუდად, საქმე უკან მიდის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად არის დამძიმებული“, – აცხადებს ნიკოლოზ სააკაშვილი.
სააკაშვილის მამამ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსაც მიმართა.
ნიკოლოზ სააკაშვილის თქმით, თუ სააკაშვილს გაუშვებენ ციხიდან, ქვეყანაში დეპოლარიზაცია მოხდება.
„ყოველდღე გვესმის „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი კრიმინალი, ყაჩაღი, კონტრაბანდისტი და ბანდის მეთაური. ხალხნო! სირცხვილია ასეთი ლაპარაკი ადამიანზე, რომელმაც ქვეყანა აბსოლუტურად გარდაქმნა, დადებითობისკენ წაიყვანა. ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ მისი სიკვდილის ქრონიკას. ჭიანჭველა რომ ჭიანჭველაა, იმასაც კი აქვს სიცოცხლის უფლება და მით უმეტეს, ცოცხალ არსებას. ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს. მას უცხოეთში მკურნალობა სჭირდება. მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და მოვიშველიებ მის სიტყვებს: „ჩვენ რომ მიშა გავუშვათ, პოლარიზაცია გამწვავდება ქვეყანაში“. ტყუილია, პირიქით, დეპოლარიზაცია მოხდება“, – დასძენს სააკაშვილის მამა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ახლობლები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა. უკრაინის ომბუდსმენმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ადეკვატური სამედიცინო დახმარება.
22 აპრილს პენიტენციურმა სამსახურმაც გაავრცელა განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სააკაშვილი უარს აცხადებს ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, ნევროლოგის დანიშნულ მკურნალობაზე, ფსიქოთერაპიის კურსის ჩატარებაზე და რეკომენდებულ ფიზიკურ აქტივობაზე.