ამ წერტილიდან თუ 2012 წლის საქართველოს გადავხედავთ, დავინახავთ, თუ რამდენად მარტივი იყო ყველაფერი. მარტივი პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისთვის, ადამიანისთვის, რომლისთვისაც არ არსებობდა არანაირი შეზღუდვა და დახურული კარი ახალი სამყაროს, ახალი მეგობრებისა და ახალი საქართველოს აღმოსაჩენად. ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, რეგიონში უნიკალური პრეცედენტი და ქართველთა ნდობის კრედიტი ივანიშვილს საშუალებას აძლევდა, როგორც პირადად მას, ისე მთელ ქვეყანას წინ დიდი ნაბიჯი გადაედგა.
მას შეეძლო, შეეძინა ახალი მეგობრები, გაეჩინა დიდი საერთაშორისო კონტაქტები და საკუთარ ფინანსურ რესურსებთან ერთად საქართველოს მომავლისთვის გამოსადეგ შესაძლებლობად ექცია.
ეს ასე არ მოხდა. 2013 წელს დავოსში ჩასულმა ივანიშვილმა ჯერ სათითაოდ დაუწყო კონფერენციის მონაწილეებს იმის ახსნა, რამდენად ცუდი ქვეყანა იყო საქართველო და რამდენად მოტყუებული საერთაშორისო საზოგადოება, როცა წინა მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების წარმატებულობაზე ჩამოყალიბებული აზრი ჰქონდა.
ამას ქვეყნის პრემიერი ამბობდა. ალბათ არცაა გასაკვირი, რამდენად გაიუცხოებდნენ დავოსში ადამიანს, რომელიც უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნისას საკუთარ ქვეყანას უკან სწევდა. იყო გამონაკლისიც, რომელიც ივანიშვილმა საგანგებოდ აღნიშნა – ანატოლი ჩუბაისი, რომელმაც ივანიშვილს ხუმრობა შეუქო და საქართველოს მაშინდელ პრემიერს ხასიათი გამოუკეთა. სწორედ აქ გამოჩნდა ის უზარმაზარი უფსკრული, რაც საქართველოს ინტერესებსა და ივანიშვილის უნარებს, მის ამოცანებს შორის არსებობდა.
როგორც ჩანს, არ არსებობს ფულის რაოდენობა, რომელიც ადამიანს საკუთარი ბუნებრივი, სასურველი არსებობის სფეროდან გამოიყვანს და ახალ შესაძლებლობებს დაანახებს. ეს მხოლოდ სურვილის შემთხვევაში ხდება. ივანიშვილს კი ეს არასდროს უნდოდა.
ალბათ ამიტომაც იყო, რომ პრემიერობის დროს მან ვაშინგტონში არ იმოგზაურა, არავის შეხვდა და საკუთარი თავი გააცნო. მიზეზი არასდროს ყოფილა რთული გამოსაცნობი, მაგრამ ახლახანს გამოქვეყნებული სატელეფონო ჩანაწერი ამას ბევრად უფრო ნათელს ხდის. მას არ სჭირდებოდა ახალი მეგობრები.
ივანიშვილის და ევტუშენკოვის სატელეფონო საუბრის მოსმენა გვჭირდებოდა იმისთვის რომ გაგვეგო ვინ არიან ბორენკა და მისი მეგობრები?! ან სიახლე იყო ის თუ ვინ აძლევს ირაკლის თუ ირაკლებს მითითებებს?! ანდა საერთოდ რა არის აქ გასაკვირიო, იკითხეს ოცნების ლიდერებმა: ორი გავლენიანი ბიზნესმენი ერთმანეთში საუბრობს და ვისი რა საქმეა, ან რა პრობლემააო.
პრობლემა ისაა, რომ ბორენკასა და მისი მეგობრების სამყაროში სიტყვას, ისევე, როგორც სიცოცხლეს ფასი არ აქვს. ყველაფერს ფული და ნულების რაოდენობა წყვეტს და რაღა თქმა უნდა ფსბ-ს ვერტიკალი, რომლის განუყოფელი ნაწილიც არიან ბორენკას მეგობრები. ივანიშვილის სანაცნობო-სამეგობრო-საპარტნიორო წრე ფსბ-ის ვერტიკალის ბიზნეს განშტოებას წარმოადგენს. მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში ქალებს და ბავშვებს უმოწყალოდ ხოცავს, მთელი ცივილიზებული მსოფლიო მოსკოვს სანქციებს უწესებს, ჩვენ კი გვაფრთხილებენ რომ ქვეყანა ამ სანქციებისგან თავის ასარიდებელ შავ ხვრელად არ ვაქციოთ, საქართველოს მთავრობის მეთაურს ავალებენ, რომ ვიღაც ალისა და დავითთან ერთად ბორენკასა და დასანქცირებული ვალოდკას საეჭვო ბიზნეს გარიგებები მოაგვაროს.
როგორც კვამლი არ არსებობს ცეცხლის გარეშე, ისე უკრაინის დაზვერვის ბრალდებები, თუ გაფრთხილებები ამერიკისა თუ საფრანგეთის ელჩების მხრიდან, რომ ნებით თუ უნებლიეთ, საქართველო არ გახდეს რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების ხელშემწყობი სივრცე, არ აღმოჩნდა საფუძველს მოკლებული.
საქმე აქ მხოლოდ სანქციებშიც არ არის. წარსულს ვერ შეცვლი, აი მომავალს – კი. ამის მიღწევას ცდილობს საქართველო ბოლო 30 წელია და ამ ამოცანას ემსახურებოდა ოცნებისთვის ხმის მიმცემთა უმრავლესობისთვის ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლაც, რომელსაც, მეტი თავისუფლება და კეთილდღეობა უნდა მოეტანა ხალხისთვის. პირიქით კი მოხდა. დღეს საქართველო, რომელიც ბორენკას და მისი მეგობრების საბალახოა და რომელსაც მილიარდერი “ირაკლი მალადოის” ამართვინებს, ნაკლებად თავისუფალი, ბევრად ღარიბი, და რუსეთზე მეტად დამოკიდებულია, ვიდრე ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე.
გუშინ, ევროპაში ამერიკის ყველაზე დიდ სამხედრო ბაზაზე მნიშვნელოვანი თავყრილობა იყო. 44 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ამერიკის ლიდერობით შეიკრიბა და უკრაინის დახმარებაზე იმსჯელეს. ანუ იქ იჯდა ფაქტობრივად სრულიად ანტიპუტინისტური სამხედრო-პოლიტიკური კოალიცია. ჩვენ იქ არ ვიყავით. არადა საქართველოს საერთაშორისო მისიებსა და თუ სამშვიდობო ოპერაციებში სისხლი აქვს დაღვრილი, წლების მანძილზე რეგიონში ვაშინგტონის მთავარი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი ვიყავით. ერთ სულ მოსახლეზე ამერიკული დახმარების მიღების სტატისტიკით მხოლოდ ისრაელი გვისწრებს და არც ევროპულ ქვეყნებს დაუხარჯავთ ცოტა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად.
როცა 2008 წელს MAP-ს ვითხოვდით და მიღებულის MAP-ზე უკეთესად გარდაქმნა გვინდოდა, ალბათ ვერც წარმოვიდგენდით, რომ სასურველ ამოცანათა წრე ასე დავიწროვდებოდა, ხოლო MAP-ზე უკეთესი – ზე უკეთესად გადაიქცეოდა. მახვილი თვალი აქვს მარგარიტა სიმონიანს, ენაც მახვილი. თუმცა, რა განსაკუთრებული სიმახვილე სჭირდება, მთავარია თვალებს არ იბრმავებდე, ბორენკას საქართველოს მოძრაობის ტრაექტორიის შემხედვარე ვერ მიხვდე, რომ იქ ხარ უკვე – რუსების ОДКБ-ზე “უკეთესში!”.
ფორმულა