ფეფო – მარად განახლებადი ფენომენი
მანანა ქილიფთარი
შეიძლება მიკერძოებულობაში ჩამეთვალოს, მაგრამ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მასწავლებელთა მასწავლებელი მგონია. ეს მან უნდა შემიყვანოს ვაჟას, ილიას, აკაკის, გალაკტიონის… სამყაროში, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შევიგრძნო მშვენიერება, სიმძაფრე და ვირწმუნო, მათი წყალობით რა დიდი განძის მფლობელები ვართ ქართველები.
მე არა ვარ ფეფო ბოლქვაძის ნამოწაფარი, სამწუხაროდ, არც მის გაკვეთილს დავსწრებივარ, დიდი სურვილის მიუხედავად. ეს სინანული სიცოცხლის ბოლომდე გამყვება.
ქართული ენისა და ლიტერატურის უბადლო მასწავლებელი მყავდა, საყოველთაოდ ცნობილი მარგალიტა კუნჭულია. მისი გაკვეთილი იყო დღესასწაული. მსგავსი რამ მომისმენია ფეფო მასწავლებლის ნამოწაფარებისაგან.
ფეფო ბოლქვაძემ და ზინა სალუქვაძემ ძალიან ბევრი ღონისძიება აჩუქეს ქალაქს
მე ჩემს დიდ მასწავლებელს საუკუნის ფილოლოგი ვუწოდე. მაგრამ, რა თქმა უნდა შეფასებაში მაჯობა, მისმა დიდმა ნამოწაფარმა, აკადემიკოსმა რეზო სირაძემ, რომელმაც მასზე თქვა, მარად განახლებადი ფენომენი. ანალოგიურს ვიტყვი ფეფოზეც, ჭეშმარიტად იგი გახლდათ მარად განახლებადი ფენომენი.
ამ შეფასებას წლები დასჭირდა. 62 წელი ქალაქის N3 სკოლაში. თავისთავად, ეს რეკორდია. ის, რაც მან მოახერხა ჰგავს მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის დაპყრობას რჩეული მთასვლელისაგან. როგორც პედაგოგმა, მან ყველა მწვერვალი დაიპყრო.
…რამდენიმე დღის წინ, მის ერთადერთ ქალიშვილს, ნინო ვაშალომიძეს ვსტუმრობდი. საუბარი დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა მისაღებ ოთახში, სადაც მის საყვარელ დედას უამრავი სტუმარი და მოსწავლე მიუღია. ვათვალიერებ ალბომს, თითქმის, მთელი ქალაქის წარსული ცხოვრება ცოცხლდება. ფოტოები გადაღებული სკოლაში, ნამოწაფარებისაგან მიღებული უთბილესი წერილები, ღონისძიებები, რომლის სცენარის ავტორი თავად ფეფო ბოლქვაძე გახლდათ და რომელიც დღემდე ახსოვთ ჩვენს ქალაქში. მოვიგონეთ მამა,წარსულში ბოხვაურის სკოლის დირექტორი, ბაბუა, უაღრესად განათლებული კაცი, თბილისში სტამბის მფლობელი, რომელიც საკუთარ ჟურნალს გამოსცემდა. საუბრის დიდი ნაწილი მაინც მისი ცხოვრების უკანასკნელ დღეებსა და წუთებს დაუთმეთ. მშვიდი და გაწონასწორებული, სიკვდილთან ჭიდილში. უამრავი მეგობარი, რომელსაც მადლიერების სიტყვებით ემშვიდობება. ასე წასულა ფეფო ბოლქვაძე ჩვენგან.
სურათი, რომელიც ყველაზე ძალიან მოსწონდა
მოგონებები მასზე ყოველდღიური და ყოველწუთიერია. ზოგჯერ იგი საგაზეთო წერილში გადაინაცვლებს. თუმცა, მისი გაკვეთილები ყოველდღე ახსენებს თავს მის ყოფილ მოსწავლეებს, ისე, როგორც მე მარგალიტა კუნჭულიას მიერ ჩატარებული გაკვეთილები. ეს ისინი „გვაიძულებენ“, რომ მათზე მარადიულად ვიფიქროთ.
მაია გოგუაძე, ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ხშირად სოცოცხლე უფლის კალთიდან გადმოვარდნილ მარცვალს ჰგავს,რომელიც ნელ-ნელა ღვივდება და თითქმის, მთელ საუკუნეს მოიცავს. ეს ის გზაა,სამყაროს რომ შეგიქმნის და წუთებს, მარადჟამულად ქცეულს,ნათელ ფერებად გიქცევს…ვფიქრობ, ამგვარი ფერების ძერწვა მხოლოდ, განსაკუთრებულ ადამიანს შეუძლია, იმას, ვინც სიცოცხლეში აფრქვევს სითბოსა და სიყვარულს და სულის საგზლად მიჰყვება მზის სხივებით გამთბარი გულები-სწორედ, ასეთი გახლდათ ჩემი ფეფო მასწავლებელი! მასზე მოგონება გულისგულში ანთებულა და მარადისობად დარჩენილა.
ჩემს გონებაში არასდროს წაიშლება მისეული ხიბლი ქართული სიტყვისა, რომლითაც დღესაც ვსაზრდოობ! მახსენდება,თუ როგორი სისათუთითა და ტკბილი საუბრით გვახეტიალებდა ტატოს, გალაკტიონის, ტიციანის სულის ლაბირინთებში და რუდუნებით ეწეოდა მოძღვრის ტვირთს…
იგი ჩემი დამრიგებელი იყო და სიყვარულის მესაიდუმლეც. თითქოს გრძნობდა ჩვენს ფიქრებს და მშველელად ფრესკული ღიმილით მოგვევლინებოდა ხოლმე. ხან გულში ჩაგვიხუტებდა, ხანაც სამკუთხედად დაკეცილი ბარათს ხელში კრძალვით მოგვაწოდებდა და ასე გვირიგებდა მზის სხივებად არეკლილ ფრაზებს..ერთხელაც ასეთი სიტყვები აღმოვაჩინე ბარათში: “იცოდე, არაფერზე იდარდო,სადაც სიყვარულია,შეუძლებელს შეძლებო“!
მისი დამსახურება იყო, რომ მე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გავხდი, მერე კოლეგადაც აღმოვჩნდი იმავე სკოლაში და ღვთის წყალობად მივიჩნევდი მასთან ერთად ჩატარებულ გაკვეთილს..თავიდან მერიდებოდა, მაგრამ ჩვეული ღიმილით მუდამ მამხნევებდა … მერე წლები გავიდა, უამრავი დაბრკოლებაც აღმოჩნდა ცხოვრების გზაზე–მე კი ისევ მისეული შეგონება ყველაზე დიდი ტკივილის ჟამსაც მავსებდა და ვგრძნობდი, რომ „შუძლებელი შევძელი!“
და დღეს,როცა მის ნაბიჯებს მივუყვები, მინდა, კიდევ ერთხელ მოვეფერო და ვუთხრა, რომ დღესაც მათბობს მისეული ღიმილი და ვცდილობ, მეც ვუწილადო მოსწავლეებს ის სიყვარული, ასე უხვად რომ დატოვა საფერებელ სიტყვასთან- „დედუკასთან“ერთად…
ნანა გაგუა: ფეფო ბოლქვაძე, ჩვენი ქალაქის განუმეორებელი ეგზოტიკა, მისი ტკბილად ნათქვამი დედუკათი, მისეული, უჩვეულო ინტონაციითა და გამორჩეულად იშვიათი თვისებებით. ახლაც თვალწინ მიდგას , როგორ მოიჩქაროდა სკოლისკენ, ასაკს ნაკლებად შეიმჩნევდა. გზაში შემხვედრთ ღიმილს, სიყვარულს და სითბოს არიგებდა. ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი მშვიდად იტყოდა- „დედუკა, ,გულის გატეხა როგორ იქნება, ყველაფერს მოევლება“ და მართლაც, რაღაც უდიდესი ძალა ჰქონდა მის ამ სიტყვებს. გულში მზე ენთო, თაფლად იღვრებოდა მისი ქართული, მისეული სიბრძნე თაობებს სანთლად ენთებოდა ცხოვრების გზაზე და თავადაც ფარვანასავით იწვოდა და იღვენთებოდა მათ სამსახურში. ტკივილიან- ცრემლიანი გზა განვლო, ამავდროულად, მის ცხოვრებაში მრავლად იყო ამაღლებული, დიდებული წუთები მისი ნიჭიერების, ღვაწლის აღიარებისა.უთქვამთ, ადამიანის ცხოვრება, იგავ-არაკივით არა სიგრძით, შინაარსით იზომებაო. შინაარსიანი გზა განვლო, როგორც მოძღვარმა. საზოგადოების წევრმა, კოლეგამ, მეგობარმა, დედამ, ბებიამ და ზოგადად ქალმა. ამადაც დარჩება მისი სახელი ნათელ სხივად ჩვენი სკოლის და ქალაქის ისტორიაში.
როზა გოგუაძე: „ფეფო ბოლქვაძე ჩემი მეგობარი იყო. ეს ჩემთვის დიდი პატივია. მასთან ურთიერთობის დაწყებას უკავშირდება ჩემი ახალგაზრდობის წლები. 1968 წელია. 25 წლის ვარ, დაუოჯახებელი. სიხარულისაგან ცაში დავფრინავ, რადგან ოცნება ავისრულე და ოზურგეთის განათლების განყოფილებაში დავიწყე მუშაობა. რიგრიგობით გვსტუმრობენ წარმატებული პედაგოგები. ერთ დღესაც სამუშაო ოთახში ვზივარ ლალი თავაძესა და კლარა გურგენიძესთან ერთად. კარი გაიღო. ფეფო და მარგალიტა კუნჭულია შემოვიდნენ. ჩვენ მოკრძალებით ფეხზე ავდექით და ისე შევეგებეთ მათ. ყველა კვირაში ეთხელ ეს ორი რჩეული ფილოლოგი ჩვენს ოთახს სტუმრობდა, რომ კლარა გურგენიძესთან ერთად განეხილათ ახალი მეთოდოლოგია. ისინი იყვნენ მარადიული მაძიებლები და ამაში იყო მათი წარმატების საიდუმლოც.
რაც შეეხება ფეფოს, ის წარმატებულ მასწავლებელთან ერთად იყო ასევე დიდი მოღვაწე. მახსენდება მისი ტანდემი ღვაწლმოსილ ბიბლიოთეკართან ზინა სალუქვაძესთან ერთად. არა ერთი საინტერესო ღონისძიება გამართულა დიდი ფეფოს მონაწილეობით, იყო ყოველთვის სცენარის ავტორი. ბედნიერი ვარ, რომ ფეფო ბოლქვაძის მეგობარი მერქვა და მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა მას, დიდი მადლობა, ფეფო, რომ არსებობდი და ჩემი მეგობარი გერქვა.’’
…..გორკის ქუჩაზე გავიზარდე. სულ რამდენიმე მეტრი და „მოიდანახის“ სასაფლაოს მიადგები. ამის გამო, ძალიან ბევრი რამ გვახსენდება მეც და ჩემს მეზობლებსაც. ჩვენ გვინახავს უსაზღვროდ დამწუხრებული მშობლები, ახლობლები, მეგობრები და გვინუგეშებია ისინი. მაგრამ,ის რასაც ამ ბოლო წლებში ვხედავ, ასეთი რამ მე პირადად არ მახსოვს. როდესაც რამდენიმე წლის წინათ ჩვენ ქუჩაზე რამაზ ნიკოლაიშვილის ფეშენებელურმა ჯიპმა ჩაიარა, ერთმანეთს გაკვირვებულმა ვკითხეთ, ვის საფლავზე შეიძლებოდა მისულიყო ოზურგეთის ექსგუბერნატორი. ახლა ამ შეკითხვას არავინ სვამს, ვიცით, რომ თუ ოზურგეთს ესტუმრება,აუცლებლად უფროსი მეგობრის საფლავს მოინახულებს. ამით იმას არ ვამბობ, რომ ჩვენც არა გვაქვს ანალოგიური სურვილი, მაგრამ ამას სამწუხაროდ ხშირად ვერ ვახერხებთ. ყოველთვის მინდოდა გავსაუბრებოდი ფეფო ბოლქვაძის საფლავთან. დაახლოებით ერთი თვის წინ ეს სურვილიც ავისრულე. სასაფალოს ბილიკს სახლამდე მივყავარ, ვხედავ საფლავთან მდუმარედ მდგარ რამაზ ნიკოლაიშვილს. რა თქმა უნდა გავესაუბრე.
რამაზ ნიკოლაიშვილი: „ჩვენ პირველი შეხვედრისთანავე დავმეგობრდით, მაშინ, როცა მე მის გაკვეთილს დავესწარი. ადამიანური სენტიმენტები ორივეს გაგვიჩნდა ერთმანეთის მიმართ.მე შემეძლო მასთან ყველაფერზე მესაუბრა. მასაც წვრილმან დეტალებშიც კი აქვს მოყოლილი მისი პირადი ცხოვრების ეპიზოდები. მიმაჩნია, ასეთი ისტორიის ადამიანები ბევრნი არ არიან….მან ჩემსა და მას შორის ასაკი წაშალა. ჩვენს შორის არ იყო მესამე, არც შვილები, არც ცოლი, არც არავინ საერთოდ. ეს ორი ზრდასრული ადამიანის ურთიერთობა იყო….მიუხედავად ამისა, მე ჩამოვიყვანე ჩემი მეუღლე და შვილები და მას გავაცანი…. ბოლოს , როცა ძალიან ცუდად იყო, მე მასთან ვიყავი სახლში.ჩვენ ორივე ვგრძნობდით, რომ ეს იყო ერთად ყოფნის ბოლო წუთები. ყველა გავუშვი მისი ოთახიდან , ხელში დავიჭირე მისი ხელები და ვთხოვე, არ შეშინებოდა.არ მინდოდა სიკვდილის პირისპირ მდგარის შეშინებული , წამხდარი სახე დამენახა…და იცით რა მიპასუხა: არ მეშინია, შენ ხომ აქა ხარო…ეს უმძიმესი ემოცია მთელი ცხოვრება გამყვება.ასე გავაცილე ამქვეყნიდან ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი. ყოველ ჯერზე, როცა გურიაში ჩამოვდივარ, მის საფლავზე გავდივარ ხოლმე.ამას არც საპიაროდ ვაკეთებ და არც ვინმესთვის თავის მოსაწონებლად. ეს გულიდან კეთდება, ეს მე მჭირდება და მგონია, ფეფოსაც სჭირდება. მე უბრალოდ მინდა, ფეფომ იცოდეს, რომ მე ის მიყვარს და მან ეს იცის“.
ეს დიდი მეგობრობა გაკვეთილმა მოახერხა. გაკვეთილმა რა ჰქნა. ეს ორი ასაკობრივად განსხვავებული და იქნებ შეხედულებებითაც სამუდამოდ დააკავშირა ერთმანეთს. ასეთია ნიჭის ძალა. ასეთი მიმზიდველობა გააჩნია ნიჭიერ ადამიანს.
ჯადოსნური გაკვეთილი – დიდი მეგობრობის საფუძველი
… ფეფო ბოლქვაძეს სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე შემთხვევით შევხვდი. მეხსიერება მღალატობს, არ მახსოვს წლის რომელი დრო იყო. წვიმდა, ცივი, ცრიატი ამინდი იდგა. ორივეს ქოლგები გვეხურა. ფეფოს სახეზე უფერულობა შევნიშნე, მოწყენლი იყო. სკოლიდან წამოსულიყო, როცა თავისი ნებით განცხადება დაწერა, მერე მიმხვდარა, რომ მოსწავლეების გარეშე არ შეეძლო. საოცრად უმოქმედია მასზე. მე იგი გავაჩერე და ვუთხარი ის, რაც 31 წლის წინათ მარგალიტა კუნჭულიამ მასზე მითხრა. ინტერვიუ მარგალიტა კუნჭულიასთან იმ დროინდელ „ლენინის დროშაში“ გამოვაქვეყნე. იმ წერილში ჩვენ ვსაუბრობდით სულის ზრდაზე, სასკოლო პროცესებზე, 37 წლის რეპრესიებზე. მე შეკითხვა დავუსვი, რომელიც ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა. მარგალიტა მასწავლებელო, ვინ მიგაჩნიათ ყველაზე დიდ ფილოლოგად ოზურგეთში ( დიდი ფილოლოგების სიმრავლეს საბედნიეროდ წინანდელი მახარაძე და დღევანდელი ოზურგეთი არ უჩიოდა და არ უჩივის)? პაუზა, მისთვის მახასიათებელი პაუზა.. მაინც ფეფო, აუცილებლად ფეფო, მაგრამ მე შენთან სათხოვარი მაქვს, მოდი საიდუმლოდ დავტოვოთ ეს, რომ სხვა ნიჭიერები არ გაგვინაწყენდნენ. სამი ათეული წელია ეს საიდუმლო არ გამიმხელია. დღეს ვამხელ მხოლოდ, იმისათვის, რომ სამწუხაროდ ის ნიჭიერი ფილოლოგები ჩვენს შორის აღარ არიან. მიხარია, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში ეს დიდი სიხარული ვაჩუქე ფეფოს. მე მას ეს ვუთხარი. უფერული სახე უეცრად განათდა. იყო ღიმილი, მისთვის მახასიათებელი საოცარი ღიმილი. ბედნიერი აუყვა ნინოშვილის აღმართს. სახლისაკენ გასწია.
ეს სიხარული სიცოცხლის ბოლოს მე ვაჩუქე ფეფო ბოლქვაძეს.