CEPS: საქართველოსთვის EU-ში გაწევრიანების პროცესის დაწყება ნაადრევია

ბრიუსელში არსებული ევროპული პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (CEPS) ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის შესახებ ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს.

ანალიტიკური სტატიის ავტორები, მაიკლ ემერსონი და სტივენ ბლოკმანსი კრიტიკულად აფასებენ საქართველოში არსებულ ვითარებას და მას პარადოქსს უწოდებენ. მათივე მოსაზრებით, საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ნაადრებია. მათ მიაჩნიათ, რომ განაცხადის გაკეთება “სიმბოლური და ზედაპირული ტაქტიკაა”.

CEPS-მა შეფასებითი მასალა მოამზადა მოლდოვასა და უკრაინაზე და მიუთითა, რომ ორივე ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

“თუმცა საქართველო – პარადოქსია. ერთი მხრივ, ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური ნაწილისა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პირობების შესრულება შთამბეჭდავია. ამ მხრივ მან აჯობა არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არამედ კანდიდატ-ქვეყანას დასავლეთიდან ბალკანეთიდან. საქართველომ დიდწილად აღმოფხვრა გავრცელებული კორუფცია უკეთესი შედეგებით, ვიდრე ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ.

მეორე მხრივ, მისი პოლიტიკური რეჟიმი წლებია ეწინააღმდეგება დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისა და კანონის უზენაესობის კუთხით ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს. პრობლემის სათავეშია ეფექტური პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაცია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხელში, რომელიც არ არის არჩეული და ანგარიშვალდებული, რაც სახელმწიფოს მიტაცების პარადიგმის განსხეულებაა”, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ ჯერ კიდევ 2018 წელს მოსახლეობის დიდი ნაწილის საბანკო დავალიანებების დაფარვით, ივანიშვილი საარჩევნო ხმების მოსყიდვაზეა პასუხისმგებელი. ამასთან, ნახსენებია 2020 წელს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება. ავტორების შეფასებით, ეს პოლიტიკური კრიზისი შერბილდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით ხელმოწერილის დოკუმენტის შემდეგ, თუმცა ევროკავშირი “შეძრწუნებული და გაოგნებული” იყო იმით, რომ მმართველმა პარტიამ შეთანხმება დატოვა.

“პოლიტიკური რეჟიმის კიდევ ერთი შემაშფოთებელი მახასიათებელია მისი ჩარევა სასამართლო გადაწყვეტილებებში, რომელიც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და მედიების წამყვან ფიგურებს ეხებათ. ადგილი ჰქონდა “პოლიტიზებული მართლმსაჯულების” განმეორებით შემთხვევებს, რომელიც ფართოდ გააკრიტიკეს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა სამოქალაქო საზოგადოებამ”, – აღნიშნულია სტატიაშია. ერთ-ერთ ბოლო მაგალითად, კი მოყვანილია მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენი, რომელსაც 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

“მოსალოდნელი იყო, რომ ევროკავშირის წევრობაზე ისტორიული განაცხადის გაკეთებას უნდა მოჰყოლოდა სიგნალები იმის შესახებ, რომ საქართველოს მტკიცედ აქვს განზრახული პოლიტიკური და სასამართლო სისტემის რეფორმა ყველაზე მაღალი ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ამის ნაცვლად ერთადერთი შესამჩნევი სიახლე გვარამიას საქმეა, რომელიც პროვოკაციული აქტადაც გვევლინება, რომელიც მიუთითებს ხელისუფლების აშკარა მიდრეკილებაზე, გახდეს პრობლემური წევრი სახელმწიფო.

ძნელად წარმოსადგენია, რა იქნებოდა ამ ეტაპზე უფრო დამაზიანებელი ნაბიჯი.

გარე დამკვირვებელი ცდილობს, გაიგოს რის განზრახვა ჰქონდათ მთავრობასა და ბატონ ივანიშვილს. წევრობის განაცხადი შეიძლება განხილულ იქნას როგორც სიმბოლური და ზედაპირული ტაქტიკა, რომელიც მიმართულია იმისთვის, რათა დააკმაყოფილოს საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოსაზრება, რომელსაც ევროპული მომავალი სურს. ამავე დროს ხელმძღვანელობა, როგორც ჩანს, არ არის დაინტერესებული გაწევრიანების პროცესის წარმატებით და ისე მოქმედებს, რომ დააჩქაროს მისი წარუმატებლობა.

ამ პირობებში, ევროკომისიას შეუძლია აღიაროს საქართველოს პერსპექტივები ევროპული ოჯახის წევრობაზე. მაგრამ ნაადრევია გაწევრიანების ფორმალური პროცესის დაწყება. ამისთვის უნდა დაველოდოთ ახალ და უფრო ხელსაყრელ პოლიტიკურ გარემოს საქართველოში, რომელსაც ექნება ჭეშმარიტად დემოკრატიული კულტურა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა”, – აღნიშნულია ანალიტიკურ სტატიაში.

ფორმულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share