თბილისში, ავტობუსში ქმრის მიერ მოკლული 27 წლის სოფო კვარაცხელიას ცხედარი ზუგდიდში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.
როგორც ცნობილი გახდა, ქალს ქმარმა დანა სხეულის სხვადასხვა მიდამოში რამდენჯერმე დაარტყა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
სოფო კვარაცხელიას და მის მეუღლეს 2 შვილი ჰყავთ. ოჯახი სამეგრელოდან თბილისში საცხოვრებლად მცირეწლოვანი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 3 წლის წინ გადავიდა.
გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, რომ ცოლის მკვლელობის გამო დაკავებულ ბ.მ. ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და ფსიქოტროპულ პრეპარატებსაც იღებდა, თუმცა არა ექიმის დანიშნულებით.
ისინი მკვლელობის მთავარ მიზეზად სწორედ ქმრის მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას ასახელებენ. ამბობენ, რომ დაკავებული აგრესიას მანამდეც იჩენდა, მაგრამ არა საკუთარი მეუღლის მიმართ. მათივე ცნობით, კაცი აგრესიას მაშინ ავლენდა, როდესაც წამლის ზემოქმედება გაივლიდა.
მკვლელობის დღეს სოფო კვარაცხელია დასთან ერთად იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მათ ბავშვები ჰყავდათ სასეირნოდ გაყვანილი.
მძიმეა მოკლული 27 წლის ქალის დედის მდგომარეობა, რომელსაც ამ ამბის გაგების შემდეგ, ინსულტი განუვითარდა. ის თბილისში, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
რაც შეეხება ბავშვებს, ისინი მამის ოჯახში, ბებიასთან არიან. როგორც ცნობილია, სოციალურ სამსახურში ამბობენ, რომ ამ საქმეში ჩაერთვებიან.