კიდევ ერთი შეხსენება: 1903 წლის გაზაფხულზე, ბათუმში მუშათა დემონსტრაციის დახვრეტის ერთი წლისთავზე გამოსვლის დროს, როცა სამხედრო შტაბს მიუახლოვდნენ, ბენია ჩხიკვიშვილმა მორიგე ოფიცერს მუშტი ცხვირთან მიუტანა და მიახალა -ძირს შენი ნიკოლოზი! 1904 წელს კი იაპონიასთან ომთან დაკავშირებით ჩატარებული აღლუმის საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე პოლიციასთან შეტაკებისას, ჩხიკვიშვილს ხელში დროშა ეჭირა და პოლიციელების მცდელობის მიუხედავად, მას დროშა ვერ გააგდებინეს (ორივე დემონსტრაცია მისი ორგანიზებული იყო). ამის შემდეგ ბათუმში მისი გაჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა და ის თბილისში, როგორც რსდმპ თბილისის კომიტეტის წევრი, შეუდგა არალეგალურ პარტიულ მუშაობას. იყო ტიპოგრაფიების და პროპაგანდისტთა ჯგუფების ორგანიზატორი. სამი თვის განმავლობაში ააწყო თბილისის კომიტეტსა და უმთავრესად კახეთის სოფლის ორგანიზაციებს შორის კავშირები.
1904 წლის ოქტომბერში ბენია თბილისში შეიპყრეს და ბათუმში გადაიყვანეს – მას ბათუმის დემონსტრაციის და საიდუმლო სტამბის ორგანიზებას ედავებოდნენ: თუმცა მალე თავდებით გაათავისუფლეს. კომიტეტის დადგენილებით ის გურიაში ჩავიდა, რათა გურიის მოძრაობის სათავეში ჩამდგარიყო.
ჩხიკვიშვილის თაოსნობით 1905 წელს დაშალეს ოზურგეთის საქალაქო საბჭო და მოიწვიეს ,,გურიის დროებითი პარლამენტი”. თავმჯდომარის არჩევნებში ჩხიკვიშვილმა 970 ხმიდან 958 ხმა მიიღო. ბენიას ხშირად ეძახდნენ ,,დროებითი პარლამენტის პრეზიდენტსაც”. გაუმარჯოს ბენიას!