“აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციისადმი დაუმსახურებელი შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რასაც სამწუხაროდ ჩვენი ოპონენტები ხშირად იმეორებენ” – ამის შესახებ, პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მისი თქმით, ქართული პოლიცია აღარ არის პოლიტიზებული და ნებისმიერი მცდელობა, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ მათ საქმიანობას, აუცილებლად იქნება დასჯილი.
“ქართული პოლიცია აღარ არის პოლიტიზებული. პოლიცია თანაბრად იცავს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. აქვე მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციისადმი დაუმსახურებელი შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რასაც სამწუხაროდ ჩვენი ოპონენტები ხშირად იმეორებენ და რა თქმა უნდა ეს არ უნდა იყოს შეგუებული და არავითარი კომპრომისი ჩვენ არ უნდა დავუსვათ და არცერთი ასეთი ფაქტი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. პოლიციელი უნდა იყოს ხელშეუხებელი, რა თქმა უნდა, მე არ მაქვს საუბარი ცალკეულ გადაცდომებზე, რომელზეც რა თქმა უნდა, სამინისტრო შესაბამისად რეაგირებს. მაგრამ მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ მცდელობას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ თქვენს საამაყო საქმიანობას, თქვენს პროფესიას, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა თქვა, რომ თითოეული ასეთი ქმედება იქნება დასჯილი და ჩვენ არც ერთ კომპრომისს არ დავუშვებთ”, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი