”ყველა რიგით ქართველს ბიძინა ივანიშვილის კაცური ვალი გვაქვს” – რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის სიყალბით და ორპირობით სავსე რეზოლუცია, სადაც შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით გარკვეული მანიპულაციებია.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, გაბედული და პატრიოტი ქართველი, ვისაც ოდესმე შეხვედრია:

“რაც შეეხება სიყალბით და ორპირობით სავსე რეზოლუციას, სადაც გარკვეული მანიპულაციებია შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით და ასევე ის თავგასულობა, რომელსაც იჩენს ერთ-ერთი ევროპული ბანკი, ბუნებრივია მიუღებელია. ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ ფაქტი ფაქტად რჩება: ბატონი ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში და ასევე, ყველაზე მთავარი, ბატონი ბიძინა გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, გაბედული და პატრიოტი ქართველი, ვისაც ოდესმე შევხვედრილვარ.

სანქციებით და ფინანსური ზეწოლით ჩვენ ვერავინ დაგვაშანტაჟებს. ყველა გაკეთებულ საქმეს რომ თავი დავანებოთ, ადამიანი, რომელმაც სამება აუშენა ქვეყანას და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი, სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დამარცხება მოახერხა, როგორც მინიმუმ, სტატუსის და თანამდებობის გარეშე, ყველა ქართველს, რიგით ქართველს კაცური ვალი გვაქვს, რომ ყველა ბრძოლაში არ დავიხიოთ უკან და ბოლომდე ვიბრძოლოთ, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცებს ეკადრება”, – განაცხადა რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, 9 ივნისს, ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, ევროპარლამენტარებმა დაამტკიცეს შესწორება რეზოლუციაში, სადაც ბიძინა ივანიშვილზეც არის საუბარი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share