საქართველო მკვეთრად დადებითი ეკონომიკური ზრდის ტემპს შეინარჩუნებს, თუმცა მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში ბიზნესაქტივობა შენელდება. ამის შესახებ Focus Economics-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტების დასკვნაში წერია, რასაც „კომერსანტი“ ავრცელებს.
კველვის თანახმად, მეზობელ აზერბაიჯანს, სომხეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს, ყაზახეთს, ყირგიზეთსა და უზბეკეთს შორის საქართველოში მშპ-ის ყველაზე მაღალი, 4,1%-მდე ზრდა არის მოსალოდნელი. თუმცა ეს შარშანდელ მაჩვენებელს ჩამორჩება. ამასთან, Focus Economics-ის მონაცემებით, საქართველოში ინფლაცია დაჩქარდება და წლის ბოლოსთვის 11,6% იქნება. ინფლაციის ანალოგიური მაჩვენებლი აქვს აზერბაიჯანს, ხოლო უზბეკეთში ის 11,4%-ს მიაღწევს.
მშპ-ის ზრდის მხრივ, მსგავსი მონაცემები აზერბაიჯანსა და უზბეკეთს აქვს, რაც 4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის ყაზახეთი, რომლის მშპ-ც წელს 2.7%-დან 3.1%-მდე გაიზრდება. ამას ნავთობის მაღალი ფასებიც შეუწყობს ხელს. თუმცა ინფლაცია ყაზახეთშიც დაჩქარდა და მაისის 14%-დან ივნისში 14,5%-ს მიაღწია, რაც ცენტრალური ბანკის 4-6%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. ბანკმა აპრილის ბოლოს განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 14%-მდე გაზარდა.
სომხეთში ზრდის ტემპი გასული წლის 5,7%-დან 1,7%-მდე შემცირდება, ხოლო ყირგიზეთი ამ მხრივ ბოლო ადგილს იკავებს, რომლის მშპ-ც 3,6%-დან მინუს 0,1%-მდე შემცირდება.
ზოგადად, დსთ+-ის, ანუ წევრ ქვეყნებსა და არაწევრ საქართველო-უკრაინა-თურქმენეთში ეკონომიკური ზრდის ტემპი უფრო დაბალი იქნება, ვიდრე გასულ წელს იყო, რადგან, Focus Economics-ის შეფასებით, რეგიონის ეკონომიკა როგორც მზარდ ინფლაციას, ისე ბიზნესაქტივობის დაცემას განიცდის. უკრაინა, რუსეთი და ბელარუსი წლის ბოლოსთვის რეცესიაში დარჩებიან.
Focus Economics-ის ივლისის პროგნოზის მიხედვით, დსთ+-ის ქვეყნების მშპ წელს 8,3%-ით შემცირდება, ყველაზე დიდი კლება უკრაინის ეკონომიკაში დაფიქსირდება. ასევე, რეცესიაში დარჩება რუსეთის ეკონომიკა, ხოლო დანარჩენი ქვეყნები ფულადი გზავნილების შემცირებას, საგარეო მოთხოვნის შესუსტებასა და ინფლაციის ზრდას წააწყდებიან. დსთ+-ის რეგიონის ქვეყნებში ინფლაციამ კლება წლის დასაწყისიდან პირველად მაისში დაიწყო.
Focus Economics-ის ეკონომისტების პროგნოზით, უკრაინის ეკონომიკა წელს 36,3%-ით შემცირდება. კლება ექსპორტის შემცირებით, ინფრასტრუქტურის განადგურებითა და მოსახლეობის გადინებით არის გამოწვეული. მაისში ინფლაცია ქვეყანაში 18%-მდე დაჩქარდა, რის გამოც უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა 2 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე განაკვეთის ერთბაშად 1500 საბაზისო პუნქტით, 10-დან 25%-მდე გაზრდა გადაწყვიტა.
რუსეთში რეცესია, პირველ რიგში, სამომხმარებლო მოთხოვნის მკვეთრ ვარდნასთან იქნება დაკავშირებული. ამასთან, მაისში სამრეწველო წარმოება უკვე 1,7%-ით შემცირდა, ხოლო წლის ბოლოს ეკონომიკა შესაძლოა, 6,9%-მდე დაეცეს. ეკონომისტების პროგნოზით, ინფლაცია წელს 17%-ს შეადგენს. თუმცა ცენტრალურმა ბანკმა 10 ივნისს განაკვეთი 9,5%-მდე შეამცირა.
გამოხატული რეცესია შეინიშნება ბელარუსშიც, რომლის ეკონომიკაც 6,5%-ით შემცირდება. მაისში სამრეწველო წარმოება უკვე 11%-ით შემცირდა, ხოლო ინფლაცია ქვეყანაში დაჩქარდა და აპრილის 16,8%-დან 17%-მდე გაიზარდა.
bpn.ge