საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა “ვივამედში” დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა.
როგორც მან აღნიშნა, მდგომარეობა უცვლელია – მიხეილ სააკაშვილს ისევ აღენიშნება სისუსტე და სხვა სიმპტომები, რაც აქამდე ჰქონდა.
გიული ალასანია ამბობს, რომ აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილი შესაბამის კლინიკაში მოთავსდეს და ჩაუტარდეს ყველა საჭირო კვლევა, რითაც სწორი დიაგნოზის დასმა და ადეკვატური მკურნალობის ჩატარება იქნება შესაძლებელი.
“მდგომარეობა დაახლოებით იგივეა. ისევ რჩება ის პრობლემები, რომელიც ჰქონდა. სისუსტე ისევ არის. გამოსავალი პირველ რიგში ნორმალური გამოკვლევაა, რომელიც როგორც ჩანს, არ ჩატარებულა ბოლომდე. გაიჟღერა, რომ დამატებითი გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს, ესე იგი არ ჩატარებულა, არადა საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ჩატარებული იყოს. სწორი იქნება მისი გაყვანა აქედან და შესაფერის კლინიკაში მოთავსება. ჩატარება პირველ რიგში ნორმალური მკურნალობის. ყველაფერი რაც საჭიროა, უნდა იყოს გამოკვლეული, დაესვას სწორი დიაგნოზი და შემდეგ შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს”, – თქვა გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილს ცენტრ “ემპათიას” ექსპერტები დღეს კიდევ ერთხელ მოინახულებენ. ისინი კვლავ აუცილებლად მიიჩნევენ მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანას და განმარტავენ, რომ მკურნალობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ამჟამად უტარდება, მდგომარეობას ვერ აუმჯობესებს.