“გურიის უკანასკნელი მთავარი მამია გურიელი ყველანაირ მოწინავე სიახლეს და წამოწყებას ხელს უწყობდა და აქეზებდა, რათა მისი სამფლობელოში ევროპული ტიპის მეურნეობა შექმნილიყო. ამის მაგალითია შოტლანდიელი აგრონომი იაკობ მარი, რომელიც გურიაში 1822 წელს ჩამოვიდა. გურიელმა მას რამოდენიმე ქცევა მიწა უბოძა, სადაც მარმა მშვენიერი მეურნეობა შექმნა – ჯერ ლანჩხუთში და შემდეგ სოფელ დაბლაციხეში (1833 წელს გურიაში მყოფი შვეიცარიელი მეცნიერი დიუბუა დე მონპერე აღტაცებული დარჩა მისი მამულით). გურიელი ხედავდა, რომ მარს მუშახელი სჭირდებოდა და მისთვის ყმების ჩუქება მოინდომა, მაგრამ იაკობმა უარი განუცხადა: ,,მე სინდისი და საღი გონება ნებას არ მაძლევს, რომ ჩემისთანა კაცები მონებად მყავდესო”.