“ხალხი ფიქრობს, რომ ოლიგარქიული სისტემა დიდი პრობლემა არაა – ეს კაცი ბევრ ადამიანს ფულს აძლევს და ისინი ბედნიერები არიან” – ამის შესახებ ON.ge-სთან ინტერვიუში ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საუბრობს.
ამბობს, რომ საქართველო მოლდოვაზე ბევრად უკანაა, რადგან აქ ხალხმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
ბევრი ადამიანი ჩვენ გვეკითხება, ევროკავშირს სთხოვს დახმარებას, რომ ეს პრობლემა [ევროინტეგრაციის] გადაჭრან. ერთადერთი შესაძლებლობაა, თუ ქართველი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, ორგანიზაციები ამ უზარმაზარ კრიზისს დაინახავენ და პასუხისმგებლობის აღებას შეძლებენ. ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი. სწორედ ისე, როგორც ბევრი წლის წინ სლოვაკეთში მოხდა – მეჩიარი ბიძინა ივანიშვილის მსგავსი იყო, ის უარს ამბობდა NATO-ში ოფიციალურ გაწევრიანებაზე და ევროკავშირმა სლოვაკეთს მაშინ სტატუსი არ მისცა. განსაკუთრებით კარგი მაგალითია მოლდოვა. მოლდოვაში ორივე მხარეს ოლიგარქიული სისტემა იყო, მარცხნივაც და მარჯვნივაც. მართალია, მოწინააღმდეგეები იყვნენ, მაგრამ ყველა მხარე ოლიგარქიული მმართველობის ქვეშ იყო. რა გააკეთა ხალხმა? ოპოზიცია მაია სანდუს ირგვლივ გაერთიანდა. ეს მარტივი ბრძოლა არ ყოფილა, ძალიან რთული იყო, პუტინი ღიად უჭერდა მხარს დოდონს, მაგრამ ხალხმა ეს შესაძლებლობა გააცნობიერა და პროვეროპელ, არაკორუმპირებულ, არაოლიგარქიულ ძალას მისცა ხმა. ახლა მოლდოვა ლიდერია, საქართველო კი ბევრად უკან არის, რადგან ხალხმა თავიანთი არჩევანი გააკეთა.
ამიტომ მხოლოდ ერთ გზას ვხედავ – თუ ხალხს არ ადარდებს მათი შვილების მომავალი, თუ არ შეუძლიათ გააცნობიერონ, რომ ერთი მხრივ ოლიგარქზე ხმის მიცემა და მეორე მხრივ სურვილი, რომ იყვნენ ევროპელები და იყვნენ ევროკავშირის წევრები, შეუძლებელია. არ არის შესაძლებელი ერთად იყოს პლუსი და მინუსი, მათემატიკიდან ვიცით, რომ ეს ნულის ტოლია. ამიტომ დღეს საქართველო ნულის მსგავს სიტუაციაში, რადგან ხალხი ფიქრობს, რომ ოლიგარქიული სისტემა დიდი პრობლემა არ არის – ეს კაცი ბევრ ადამიანს ფულს აძლევს და ისინი ბედნიერები არიან, რომ ოლიგარქიული ხელიდან ფულს იღებენ, მეორე მხრივ კი ევროკავშირს სთხოვენ დახმარებას წევრობის ან სულ მცირე, კანდიდატის სტატუსი მოპოვებაში. ეს შეუძლებელია.
ევროპელობა არის ღირებულებები, პირველ რიგში, კანონის უზენაესობა, რომელიც საქართველოში დარღვეულია, ასევე, გამოხატვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, ევროკომისიის დასკვნაშიც არის ნახსენები ოლიგარქიზაცია, ამიტომ ამას სერიოზულად უნდა მოეკიდოთ. ამიტომ უცნაურია, როცა მმართველი პარტია თავს აჩვენებს, რომ არ ესმით, ეს რას ნიშნავს. ვფიქრობ, მათ ძალიან მკაფიო ახსნა სჭირდებათ, რაც ჩვენ უკვე არაერთხელ გავაკეთეთ, – ამბობს ევროპარლამენტარი.