მუსიკოსი დათო ევგენიძე საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის და რუსეთთან ურთიერთობის შესახებ “კვირის პალიტრასთან” საუბრობს:
”რუსეთში შემომთავაზეს 3 უმნიშვნელოვანეს პროექტზე მუსიკალური პროდიუსერობა, მაგრამ, საქართველოში დავბრუნდი. მერეც ბევრი შემოთავაზება იყო, ვიმუშავე რამდენიმე ფილმზე, რომელთაც სახელმწიფო არ აფინანსებდა. რეზო გიგინეიშვილის რამდენიმე ფილმისთვის დავწერე მუსიკა, ერთი კერძო კომპანიისთვისაც… იქ, სადაც სახელმწიფო იყო დამფინანსებელი, არც ერთი პროექტის მუსიკა არ დამიწერია. არაერთხელ კონცერტების ჩატარებასაც მთხოვდნენ, მაგრამ აღარ ჩავსულვარ.
ყირიმის ანექსია რომ მოხდა პირველად, დოკუმენტურ-მხატვრული ფილმის “ყირიმის დაბრუნება” რეკონსტრუქცია გააკეთეს. რუსები თვლიდნენ, რომ დაიბრუნეს, კი არ წაართვეს. სცენარი რომ წავიკითხე, ვიცოდი, ამ ფილმისთვის არ დავწერდი მუსიკას. პროდიუსერი ყოველ დარეკვაზე ჰონორარის თანხას ზრდიდა. თითქმის ნახევარ მილიონამდე რომ ავიდა, ვუთხარი, ვერ ხვდებით, რომ არ გიწერთ მუსიკას-მეთქი?! მითხრეს – რუსულად “პაპას” ეძახიან იმ კაცს, იცით, ვისაც ვგულისხმობ – ანუ მამას ვერ ვეტყვით, რომ ვერ დაგიყოლიეთო. ვუთხარი, “პაპას” გადაეცით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რომ დააბრუნებს, მერე დავუწერ მუსიკას-მეთქი. არ ვიცი, რა ქნეს, მაგრამ დღემდე მისტირიან ჩემს მუსიკას.
რას ნიშნავს პოლიტიკისა და კულტურის გაყოფა?! ფაშიზმის დროს შეიძლებოდა ჰიტლერთან ჩასულიყვნენ და კონცერტი გაემართათ?!
ისტორიულად ყოველთვის ვიბრძოდით თავისუფლებისთვის, მათ შორის საბჭოთა დროსაც. ჩვენი თაობის ცხოვრების წესი პროტესტი იყო. ირაკლი ჩარკვიანის, ლევან აბაშიძის, გეგა კობახიძის, ვინც ვიყავით ამ თაობიდან, პროტესტი იყო “ჩვენ არ გგავართ” – ეს იყო ჩაცმის სტილი, სიტყვა, სიმღერის ჟანრი. პროტესტი სულ იყო… რაც შეეხება ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას, მე არ ვეთანხმები მათ კითხვის ნიშნებს ჩვენს ქვეყანაზე. ჩვენ ევროპა ვართ უკვე დიდი ხანია!
საქართველოს როლი კიდევ გამოჩნდება მსოფლიო ისტორიაში. დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს გადარჩენაში თავის როლს ითამაშებს ჩვენი იდუმალი ენაც, რომელიც უზარმაზარ საიდუმლოს ინახავს. რაც შეეხება დეპოლარიზაციას, ჩვენი პრობლემა ყოველთვის ერის შუაზე გაყოფა იყო. ამ ავადმყოფობას თუ მოვერიეთ, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და მიიღებს იმას, რისი ღირსიც არის. მე მგონია უფალი ყოველთვის გვეხმარება. ბოლოს და ბოლოს, ყველა ქართველი ქვეცნობიერში ატარებს თავისი ერის გადარჩენის კოდს, რომელიც გადამწყვეტ მომენტში უფრო იმძლავრებს, ვიდრე პოლიტიკური ინტერესები. იმედით მინდა დავასრულო – ეყოფა ქართველ ერს ის გენეტიკური მეხსიერება, რომ მიხვდეს, დადგა ჟამი, როდესაც ერი უნდა გაერთიანდეს ქვეყნის გადასარჩენად და თავისუფლების მოსაპოვებლად. ერმაც, ბერმაც და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გადადონ პირადი ამბიციები და ქვეყნისთვის იშრომონ. იმედია, მალე მოვესწრებით ამას.” – აცხადებს ევგენიძე.