რუსული ექსტრემისტული ორგანიზაცია “კაცური სახელმწიფო” რუსეთშიც კი აკრძალულია. მისი წევრები დიდი ხანია დევნიან სხვებს კანის ფერის, გენდერის, რელიგიის, სექსუალური იდენტობის თუ შეხედულებების გამო. მათი ბოლო სამიზნე თბილისური ბარი “დედაენაა”, რომელიც პუტინის მხარდამჭერებს არ უშვებს.
“ახლა საქართველოს დენაციფიკაციის დროა” – ეს ლამის ყველაზე უწყინარია იმ ათასობით შეტყობინებას შორის, რომლებიც რუსული ექსტრემისტული ორგანიზაციის, “კაცური სახელმწიფოს” დამფუძნებლის, ვლადისლავ პოზდნიაკოვის ტელეგრამ-არხზე წავიკითხე.
ყველაფერი თბილისის დროით დღის 12 საათზე დაიწყო. ადმინმა დაპოსტა ანკეტა, რომლის შევსებაც “დედაენის” რუსულპასპორტიან სტუმრებს უწევთ. სხვა საკითხებთან ერთად, მათ უნდა აღიარონ საქართველოს ოკუპაცია, დაგმონ უკრაინაში შეჭრა და ვლადიმირ პუტინის მმართველობა.
არხის მკითხველები უცებ შეთანხმდნენ, რომ ბარს სოციალურ ქსელებში დაბალი შეფასებები და ნეგატიური რეცენზიები უნდა დაუწერონ. იმავეს გაკეთება უნდა შესთავაზონ სხვებსაც. რაც მეტი ნეგატიური რეცენზია იქნება, მით უკეთესი.
ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, სულ რაღაც ნახევარ საათში. მერე ადმინმა დაწერა, რომ “დედაენა” ქვიარებისთვის უსაფრთხო სივრცეა, და ამან აუდიტორია კიდევ უფრო წააქეზა. ბევრი წერდა, რომ ამ ბარისა და უკრაინის მხარდაჭერის გამო, საქართველო დასაპყრობია, ქართველები კი გასაუპატიურებლები და მოსაკლავები არიან.
Telegram–ში მომხმარებლებზე ცოტა ინფორმაცია ჩანს, ამიტომ თითქმის შეუძლებელია იმის გარკვევა, ამ შეტყობინებების გამგზავნებს შორის რამდენი იყო გულწრფელი და რამდენი ტროლი.
“დედაენის” წარმომადგენლებმა ცოტა ხანში თქვეს, რომ ჰაკერებმა მათი საიტი გატეხეს. საღამოს ხუთი საათისთვის ბარს უკვე ათასობით ნეგატიური რეცენზია და უმდაბლესი შეფასება დაუგროვდა.
“კაცური სახელმწიფო”
ის, რაც “დედაენას” დაემართა, სტანდარტული სქემით მოხდა.
შარშან აგვისტოში “კაცური სახელმწიფო” დაუპირისპირდა რუსულ სუში-ბარს მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ რეკლამაში შავკანიანი მსახიობი ჰყავდათ, მეორეში კი გამოაჩინეს სუშის კოლოფი, ცისარტყელას ფერებში.
სოციალურ ქსელებში მფლობელების და თანამშრომლების ლანძღვისა და საიტზე კიბერშეტევის გარდა, “კაცური სახელმწიფოს” წევრებმა ასეთი აქციაც დაგეგმეს – იძახებდნენ სუშის, შემდეგ კი კურიერს არც ფულს უხდიდნენ და არც შეკვეთას ართმევდნენ.
სუში-ბარის მფლობელის თქმით, მან თითქმის ნახევარი მილიონი რუბლი (22 ათასი ლარი) იზარალა.
“კაცური სახელმწიფო” მხოლოდ დაწესებულებებს კი არ ერჩის, არამედ ცალკეულ ადამიანებსაც – ავიწროებენ და დევნიან აქტივისტებს, ჟურნალისტებს და ყველას, ვინც თვალში არ მოუვათ გენდერის, კანის ფერის, სექსუალური ორიენტაციის, თუ ცხოვრების წესის გამო. განსაკუთრებით ერჩიან რუს ქალებს, რომლებსაც არარუსი პარტნიორები ჰყავთ.
აქაც ასე ხდება – ადმინი პოსტავს მსხვერპლის მისამართს სოციალურ ქსელებში, ჯგუფის წევრები კი მას სწერენ.
24 წლის სტუდენტი ანისა, რომელიც რუსეთის ტატარსტანის ოლქში ცხოვრობს და ანგოლის მოქალაქეზეა დაქორწინებული, რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს უყვება, რომ “კაცური სახელმწიფოსგან” ათეულობით სიძულვილის შემცველი წერილი მიიღო
“რამდენიმე მოკვლით დამემუქრა. მწერდნენ, გიპოვით და დაგჭრითო… მწერდნენ, ბოზი ხარ და მაიმუნთან გძინავს, ჩემს შვილებსაც სიკვდილს უსურვებდნენ”, – იხსენებს იგი.
“კაცური სახელმწიფოს” წევრები ერჩიან თეთრკანიან ჰეტეროსექსუალ მამაკაცებსაც. ყველა კაცს, ვინც მათ მაჩოისტურ იდეოლოგიას არ იზიარებს, ისინი “კუკოლდებს” ეძახიან. კუკოლდი სექსუალური ფეტიშია, რომლის მქონეები სიამოვნებას იღებენ პარტნიორის ღალატის ყურებისგან. ექსტრემისტების ენაზე ეს ნიშნავს უნებისყოფო, სუსტ მამაკაცს.
“მებრძოლთა კლუბი” თუ “ჰიბრიდული ომის” ნაწილი?
გვერდი ამ სახელწოდებით რუსეთის მოქალაქემ ვლადიმირ პოზდნიაკოვმა 2016 წელს შექმნა, რუსულ სოციალურ ქსელ “ვკონტაქტეში”. გვერდმა თავი იმით “გაითქვა” , რომ რუს პორნომსახიობ ქალებს “ამხელდნენ” და საჯაროდ არცხვენდნენ.
“კაცურ სახელმწიფოში” წევრიანდებოდნენ მხოლოდ კაცები, 2017 წელს უკვე ჰქონდათ რამდენიმე წარმომადგენლობა რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. შეკრებებზე გადიოდნენ წვრთნებს და სწავლობდნენ ჩხუბს – წერს რადიო თავისუფლების რუსული სამსახური. ამასთანავე, ისინი აკრიტიკებდნენ რუსეთის ხელისუფლებას სიღარიბის, ოლიგარქიული მმართველობის და სხვა საკითხების გამო.
მათი საქმიანობით რუსეთის უშიშროების სამსახური (ФСБ) დაინტერესდა. ვლადიმირ პოზდნიაკოვი 2018 წლის სექტემბერში დააკავეს და მალევე “ქალთა მიმართ სიძულვილის გავრცელებისთვის” პირობითი ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა ორ თვეში გაათავისუფლეს, რადგან ვლადიმირ პუტინის ბრძანებით ამ დანაშაულისთვის პატიმრობა ჯარიმით ჩანაცვლდა.
რუსი უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ სწორედ დაკავების შემდეგ დაიწყო პოზდნიაკოვმა ფსბ-სთან თანამშრომლობა.
იეგორ კუტეპოვი, რომელიც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია “Free Russia”-ს წარმოადგენს და აქ ჩამოსულ სამოქალაქო აქტივისტებს ეხმარება, დარწმუნებულია, რომ კრემლი პოზდნიაკოვს თავისი ჰიბრიდული ომისთვის იყენებს და ამით ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს. ერთი მხრივ, რუს ოპოზიციონერებს აღარ მოუნდეთ საქართველოში ჩამოსვლა, მეორე მხრივ კი საქართველოს მოსახლეობა უნდა დაუპირისპიროს აქ მყოფ რუს ემიგრანტებს.
“პუტინს არ სჭირდება საბაბი, რომ საქართველოში შეიჭრას. თუ მოუნდა, გააკეთებს. მიზეზი უფრო ისაა, რომ საქართველოში არ იყოს ბევრი რუსი ოპოზიციონერი. პუტინს ეს არ მოსწონს, ურჩევნია, ოპოზიცია ევროპაში. ადამიანების ერთმანეთისთვის შეძულება წმინდა ჩეკისტური ინსტრუმენტია”, – უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
2021 წელს ვლადისლავ პოზდნიაკოვი საქართველოში იმყოფებოდა, როგორც მაშინ წერდა, მხარდამჭერების შეგროვება უნდოდა. უცნობია, ეს გამოუვიდა თუ არა, არც ის ვიცით, ამჟამად სად იმყოფება. დღეს მან საკუთარ ტელეგრამზე დაწერა, რომ “დედაენის ბარზე” თავდასხმა მხოლოდ დასაწყისია.
რადიო თავისუფლება