“რუსებს საქართველოში ამდენი კომფორტი არ უნდა ჰქონდეთ”

“…კი, ბატონო, რუსმა ტურისტმაც იცხოვრე აქ, მაგრამ, როგორც ინგლისელმა და ფრანგმა, შენც უნდა იცოდე, რომ სტუმრად ხარ – როგორც მოსვლით გაგვახარე, ისე წასვლით გაგვახარე!.. თუ გადაამეტებს, ქალიან-კაციანად ფეხზე უნდა დავდგეთ და არ უნდა დავუშვათ, ჩვენ ხაჭაპურები ვაცხოთ და იმათ ჭამონ…”, – ამბობს მსახიობი ქეთი ჩხეიძე “კვირის პალიტრასთან” საუბარში.

” საქართველოში ბევრი ტურისტიაო და როდის იყო სხვანაირად? – ჩვენი ასეთი გაკვირვება ცოტა არ იყოს, უცნაურია.

ზოგადად, მაღიზიანებს რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რაც კი ყოფილა 200 წლის განმავლობაში… ეს იმდენად სერიოზული თემაა, ჩემო კარგო, იმდენად ღრმად აქვს ამ ყველაფერს ფესვები გადგმული, ასე, საუბრით რამის გადაწყვეტა შეუძლებელია! ურთულესი პროცესია და იმდენად სერიოზული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება, ჩემი ლაპარაკი, თუნდაც მოწოდებები, ცოტა არ იყოს, სასაცილოდ მეჩვენება…

კი გასაგებია, რომ ყველამ ხმა უნდა ავიმაღლოთ, მაგრამ ასე, ცალ-ცალკე თუ დავიწყებთ ლაპარაკს, ეს არაფერს მოიტანს! ის მაგალითები უნდა ავიღოთ, რომელიც მსოფლიოში არსებობს… როგორ იქცეოდნენ ადრე სხვა ერები. მაგალითად – ლიეტუველები, ლატვიელები, ესტონელები… მათ ახლა კი არ დაიწყეს ასე მოქცევა, არამედ, ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში. იქ რომ ჩავდიოდი, გაბედავდი და იქ რუსულად ხმას ამოიღებდი! ათეულობით წელი იბრძოლეს!

დღეს საქართველოში გმირობის ტოლფასია, ვისაც ბინის გაქირავებით ორი კაპიკი შემოსდის და რუსს არ მიაქირაოს, საკვები არ მიჰყიდოს, თავის მაღაზიაში არ შეუშვას… ახლა ეს არ არის შესაძლებელი, რადგან უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობაა.

ასევე დაგაინტერესებთ
„9 აპრილს ერთ რუსს მოვაძვრე ჩაფხუტი, რომელიც ახლაც სახლში მაქვს“
“საზოგადოებამ დღემდე არ იცის 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებული ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ”
“ზვიად გამსახურდიამ წერილიც კი გამოგვიგზავნა… ყველაფერი ძალიან გასაიდუმლოებული იყო, ამაზე წლების განმავლობაში არ ვლაპარაკობდით”

მაშინ უნდა გამოვიდეთ, როგორც გამოვედით და ვთქვით, რომ ევროპა გვინდოდა… მილიონი ადამიანი ერთად უნდა დადგეს, როგორც თავის დროზე, ყველა გამოვცვივდით. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ უარს ვამბობთ კეთილდღეობაზე, სასმელზე, საჭმელზე, ყველაფერზე… ამის გაკეთება შესაძლებელია! საზოგადოება ერთ მუშტად შევიკრათ და რუსეთს წინააღმდეგობა გავუწიოთ.

რუსმა ტურისტმა თუ აქ ვერსად შეჭამა, დაიძინა, სიამოვნება ვერ მიიღო, დრო ვერ გაატარა, წავა თავის სამშობლოში!

სახელმწიფოს რომ მოსთხოვო, ეს კანონები მიიღოს, ურთულესი რამეა! ჩვენ თან ევროპა გვინდა და თან გვინდა, ჩრდილოეთ კორეასავით მოვიქცეთ… რაღაცები ერთმანეთს ძალიან ეჯახება. რთულია, მაგრამ საზოგადოება თუ თავის თავზე ძალიან დიდ პროტესტს აიღებს, ეს ძალიან დიდი ძალა იქნება!

ახლა სულ ველოდებით, რომ ვიღაც მოვა და ყველაფერს გამოასწორებს. არავინაც არ მოვა! ცალ-ცალკე როცა ვართ, არაფერი შეიცვლება!

ათასნაირი ორგანიზაცია არსებობს, უდიდესი ძალაა ახალგაზრდები, სტუდენტები… აქციები უნდა ჩატარდეს – ერთი, მეორე, მესამე… ოღონდ დასაბუთებული უნდა იყოს, რატომ გვაქვს ეს პროტესტი. იმიტომ არ უნდა გვქონდეს პროტესტი, რომ ამ ქვეყანაში რუსი არ იყოს. იყოს ბატონო, მაგრამ – როგორც სტუმარი…

თუმცა ჩვენ სხვა მდგომარეობა გვაქვს, პატარა ერი ვართ და უდიდესი საშიშროების წინაშე ვდგავართ… იმიტომ არა, რომ პუტინი გვეზიზღება. ასე პუტინი მთელ მსოფლიოს ეზიზღება, მაგრამ აქ სხვა რამეშია საქმე და რუსი ხალხი არაფერ შუაშია.

ასე საქართველოში სტალინი დაიბადა და თავის დროზე მსოფლიოს უნდა ამოვეჟლიტეთ? ყველაფერი ძალიან მგრძნობიარე და ურთულესი თემაა… ძალიან ძნელია გაარჩიო აქეთ – თეთრები და იქით – შავები.

როცა ერთი ბეწო ხარ და არაფერი შეგიძლია, სხვანაირად არ იქნება. ერთ სასტუმროში დავეტევით, სადმე რომ შეგვყარონ… ამიტომაც, ძალიან დიდი გამჭრიახობა და სიბრძნე გვმართებს, სულ არ გავისრისოთ. ჯერჯერობით ამის საშიშროება არსებობს. უკრაინა დიდია და ვხედავთ რამდენი შეძლეს.

მაგალითად მე, ჩემს რუსს მეგობარს ვერ ვეტყვი, ჩემთან არ მოვიდეს. ვეტყვი იმ შემთხვევაში, თუ ის ამ ყველაფერს გაამართლებს, რასაც რუსეთი სჩადის. ჩემს სახელსაც ვეღარასოდეს ახსენებს, მაგრამ იმ ადამიანებს რა უნდა ვუთხრათ, რომლებსაც თავად რცხვენიათ თავიანთი ქვეყნის მთავრობის გამო… ასეთები რუსეთშიც ბევრია. რამდენმა ხელოვანმა გააპროტესტა მომხდარი და ზოგიერთი ციხეშიც კი ზის.

ასე ერთი ხელის მოსმით ასეთი საკითხები არ წყდება! მოდი, ახლა რუსები შემოვუშვათ ან არ შემოვუშვათო…

თუ რამ სტრატეგიული ობიექტი გვქონდა, დიდი ხნის წინ მივეცით… ამდენი რამით ვართ დამოკიდებული და ახლა რაღა დროს ყვირილია?

მილიონი ადამიანი თუ გამოვალთ ქუჩაში და გავაპროტესტებთ, მაშინ შეიძლება ყველას ერთად არ გადაგვიარონ… სახელებიც აღარ მინდა ვთქვა და პოზიცია-ოპოზიცია მუდმივად ერთმანეთში ჩხუბობს, ჩვენ აქ რაღაცებზე ვმსჯელობთ და მათ, ალბათ, სასაცილოდაც არ ჰყოფნით.

ხალხმა 9 აპრილს ვთქვით, რომ რუსეთის აღარც შუქი გვინდოდა, აღარც გაზი და თავისუფლება გვსურდა… არცერთი ადამიანი მაშინ ამ იდეის წინააღმდეგი არ მეგულებოდა. კორპუსების წინ ცეცხლს ანთებდნენ, ჩაის ადუღებდნენ და სართულ-სართულ აჰქონდათ. არავინ წუხდა, რა გვეშველებაო… ყველამ იცოდა, რომ ეს ყველაფერი მის სამშობლოს ეძღვნებოდა. ჩვენი შიმშილი, უშუქობა, ყველაფერი – 9 აპრილს და საქართველოს დამოუკიდებლობას მიეძღვნა… დღეს ეს განწყობა აღარ არსებობს და ამ სულისკვეთების გარეშე არც არაფერი გამოდის.

ან ხალხი უნდა გავმთლიანდეთ და რუსეთს წინააღმდეგობა გავუწიოთ, ან ჩუმად ვიყოთ. ვის კალთაშიც აღმოვჩნდებით, ცხოვრება იმ ბაგაში გავაგრძელოთ… ყველამ კარგად ვიცით, მსოფლიო ძალების გადანაწილება რომ მიდის. ვნახოთ, საით გადაგვისვრიან… ოღონდაც, ჩვენც უნდა ვიბრძოლოთ. როცა იხრჩობი, ხელს თუ არ გაანძრევ, ქვემოთ წახვალ! ხელს თუ გაიქნევ, შეიძლება, გადარჩე…

არანაირი თანამდებობის პირის იმედი არც მქონია და არც მექნება. საზოგადოების იმედი ნამდვილად მაქვს, რადგან საზოგადოების ძალა უკვე გამოვცადეთ და ვიცით, რა შედეგიც მოგვიტანა… ბევრი პრობლემა ჩვენშია. როცა არ სწავლობ, რუსის ბრალი არ არის. ვაჟა-ფშაველას პორტრეტს უნივერსიტეტში დაკიდებ თუ არა, რუსებს და ამერიკელებსაც არ აინტერესებთ. რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ის უნდა გავაკეთოთ, თორემ დანარჩენი, არც ძალა გვყავს, არც ღონე და არც ჯარი რუსეთს რომ მოვერიოთ…

ჩვენს თავს უნდა მივხედოთ, ამ უმძიმეს ვითარებაში თავი გადავირჩინოთ. ისევ და ისევ განათლება, წესიერება, ღირსება, მოთმენა თუ გადაგვარჩენს… ჩვენს წინაპრებს ეს ყველაფერი ჰქონდათ და დღემდე ამიტომაც მოვედით, რაღაცნაირად მოვაღწიეთ.

მოვითხოვოთ სასამართლო, კანონი რომ კანონობდეს და სახელმწიფოს დავემსგავსოთ… მარტო საუბარი არაფერს ნიშნავს, მოქმედებაა საჭირო! მე, მაგალითად, როგორც მსახიობმა, შემიძლია სცენაზე გამოვიდე და სიტყვა ვთქვა… ვთქვი კიდევაც სათქმელი, არც არავისი მეშინია და დასამალიც არაფერი მაქვს!

იდეა უნდა გაგვაჩნდეს, როგორ უნდა გავუმკლავდეთ სიღარიბეს და ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში ყოფნას; როგორ უნდა მოვიქცეთ, რადგან, სამწუხაროდ, მოქცევა არ ვიცით. ამას რომ ვამბობ, არავის სიამოვნებს, მაგრამ – ფაქტია! დღედაღამ ტაშ-ფანდური და რუსული სულელური მუსიკის მოსმენა კი – ვიცით…

მთავრობას არ უნდა ვთხოვდეთ, ამას რატომ არ აკეთებო… ყველამ ჩვენს თავს მივხედოთ! მთავრობა დღეს არის და ხვალ შეიძლება აღარ იყოს, ვინმე გადარეული მოვიდეს… ამიტომ საზოგადოებაში ერთიანი აზრი უნდა იყოს და ვიცოდეთ, რა გვინდა! მაშინ იქნები შენი ქვეყნის პატრიოტი და სამშობლო გეყვარება. მაგალითად მე, დავდგები, პრობლემა არ მაქვს… 9 აპრილს რუსთაველზე ვიდექი. უბრალოდ, მაშინ ბევრ რამეს ვერ ვხვდებოდი და ახლა ვხვდები. ახლა რუსის ტანკს წინ არ დავუდგები, რადგან ვიცი, რომ გადამივლის… დღეს უფრო ჭკვიანურად უნდა ვიბრძოლოთ! უკრაინელმა ქალებმა, ვნახეთ, თავი გაწირეს და წინ დაუდგნენ, მაგრამ ისინი 40 მილიონი არიან და ჩვენ, ერთი მუჭა ხალხი რას გავხდებით?! უნდა ვიცოდეთ რაღაცის დათმობა, რაღაცის – არდათმობა, რაღაც პოზიცია უნდა გვქონდეს…

რუსებს საქართველოში ასეთი კომფორტი არ უნდა ჰქონდეთ, ჩამოვედი, ხაჭაპურს ვჭამ და რასაც მინდა, იმას ვიზამო, ეს არ უნდა დავუშვათ… ამისთვის კი საზოგადოება უნდა შევიკრათ.

კი, ბატონო, რუსმა ტურისტმაც იცხოვრე აქ, მაგრამ, როგორც ინგლისელმა და ფრანგმა, შენც უნდა იცოდე, რომ სტუმრად ხარ – როგორც მოსვლით გაგვახარე, ისე წასვლით გაგვახარე!… თუ გადაამეტებს, ქალიან-კაციანად ფეხზე უნდა დავდგეთ და არ უნდა დავუშვათ, ჩვენ ხაჭაპურები ვაცხოთ და იმათ ჭამონ…” – აცხადებს ჩხეიძე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share