კაცობრიობის “ოქროს ეკონომიკის” ეპოქა დასასრულს უახლოვდება

ქვემოთ მოცმული სტატია, წმინდად ინტუიციური ნააზრევია და არ აქვს პრეტენზია იმაზე, რომ აქ მოყვანილი მოსაზრება ჭეშმარიტების ბოლო პუნქტია.

ბოლო ერთი-ორი წლის განმავლობაში, ჩვენს ცხოვრებაში ასე აქტიურად შემოსული ციფრული ეკონომიკა და მასთან დაკავშირებული ყოველდღიური გამომუშავების სხვადასხვა მექანიზმი, უნებურად გაფიქრებს იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავალი, რომელსაც დღეს დედამიწაზე მცხოვრები ადამანების უმრავლესობა მოვესწრებით.

თითქმის ყველამ ვიცით და გავიგეთ ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების შესახებ, რომელთა გამომუშავებაც ყოველგვარი ფიზიკური შრომის გარეშე ხდება. გარდა კრიპტოვალუტებისა, ასევე უამრავი აპლიკაცია და ინტერნეტ პლატფორმა შეიქმნა, რომელიც ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, ფიზიკური ძალისხმევის გარეშე გამოიმუშავოს თანხა, კონკრეტული მატერიალური ღირებულების მქონე ერთეული, რომელიც შემდეგ შეუძლია აქციოს ან სულაც არ აქციოს – ჩვეულ ფიზიკურ ფულად. ბუნებრივია, ასეთი ფენომენის გაჩენას, მოჰყვება შესაბამისი სოციოლოგია და შეცვლილი სოციალური ურთიერთქმედება, რომელიც ადამიანების ცხოვრებას მნიშვნელოვანწილად უკვე ცვლის და წინ კიდევ უფრო მეტი ცვლილება გველის.

ჩემ გარემოში, ბევრი ადამიანია დაკავებული ციფრული ეკონიმიკის ამ ახალწარმოქმნილი ფენომენებით, რომლებთანაც ხშირად ვსაუბრობ ამ საკითხზე და ვცდილობ დავადგინო, თუ რა სარგებელს ქმნის ეს გენერირებული კოდი, რომელთაც ელემენტარული ქმედება მოჰყვება და რომელშიც “უხდიან”… ამ დრომდე რაიმე ლოგიკური ახსნა ვერ მოვუძებნე აღნიშნული აპლიკაციებისა თუ თავად კრიპტოვალუტის გამომმუშავებელი პროგრამების/ტექნიკის მიერ გენერირებულ მონაცემს. თითქოს ის არაფერს ემსახურება და არანაირი შინაარსობრივი დატვირთვა არ აქვს თუმცა, შეუძლებელია ეს ასე იყოს და არ იქმნებოდეს დოვლათი, რომელიც გარკვეულ სარგებელს წარმოადგენს ან ვიღაცისთვის, ან რაღაცისთვის.

კარგად რომ ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს, აღმოვაჩენთ, რომ ამ ეტაპისთვის, ერთი, რასაც აკეთებს ეს ყველაფერი არის ის, რომ იხარჯება უზარმაზარი ენერგია. ენერგია, რომელიც გენერირდება ჯერ კიდევ მოპოვების ჩვეული ტექნოლოგიებით და მთელი სარგებელი რომელიც იქმნება, მიდის ენერგო რესურსების მომპოვებელ და კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებში. როდესაც ვუყურებ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ტემპებს მთელს დედამიწაზე, კიდევ უფრო ლოგიკური ხდება ის ინტუიციური მოსაზრება, რომ კაცობრიობის ისტორიის ეს პერიოდი, გარდამავალია და მისი გარდამავლობა მდგომარეობს იმაში, რომ მატერიალურ ღირებულებებს, რომელიც ახლა ქმნის ნებისმიერი ფულის ღირებულებას – ტექნოლოგია ჩაანაცვლებს.

მაგალითსთვის, ნებისმერი ფულადი ერთეულის საფუძვლად ახლა ოქრო და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი დგას. უახლოეს მომავალში კი ოქროს – ენერგიის მოპოვების ეფექტური ტექნოლოგია და კლიმატური მოცემულობა შეცვლის, რომელიც მშპ-ს ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.

თუ კარგად დავუკვირდებით დღევანდელი მეცნიერების პოპულარობის ინდექსს, აქაც იგივეს აღმოაჩნეთ – დღეს ყველაზე მეტი რესურსი იხარჯება ფიზიკაში, რომელმაც უნდა მიაგნოს, როგორც ენერგიის მოპოვების ეფექტურ ტექნოლოგიას, ისე კომპიუტერული ტექნიკის მაღალგანვითარებულობას.

შესაბამისად ზემოთქმულისა, თუკი მომავალის ინვესტიციას გეგმავთ და ფიქრობთ რომელ სფეროს მიენდოთ, ალბათ უპრიანი იქნება ეს ფაქტორები რაც ამ სტატიაშია მოცემული გაითვალსწინოთ და გრძელვადიანი ინვესტიცია ისეთ კომპანიაში ან პროფესიაში გააკეთოთ, რომელიც ზემოაღნიშნული ტექნოლოგიების დახვეწა-შექმნაზე მუშაობს ახლა…

ისე კი, ძალიან საინტერესო მომავალი გველის წინ. გადაივლის ეს არქაული მიწის მიტაცება, გავლენის ზონების მოპოვება, ხოცვა-ჟლეტვის ეპოქა და გადავალთ მოცემულობაში, რომელიც დედამიწის მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, მაღალ მატერიებზე მსოფლმხედველობის დაფუძნების შესაძლებლობას მისცემს.

ასეთი დასკვნის საფუძველს, წმინდად მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდის პრაქტიკულობა მაძლევს, რომელსაც სულ რამდენიმე ათეულ წელში, მიმდინარე საუკუნის 30-იან წლებში უნდა მივაღწიოთ წესით. თუმცა, ენერგიის მოპოვების ტექნოლოგია ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ იქნება ისეთი ხარისხის, რომელიც სრულად გამორიცხავს ახლანდელს, მაგრამ იმაზე მეტად ახლოს ვიქნებით მაგალითად “ცივ ბირთვულ სინთეზთან”, ვიდრე ახლა ვართ!

მოკლედ, ფაქტია, რომ ეკონომიკის ის ფორმაცია, რომელიც ახლა ჩვენთვის არის ჩვეული, დასასრულს უახლოვდება და წინ ახალი ტექნოლოგიები გამოდიან. ტექნოლოგიები, რომლებიც აქამდე კაცობრიობას არ ჰქონია და არც მათიგამოყენების მექანიზმებია ცნობილი მაგრამ, ერთი რამ კი ცხადია – მომავალი იმაზე მეტად ციფრულია, ვიდრე ეს ჩვენ ახლა, ამ გადმოსახედიდან წარმოგვიდგენია და ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად შევქმნით ტექნოლოგიას, რომელიც ადამიანებს უწყვეტი და იაფი ენერგიით უზრუნველყოფს.

პ.ს. ასეთ საკითხებზე ფიქრისას, სულ მიჩნდება მომავლის ნოსტალგია, რომელიც მილიონ კითხვას ბადებს – როგორი იქნება სოციოლოგია, ემოცია. რას დაეფუძნება ურთიერთობები, როგორი იქნება ოჯახის კონსტრუქცია, შემოქმედება თავისი ყველა შესაძლო გამოვლინებით. კოსმოლოგია და ესტროფიზიკა.

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share