საქართველოდან უკრაინაში ექსპორტი იზრდება – ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებმაც ომში მყოფ ქვეყანაში ყველაზე მეტი პროდუქცია შეიტანა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2022 წლის ივლისში უკრაინაში 43,95 მლნ დოლარის პროდუქცია გავიტანეთ, რაც წინა თვის მაჩვენებელზე, 22,37 მილიონზე, თითქმის ორჯერ მეტი, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 27,9 მლნ დოლარზე კი 57,4%-ით მეტი. ექსპორტი აღემატება პანდემიამდელ 2019-ის მაჩვენებელსაც, მაშინ ივლისში უკრაინაში 19,859 მლნ დოლარის პროდუქტი გავყიდეთ.

მეტიც, საქსტატზე განთავსებული მონაცემებით, მინიმუმ, 2009 წლიდან მოყოლებული ერთ თვეში საქართველოდან უკრაინაში ექსპორტი ასეთი მოცულობის არასდროს ყოფილა, რაც, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ ომის წამოწყების შემდეგ გლობალურად ფასების ზრდასთანაა დაკავშირებული.

მიუხედავად ივლისში ზრდისა, მიმდინარე წლის 7 თვის მთლიანი მაჩვენებელი, 130.85 მილიონი აშშ დოლარი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, 165.77 მილიონს, 21%-ით ჩამორჩება.

,,ბიზნესპრენიუსი” გთავაზობთ ტოპ 10 კომპანიას, რომელმაც საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის ივლისში საქართველოდან უკრაინის მიმართულებით ყველაზე დიდი რაოდენობის პროდუქცია გაიტანა:

სს რუსთავის აზოტი – კომპანიის რეგისტრაციის თარიღად 2016 წელია მითითებული. სააქციო საზოგადოებას აქციონერთა კრება მართავს, დირექტორი კი, ეფრემ ურემაშილია.

შპს ნიკა – წილის 100%-ს ანა თორაძე ფლობს. კომპანია 2014 წელს არის რეგისტრირებული. საქმიანობის სფერო კი, პოლიეთილენის გრანულებით ვაჭრობა, პოლიეთილენის ფირებით ვაჭრობა და ტარა, შესაფუთი მასალებით ვაჭრობაა.

შპს აიდიეს ბორჯომი საქართველო – კომპანიის წილის 100%-ს ნიდერლანდებში დაფუძნებული შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯის კომპანი ფლობს. აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრიანაში შეჭრის შემდეგ გამოწვეული სანქცირებული კომპანიების სიაში, „ბორჯომი“ რუსეთის მოქალაქე მფლობელის გამო გახდა. რის შემდეგაც, აქციები საქართველოს მთავრობამაც შეისყიდა.

შპს ბი თუ ბი – კომპანია 2017 წელს დარეგისტრირდა. წილის 100%-ს ნინო გველესიანი ფლობს.

შპს ეი-ბი-ეფ – წილის 33.3%-33.3%-ს ფლობენ იოსებ იმნაძე და გიორგი შანიძე, 8.3-8.3%-ს ლიზი დავითაშვილი და ივანე დავითაშვილი. 16.6%-ს კი, გიორგი დავითაშვილი. კომპანია, 2008 წელს დარეგისტრირდა.

კავკასიის ავტოიმპორტი – წილის 27.9%-ს ლევან სურგულაძე ფლობს, თუმცა წილის მმართველი საქართველოსა და აშშ-ს ორმაგი მოქალაქე, გიორგი სურგულაძეა. 34%-ის მფლობელია, იგივე ადამიანი გიორგი სურგულაძე. 27.2%-ს ფლობს გიორგი გულაშვილი. 10%-ს კი, დავით გულაშვილი. კომპანია 2004 წელს დარეგისტრირდა.

კახური ტრადიციული მეღვინეობა – წილის 100%-ს ზურაბ ჩხაიძე ფლობს. კომპანია 2001 წელს დაარსდა.

შპს ტიფლისიდისტილერი TIFLISIDISTILLERY – წილის 50%-ს დავით თოფურიძე ფლობს, 50% კი, ამირან ჯიბუტი.

ტესტა პეტროლიუმი – კომპანია 2019 წელს დაარსდა და წილის 100%-ს იოსებ მეგრელაძე ფლობს.

შპს ჯორჯიან მანგანეზი – 100% წილს ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ, ფლობს. კომპანიას კი სამეთვალყურეო საბჭო მართავს, რომელიც 3 წევრისაგან შედგება: გიორგი კაპანაძე, მარიამ ლაშხი და ალექსანდრე მელაძე.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share