ნოე ივლიანეს ძე სარჯველაძე-გურული სიმღერების დიდოსტატი.
დაიბადა 1884 წელს, ლანჩხუთის რ-ის სოფ. ჩოჩხათში, მრავალშვილიან ოჯახში.
შვიდი წლის იყო ნოე, როცა მისი მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ ქ. ფოთში, სადაც ის გაიზარდა, მიიღო სასკოლო განათლება და იქვე დაეუფლა დალაქის პროფესიას.
გურული სიმღერებისადმი სიყვარული ნოეს ოჯახში ჩამოუყალიბდა. მისი მშობლები და და-ძმები(ორი ძმა და სამი და) ყველანი მღეროდნენ.
ნოეს მეუღლე გახლდათ ლანჩხუთელი მარიამ წილოსანი, რომელთანაც დაოჯახების შემდეგ იგი საცხოვრებლად გადავიდა ლანჩხუთში, დასახლდა აგარაკის უბანში, დღევანდელ ნათლისმცემლის ქუჩაზე. ნოეს და მარიამს ეყოლათ ხუთი შვილი: გოგი, ილია, მიხეილი, ფაცია და ნინო,რომლებიც ასევე გამოირჩეოდნენ გურული სიმღერების სიყვარულითა და შესრულებით.
ნოე სარჯველაძე მღეროდა ლანჩხუთის სარაიონო გუნდში, რომლის წევრები იყვნენ: ილიკო მორჩილაძე(გუნდის ხელმძ.)იროდი ასათიანი,ნიკოლა ცინცაძე,გიტო ლომაძე,ისაკი ურუშაძე, ლავრენტი ჩხარტიშვილი, მოსე გორგილაძე და სხვები. აღნიშნულ გუნდს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოში სახელგანთქმულ ერქომაიშვილისა და ჩავლეიშვილის გუნდებთან, რომლებთანაც სისტემატიურად ატარებდნენ ერთობლივ კონცერტებს.
ნოე საკმაოდ კარგი გარეგნობის კაცი იყო. ის და მისი ოჯახის წევრები გამოირჩეოდნენ ევროპული ჩაცმულობით. იმ დროს შემოსავლიანი პროფესიის წყალობით, მას საკმაოდ გამართული ოდა -სახლი ედგა აგარაკში, სადაც ამჟამად მისი შთამომავლები აგრძელებენ ცხოვრებას.
მიუხედავად იმისა, რომ ნოე სრულიად აპოლიტიკური პიროვნება იყო, მასაც შეეხო რეპრესიების სუსხი ავადმოსაგონარ 37-ში. პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, მას ურთიერთობა ჰქონდა სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებთან. იგი, ერთხელ, თავის სადალაქოში შესულ ერთ-ერთ ,,კლიენტს” გახუმრებია ლენინს მიგიგავს თავიო. მსგავსი გამონათქვამები, იმ ბედკრულ დროში, ხშირად ყოფილა საფუძველი ადამიანების დასჯისა და შესაძლოა ეს ყოფილიყო მიზეზი მისი დაპატიმრებისა. მისთვის მოუთხოვიათ დაესახელებინა თუ ვინ იყვნენ მის გუნდში ,,ტროცქისტები”, რაც მან არ გააკეთა , რადგან მის ირგვლივ ასეთი ადამიანების შესახებ მან არაფერი იცოდა. იგი ,, ტროცკისტობის” იარლიყით 10 წლით იქნა გადასახლებული შორეულ ციმბირში, კომის ასრ-ში, ქ. ვორკუტა-ში, სადაც დალაქად მუშაობდა. მან გადასახლებაში ყოფნის დროს ქართველ პატიმრებში ხალხურ სიმღერათა გუნდი ჩამოაყალიბა.
ნოეს, გადასახლებაში ყოფნის დროს, გარდაეცვალა უფროსი ვაჟი გიორგი, რომელიც ცხოვრობდა ქ. ფოთში, პროფესიით იყო აგრონომი, მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. იგი ტრაგიკულად დაიღუპა კაბელური იარაღიდან შემთხვევით გასროლილი ტყვიით. ნოეს შუათანა ვაჟი ილიკო, ბათუმის საზღვაო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ,სწავლობდა ლენინგრადის საინჟინრო აკადემიაში , საიდანაც გარიცხული იქნა ,,син троцкиста”- ს ბრალდებით. ნოეს ხუთივე შვილიდან, მხოლოდ უნცროსმა ვაჟმა, მიხეილმა ვერ მოასწრო უმაღლესი განათლების მიღება. მას, 1939 წ, 18 წლის ასაკში სავალდებულო სასწავლებელში გაწვევის შემდეგ, სამამულო ომმა მოუსწრო და 1942-ში ქერჩში დაიღუპა იგი.
1947 -ში დაბრუნდა ნოე გადასახლებიდან, ისევ გააგრძელა მუშაობა დალაქად, თუმცა სარაიონო გუნდში სიმღერა აღარ გაუგრძელებია. გადასახლებიდან ახლად დაბრუნებული ნოე დაიბარა მაშინდელმა რაიკომის მდივანმა ხიტირმა და სთხოვა რაიონის ხალხური სიმღერის გუნდს ჩასდგომოდა სათავეში, რაზეც ნოემ უარი განაცხადა და მდივანს უთხრა: ,, მე ბიძია მაგას არ გაკადრებ, მარა 10 წელი გაჩერდი იქ, სადაც მე ვიყავი და როცა ჩამოხვალ ნახავ რა სიმღერის ხასიათზე დადგებიო”- რაზედაც რაიკომის მდივანმა ბოდიში მოუხადა მას.
მართალია ნოე გუნდში აღარ მღეროდა, მაგრამ სიმღერა მისი თანამგზავრი იყო სიცოცხლის ბოლომდე. მღეროდა ოჯახში თავის ოჯახის წევრებთან ერთად,სტუმრებთან სადღესასწაულო სუფრებზე და ა.შ.
სიმღერისადმი სიყვარული გაგრძელდა მის მემკვიდრეებშიც. მისი სახელის მოზიარე ნოე სარჯველაძე (ჯუნგლი) არაჩვეულებრივად მღეროდა როგორც ხალხურ სიმღერებს, ასევე სხვადასხვა ქართულ მელოდიებს გიტარაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ნოე სარჯველაძის შთამომავლებს ქალიშვილ ნინოს მხრიდან, რომლის მეუღლეც გახლდათ ცნობილი თეატრის მხატვარი ვანო ასკურავა, ოთხს კლასიკური მუსიკალური განათლება აქვს მიღებული: ნანა, მეგი ასკურავებს, შვილთაშვილს გიორგი ჟორდანიას(ნანას ვაჟი) და მის ქალიშვილს სალომე ჟორდანიას.
გიორგი ჟორდანია , აშშ-ში მოღვაწე ცნობილი დირიჟორის, ვახტანგ ჟორდანიას ვაჟია.იგი წლების განმავლობაში იყო ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. ამჟამად გიორგი აშშ-ში მოღვაწეობს,უძღვება მამის, ვახტანგ ჟორდანიას სახელობის ორკესტრს და ატარებს მისი სახელობის ფესტივალებს.
გიორგის ქალიშვილი სალომე , ასევე წარმატებული პიანისტია. მან დაამთავრა ბერკლის უნივერსიტეტი ფორტეპიანოს განხრით და არის რამდენიმე საფორტეპიანო კონკურსის ლაურეატი.
ნოე სარჯველაძე 99 წლის ასაკში გარდაიცვალა 1973წ.
სტატია მომზადდა ნოე სარჯველაძის რძლის, მუსიკის პედაგოგის, ლენი ასათიანის მოგონების საფუძველზე.
ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი