კადიროვს ერთი დარტყმით ასამდე მებრძოლი გამოუყვანეს მწყობრიდან

ფოტო: რამზან კადიროვი თავისი პირადი “არმიით” ძალზე ამაყობს და უკრაინის “დასაპყრობად” გზავნის. შესაბამისად, “კადიროველები” უკრაინის არმიისთვის უპირველეს გასანადგურებელ სამიზნეს წარმოადგენენ

ასეთი დიდი ერთდროული დანაკარგი “კადიროველებს”, ჩეჩნეთიდან უკრაინის ფრონტზე გადასროლილ რამზან კადიროვის “პირადი არმიის” მებრძოლებს, ჯერ არ ჰქონიათ.

რამზან კადიროვის ოდიოზური ფიგურიდან გამომდინარე, რომელიც საჯარო ანტიუკრაინული გამოსვლებით თვით ყველაზე ცნობილ უკრაინაფობ ტელეწამყვან სოლოვიოვსაც კი ჯობნის, დიდ ინტერესს იწვევს უკრაინასთან ომში გაგზავნილი “კადიროვის მებრძოლების” მოქმედებები.

ზოგი მათ “ტიკ-ტოკის” მეომრებად მოიხსენიებს, რადგან სოციალურ ქსელებში არაერთხელ გაავრცელეს დადგმული ბრძოლების ჩანაწერები, როდესაც გამანადგურებელ ცეცხლს უხსნიან საცხოვრებელ კორპუსებს, სადაც მოწინააღმდეგე არც იყო, სამაგიეროდ ვიდეოში ხომ ეფექტურად მოჩანს ავტომატებისა და ტყვიამფრქვევების ჯერებით სროლა.

ზოგიც კადიროვის მებრძოლების მოქმედებას მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა ენ-კა-ვე-დეს გადამღობი რაზმების ტაქტიკას ადარებს, როდესაც ზურგში განლაგდებოდნენ და ფრონტის ხაზიდან გამოქცეულ თავისივე ჯარისკაცებს ტყვიამფრქვევების ცეცხლით სხეპდნენ…

ასეა თუ ისე, რუსეთ-უკრაინის ომში რამდენიმე ათასი “კადიროველია” და ამ ფაქტორის გათვალისწინება უწევს უკრაინის არმიის სარდლობას. უფრო მეტიც, ჩეჩნეთიდან უკრაინაში გაგზავნილ მებრძოლებზე უკრაინელ სამხედროებს, ასევე ინტერნაციონალური ლეგიონის წევრებს, მათ შორის ქართველებსაც, წერტილოვანი “ნადირობა” აქვთ გამოცხადებული.

24 ოქტომბრის საღამოს ხერსონის ოლქის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში სწორედ ასეთი “ნადირობის” წარმატებული შედეგი დაიდო – სკოლის შენობა ნაწილობრივ დაანგრია უკრაინელების “საჩუქარმა”, სავარაუდოდ, “ჰაიმარსის” მართვადი რაკეტის ზუსტმა “სტუმრობამ”.

samx3-1667144666.jpg
ფოტო: უკრაინული “ჰაიმარსის” ზუსტი მოხვედრით დანგრეული შენობა, რომელშიც, სავარაუდოდ, 40-მდე “კადიროველი” დაიღუპა, ასზე მეტი კი დაიჭრა…

 

თვით ფაქტი, რომ რაკეტა სკოლის შენობას მოხვდა, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, თუმცა ის, რომ ამ სკოლის შენობიდან რუს ოკუპანტებს მოსწავლე-მასწავლებლები დიდი ხნის გამორეკილი ჰყავდათ და იქ თავიანთი ბაზა ჰქონდათ მოწყობილი, ყველაფერს კარდინალურად ცვლის.

უკრაინელების სარაკეტო დარტყმით ნახევრად დანგრეული ორსართულიანი შენობიდან გამოყვანილი კონტუზირებული სამხედროები ვიდეოკამერის წინ ხარობენ გადარჩენას. ეჭვს არ იწვევს, რომ ისინი “კადიროველები” არიან.

მაგრამ ვიდეოში გამოჩენილი ხუთიოდე კონტუზირებული “კადიროველის” გარდა, იმ შენობაში იმყოფებოდა კიდევ ასზე მეტი ოკუპანტი, რომლებიც ე.წ. ნავთობპოლკს – ნავთობგაზის კომპლექსის ობიექტების არასაუწყებო დაცვის “როსგვარდიის” ჩეჩნეთის სამმართველოს პოლიციის პოლკს წარმოადგენდნენ.

უკრაინელების წინასწარი მონაცემებით, ზუსტი სარაკეტო დარტყმის შედეგად შენობაში განადგურდა 40-მდე “კადიროველი”, ასზე მეტი კი დაიჭრა.

გავიდა რამდენიმე დღე და ბევრისთვის მოულოდნელად თავად რამზან კადიროვმა კბილებში გამოცრით აღიარა, რომ 24 ოქტომბრის წერტილოვანი სარაკეტო დარტყმის შედეგად ხერსონის ოლქის სოფელ კაირის იმ შენობაში (რომელიც მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს), დაიღუპა მისი 24 მებრძოლი, 58 კი დაიჭრა, მათგან ოთხი – მძიმედ…

იმ ფაქტით, რომ უკრაინელებმა ერთი დარტყმით ერთდროულად ამდენი მებრძოლი გაუნადგურეს და დაუჭრეს, გამძვინვარებულმა რამზან კადიროვმა უკრაინას “ჯიჰადი” გამოუცხადა და “ყველა ნამდვილ მუსლიმანს მოუწოდა უკრაინელების წინააღმდეგ საღვთო ომში ჩაბმისკენ”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share