რუსი ბიზნესმენი და ვაგნერის დაჯგუფების ლიდერი ევგენი პრიგოჟინი აღიარებს, რომ ის აშშ-ის არჩევნებში ჩაერია და ამბობს, რომ ამას მომავალშიც გააგრძელებს.
“ჩვენ ჩავერიეთ [აშშ-ის არჩევნებში], ვერევით და გავაგრძელებთ ჩარევას. წინდახედულად, ზუსტად, ქირურგიულად და ჩვენებურად, როგორც შეგვიძლია”, – თქვა მან.
საკითხთან დაკავშირებით გუშინ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერს ჰკითხეს. კარინე ჟან-პიერის თქმით, ეს განცხადება ახალი არ არის და არჩევნების წინ მსგავსი განცხადებების გაკეთება რუსეთის მცდელობაა შექმნას ყალბი ისტორია მისი წარმატების შესახებ.
“ეს არაფერს ახალს არ გვეუბნება, როგორც ყველამ ვიცით. კარგად ცნობილი და საჯარო სივრცეებში დადასტურებულია, რომ ევგენი პრიგოჟინთან ასოცირებული სუბიექტები ცდილობდნენ გავლენა მოეხდინათ არჩევნებზე მთელ მსოფლიოში, მათ შორის შეერთებულ შტატებშიც.
შეერთებული შტატები მუშაობდა რუსეთის მავნე გავლენის მცდელობების გამოსავლენად და დასაპირისპირებლად. ასე რომ, ევგენი ცნობილი ცუდი მსახიობია, რომელიც სანქცირებულია შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს და ასევე ევროკავშირის მიერ.
ჩვენ ასევე ვიცით, რომ რუსეთის ძალისხმევის ნაწილი მოიცავს ნარატივების პოპულარიზაციას, რომლებიც მიზნად ისახავს ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას და დათესოს განხეთქილება და უთანხმოება. გასაკვირი არ არის, რომ რუსეთი ხაზს უსვამს მათ მცდელობებს და გაყალბებას – ამზადებს ისტორიას მათი წარმატებების შესახებ არჩევნების წინა დღეს”, – თქვა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, 8 ნოემბერს აშშ-ში წარმომადგენელთა პალატის არჩევნები გაიმართება.